მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შემცირდა თბილისში მშენებლობის ნებართვების გაცემა - არქიტექტურის სამსახურის განმარტება

მშენებლობა

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ თბილისში მშენებლობის ნებართვების შემცირება მათ შორის გასულ პერიოდში შედარებით დიდი მოცულობით გაცემულ ნებართვებს უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაცემული ნებართვების ფართობი ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება. შემცირების ტენდენციით ხასიათდება გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობაც.

როგორც თემურ ბოლოთაშვილმა BMG-ის განუცხადა, გასულ წლებში დედაქალაქში დაუმთავრებელი მშენებლობების და ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის მიმართულებით დიდი მოცულობით ნებართვები გაიცა, შესაბამისად, უკვე მიმდინარე პერიოდში სტატისტიკაში კლება ჩანს. მისი თქმით, წლიურ ჭრილში დედაქალაქში გაცემული ნებართვების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არაა.

„გაცემული ნებართვების რაოდენობა მცირედით იკლებს, 2022 წლის პერიოდიდან რაოდენობა მცირდება, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით გაცემული ნებართვების ჯამურ კვადრატულ ფართობზე. 2025 წელს მცირედით კლება იყო, თუმცა გაცემული ნებართვების ფართობი 3.5 მილიონ კვადრატულ მეტრამდე მაინც მერყეობს. ხუთწლიან ჭრილში თუ შევხედავთ, პირიქით, გაზრდილი არის. უბრალოდ, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორ წელში ძალიან ბევრი სოციალური პროექტი განვახორციელეთ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით გავეცით რაღაც რაოდენობა ნებართვები, ასევე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით, ავარიული შენობების [განახლება] დავიწყეთ ზუსტად ამ ორი წლის განმავლობაში და ამან გარკვეული მცირედი ცვლილებები გამოიწვია.

დღეს უკვე სტაბილურდება. სავარაუდოდ წელსაც იქნება მცირედით შემცირებული რაოდენობები, თუმცა ეს არ აისახება კვადრატულ მეტრებში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სხვადასხვა პროგრამებით კიდევ ვაგრძელებთ ინტენსივობის გადამეტებას კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიზნით, სადაც, რა თქმა უნდა, ურბანული გარემო იძლევა ამის საშუალებას“, - განაცხადა თემურ ბოლოთაშვილმა.

ცნობისთვის, 2026 წლის იანვარ-აპრილში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა წლიურად 32.3%-ით შემცირდა და 44 ერთეული შეადგინა (გასული წლის 4 თვეში 65 ნებართვა გაიცა).

ამავე პერიოდში, ნებართვებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობი 40.0%-ით შემცირდა და 352,000 კვ.მ.-ს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 587,000 კვ.მ. იყო).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები