ჩინეთის მთავრობამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანამ მთელ მსოფლიოს შეუჩერა იშვიათი ელემენტების, მათ შორის: დისპროსიუმის, იტრიუმის, ტერბიუმის და სკანდიუმის ექსპორტი. ეს ელემენტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ელექტრომობილების, სმარტფონების, თვითმფრინავებისა და თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის და თან, ჩინეთი ამ ელემენტების გლობალური მიწოდების დაახლოებით 90%-ს აკონტროლებს, რაც მას კოლოსალურ სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს.
მმართველი კომუნისტური პარტიის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომს უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ იშვიათი მინერალების ექსპორტის შეზღუდვა აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან აქამდე აშშ-ის მომარაგებას 100%-ით ჩინეთი უზრუნველყოფდა, ახლა კი ამერიკული ინდუსტრიული კომპლექსი მიმწოდებლის გარეშეა დარჩენილი, ჩინეთის მყისიერად ჩანაცვლება კი ფაქტობრივად შეუძლებელია.
სანქციის მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ ამოქმედების მიზეზს რაც შეეხება, ამ გადაწყვეტილებით ჩინეთი არა მარტო ზღუდავს გლობალური ბაზრისთვის მინერალების მიწოდებას, არამედ არსებულ რესურსებზე ფასებს კოლოსალურად ზრდის, რაც ორმაგ სანქციას წარმოადგენს, რადგან ახლა სახელმწიფოებს ლიმიტირებული მარაგის კოლოსალურ ფასად ყიდვა მოუწევთ, ეს კი მოლაპარაკების მაგიდასთან ჩინეთს კიდევ ერთ დიდ ბერკეტს აძლევს.