2024 წლის მეოთხე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა 2.3%-ით გაიზარდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.
უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვარტალში ქვეყანას 3.1%-იანი ზრდა ჰქონდა, ანუ მესამე კვარტალთან შედარებით ზრდის ტემპი მცირედით შემცირებულია, თუმცა, საერთო ჯამში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკა სტაბილურ ზრდას აფიქსირებს და ის 2.8%-ს შეადგენს.
ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება ადგილობრივი მოხმარების კლებამ და შემცირებულმა ინვესტიციებმა გამოიწვია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მეოთხე კვარტალში აშშ-ის ზოგიერთ შტატში მასშტაბურ ხანძრებს ებრძოდნენ და ზოგში - ყინვასა და უამინდობას, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა.
უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებით ანალიტიკოსებს ნეგატიური მოლოდინები აქვთ და ფიქრობენ, რომ სავაჭრო ბარიერების შემოღება, საბოლოო ჯამში, ამერიკელ მომხმარებელს დააზიანებს და ქვეყანაში ინფლაციას დააჩქარებს.




























