ამერიკის ცენტრალური ბანკის გუბერნატორთა საბჭოს წევრმა, ლისა კუკმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. გუბერნატორმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცენტრალური ბანკის 112-წლიანი არსებობის ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტმა გუბერნატორთა საბჭოს წევრის გათავისუფლების მოთხოვნა გააჟღერა.
ლისა კუკი თანამდებობაზე რჩება იმ ერთადერთი მიზეზით, რომ ფედერალური რეზერვების აქტის თანახმად, პრეზიდენტს კონგრესის ან სასამართლოს თანხმობის გარეშე გუბერნატორის გადაყენება არ შეუძლია. ესეც იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს წევრის მიმართ სამართლებრივი საფუძველი არსებობს. როგორც ცნობილია, ტრამპმა მას იპოთეკასთან დაკავშირებულ თაღლითობაში დასდო ბრალი, თუმცა ფაქტები არ წარმოუდგენია.
ახლა კუკი სწორედ ფედერალური რეზერვების აქტის საფუძველზე ჩივის. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპი ცენტრალურ ბანკში საკუთარი გავლენის გაძლიერებას გამუდმებით ცდილობს. მან რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრად შემცირებაზე ჯერომ პაუელი ვერ დაითანხმა და თუმცა პოზიციები ფინანსურ ინსტიტუტში მცირედით მაინც გაიმყარა მას შემდეგ, რაც ადრიანა კუგლერი გუბერნატორობიდან გადადგა და მის ადგილზე პირადი ეკონომიკური მრჩეველი, სტივენ მირანი წარადგინა.




























