ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა ამბიციურ პროექტზე – თვითმართვად ავტომობილზე მუშაობა შეწყვიტა. პროექტი „ტიტანი“, რომელზეც კომპანია თითქმის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, 10 მილიარდი დოლარი დაჯდა და მისგან Apple-ს არავითარი სარგებელი არ მიუღია.
პროექტის ასეთი გაჭიანურება ელექტრომობილის წარმოების კომპლექსურობით და იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ Apple-ს ისტორიაში პირველი თვითმართვადი ავტომობილის შექმნა სურდა, რომელსაც მძღოლი არასოდეს დასჭირდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო ათი წლის განმავლობაში ავტოპილოტის ტექნოლოგია იმ ტემპით ვერ განვითარდა, რისი მოლოდინიც Apple-ში თავდაპირველად ჰქონდათ.
გადაჭარბებული მოლოდინის მსხვერპლი გახდა თავად ინდუსტრიის პიონერიც. ცხადია, საუბარი გვაქვს Tesla-ზე, რომელსაც 2020 წლისთვის უპილოტო ავტომობილი მზად უნდა ჰყოლოდა, თუმცა ახლა 2024 წელია და ავტოპილოტი ჯერაც მხოლოდ დამხმარე მოწყობილობის ფუნქციას ასრულებს და მის დამოუკიდებლობაზე საუბარი ნაადრევია.
რატომ არის ასეთი რთული ავტოპილოტის შექმნა? – საქმე ისაა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანზე გაცილებით უფრო სწრაფად შეუძლია რეაგირება და ის ყურადღებას არასოდეს ადუნებს, თუმცა მას პრობლემები ეწყება მაშინ, როდესაც მან სხვა ადამიანების ქმედებები და ფსიქოლოგია უნდა გამოიცნოს.
ასევე, ჯერაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება ისეთ გზებზე ოპერირება, სადაც ზოლები არ არის დახაზული, ან გზის საფარი არაოპტიმალურია ან საგზაო ვითარება დრამატულად იცვლება. ასეთ შემთხვევაში ავტოპილოტი საჭეს ისევ მძღოლს უბრუნებს, რადგან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს, ასე კი უმძღოლო ავტომობილის გამოშვება ვერ გამოვა.
თავდაპირველად, ინდუსტრიის წარმომადგენლებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ მონაცემების დამუშავებასთან ერთად AI იმდენად დაიხვეწებოდა, რომ ის ავტომობილის მართვაში ადამიანებს აჯობებდა, მაგრამ ისე გამოვა, რომ ყოველ გავლილ კილომეტრთან ერთად ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტად დაიბნა ადამიანების არაპროგნოზირებადი ბუნებით.
Apple Car-ის პროექტის ჩავარდნის პირველი პრობლემა იდენტიფიცირებულია - ავტოპილოტი მზად არ არის და არც ხვალ იქნება. ზეგ, შესაძლოა, იქნეს.
მეორე პრობლემა ელექტრომობილის წარმოებას უკავშირდება. პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის პირველი ავტომობილი თავიდანვე ელექტრომობილად იყო დაგეგმილი და სხვა ვერსია არც განიხილებოდა. თავად ელექტრომობილის შექმნა რთული არ არის, ამას ისიც ცხადყოფს, რომ ამჟამად ბაზარზე 100-ზე მეტი ელექტრომობილია ხელმისაწვდომი და თითქმის ყოველ კვირა ახალი სტარტაპი ფუძნდება.
