ჰოლივუდის წამყვანი სტუდიები: Disney, Universal-ი და Warner Bros Discovery ჩინურ ხელოვნური ინტელექტის კომპანია MiniMax-სს უჩივიან.
კალიფორნიის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, MiniMax-ის AI მოწყობილობა Hailuo-მ გართობის ინდუსტრიის გიგანტების საავტორო უფლებები დაარღვია.
საუბარია, Darth Vader-ის, Wonder Woman-ისა და the Minions-ების პერსონაჟების ვიზუალისა და ხმის გამოყენებაზე ყოველგვარი ნებართვის გარეშე.
როგორც სარჩელში წერია, MiniMax-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაეგენერირებინათ სურათები და ვიდეოები. ამასთან, პერსონაჟების ხმებსა და ვიზუალს მარკეტინგშიც აქტიურად იყენებდა. რაც მთავარია, სტუდიების მიერ მიწერილი მოთხოვნა, MiniMax-სს საავტორო უფლებების დარღვევა შეეწყვიტა, კომპანიამ უპასუხოდ დატოვა.
რაც შეეხება შესაძლო კომპენსაციას, თუ კალიფორნიის სასამართლო Disney-სა და სხვა სტუდიების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, MiniMax-სს აღნიშნული სერვისის მომხმარებლებისთვის შეთავაზება აეკრძალება. ამასთან, მას დაევალება, საავტორო უფლებებით დაცული პერსონაჟების უკანონოდ გამოყენების პერიოდში მიღებული შემოსავალი კომპანიებს კომპენსაციის სახით დაუბრუნოს. ცალკე საკითხია, რამდენად დამორჩილდება ჩინური MiniMax-ი მოთხოვნას, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს საკითხი ჩინეთ-ამერიკას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში სასამართლოს დასრულებამდევე გადაწყდეს.




























