საავიაციო ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Boeing-მა აშშ-ის მთავრობას სთხოვა, ჩაერთოს საქმეში და ევროკავშირის მხრიდან Airbus-ისთვის €3 მილიარდის ($3.43 მლრდ.) დაფინანსების პროექტი შეაჩეროს. მსხვილმა კორპორაციამ ოფიციალური მოთხოვნით აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ ჯეიმისონ გრირს უკვე მიმართა.
Reuters-ის ცნობით, Boeing-ს არ მოსწონს ფაქტი, რომ ევროპული მხარე ორი ავიაგიგანტის მრავალწლიან დაპირისპირებაში ერევა და კომპანიის სამომავლო საავიაციო პროექტის დაფინანსებით მას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.
განმარტებისთვის, Airbus-იც და Boeing-იც 2021 წელს შეთანხმდნენ, რომ ახალი ტიპის თვითმფრინავის შექმნისთვის ბრძოლის მიუხედავად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფოსაგან დაფინანსებას არ მიიღებდნენ და კონკურენციას არსებულ, თანაბარ ნიშნულზე შეინარჩუნებდნენ. შესაბამისად, 2030 წლისთვის, როდესაც ამჟამინდელი გათვლებით ორივე მათგანი შეძლებს ახალი თვითმფრინავების წარდგენას, ისინი ბაზარზე თანაბარი პოზიციით გამოვლენ და დუოპოლიას შეინარჩუნებენ.
Boeing-ში შიშობენ, რომ თუ შტატების ხელისუფლება Airbus-ს სამთავრობო დაფინანსების მიღების უფლებას მისცემს, მაშინ ის ტექნოლოგიას უფრო სწრაფად განავითარებს და ბაზარზეც უფრო მალე გამოვა, ეს კი კომპანიას კონკურენტულ პოზიციას დააკარგინებს.
ამერიკული გიგანტის წარმომადგენლები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ფაქტზე, რომ €3-მილიარდინი დაფინანსების პროექტი მაშინ გაჟღერდა, როცა ორ კომპანიას შორის 2021 წელს დადებულ 5-წლიან მორატორიუმს ოფიციალური ვადა გაუვიდა და ერთგვარი ზავის გაგრძელების საკითხი გაურკვეველი პერიოდით გადავადდა.




