Apple-ს ფინანსურად ნამდვილად არ უჭერს, ეს თითქმის $3-ტრილიონიანი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიაა, რომელსაც შეუძლია ცნობილი ავტომწარმოებელი კომპანიები პირდაპირ შეისყიდოს, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. როგორც ცნობილია, პროექტის საწყის ეტაპზე Apple-ში აქტიურად განიხილავდნენ Tesla-ს შესყიდვას; ასევე საუბარი იყო კორეული Hyundai-KIA-ს შეძენაზე. მარტივად რომ ვთქვათ, თუ Apple-ს ელექტრომობილის შექმნა მოუნდებოდა, მას შეეძლო რომელიმე ავტომწარმოებელი კომპანია პირდაპირ შეესყიდა თავისი აქტივების, თანამშრომლებისა და ქარხნების ჩათვლით.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პრობლემა ეს არ იყო. პრობლემა ისაა, რომ ელექტრომობილებს ის არ შეუძლიათ, რისთვისაც შეიქმნენ - ცხოვრების გამარტივება. ობიექტურად თუ შევაფასებთ, ელექტრომობილებს ჰიბრიდულ ავტომობილებთან შედარებით არანაირი პირდაპირი უპირატესობა არ აქვთ, თუმცა, ამის ფონზე, პრობლემების სიუხვეს არ უჩივიან. არასაკმარისი მანძილით დაწყებული, წონით, არამდგრადობითა თუ დამუხტვის დროით დამთავრებული, ელექტრომობილებს იმდენი ფუნდამენტური პრობლემა აქვთ, რომ მათ გადაჭრას თავად Apple-იც კი ვერ გასწვდებოდა.
დავუშვათ, რომ Apple-ს ასობით მილიარდი დოლარი ჩაესხა ამ პროექტში და როგორღაც ეს ფუნდამენტური პრობლემები გადაეჭრა. რა იქნებოდა ასეთი თვითმართვადი ელექტრომობილის ფასი? აქ უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ Apple-ის არსებობის ერთადერთი მიზანი მოგების მიღებაა და არც კაცობრიობისთვის ქველმოქმედების გაწევა. თუკი Apple-ის ელექტრომობილი 150,000 – 200,000 დოლარზე ძვირი ეღირებოდა, ის კონკურენციაში აღმოჩნდებოდა Porsche-სთან და ინდუსტრიის სხვა ტიტანებთან, რომელთაც ზურგს ისტორია, მიღწევები და რეკორდები უმაგრებთ. ასეთ კომპანიებთან კონკურენციის გაწევა მარტივი ნამდვილად არ არის და ამას Lucid Air-ის მაგალითიც ცხადყოფს, რომელიც შესანიშნავი ელექტრომობილია, რომელიც არავის აინტერესებს.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Apple-მა ელექტრომობილის პროექტი შემდეგი გადაუჭრელი პრობლემების გამო მოკლა:
- ავტოპილოტის ტექნოლოგია არ არის მზად;
- მძღოლის გარეშე ავტომობილის გადაადგილება აკრძალულია;
- ავტოპილოტის შექმნა ძვირია;
- ელექტრომობილის წარმოება რთულია;
- ელექტრომობილის მაქსიმალური მანძილი შეზღუდულია;
- ელექტრომობილის დამუხტვას დიდი დრო სჭირდება;
- დამტენები საკმარისი რაოდენობით არ არის ხელმისაწვდომი;
- ელექტრომობილის ბატარეა არამდგრადი მეთოდებით იწარმოება;
- ბატარეების გადამუშავება არ ხდება, რაც ბუნებისთვის საზიანოა;
- დიდი ბატარეა დიდ წონასთან და მოუქნელობასთანაა დაკავშირებული;
- პრობლემების მოგვარებას ფული უნდა, პროექტის გაძვირება კი ელექტრომობილის ფასის ზრდას გამოიწვევს;
- მაღალ საფასო კატეგორიაში მომხმარებლებს გამორჩეული მართვის გამოცდილების მიღება სურთ, რაც უპილოტო ელექტრომობილს უბრალოდ არ აქვს;
- ავტოინდუსტრიაში Apple-ს არ აქვს ისტორია და პრესტიჟი;
- პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლები სენტიმენტებს აფასებენ, რაც Apple-ს არ აქვს;
- ძვირი ელექტრომობილი შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება, რაც პროექტს კომერციულად გაუმართავად აქცევს;
- იაფი ელექტრომობილი ყველა ზემოხსენებულ პრობლემას ვერ გადაჭრის;
- არასრულყოფილი, სანახევროდ მომზადებული პროდუქტის გამოშვებას Apple-ი ვერ დაუშვებს.