მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი FED-ის საბჭოდან ჯერომ პაუელის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს

პაუელი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფედერალური რეზერვის მონეტარული საბჭოდან ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამინდელი წევრის, ჯერომ პაუელის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს.

პრეზიდენტის განცხადება ცენტრალური ბანკის გენერალური ინსპექტორის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მოჰყვა, რომელმაც პაუელის ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ იგი არ გადადგება, ამერიკის მთავრობამ მას კორუფციის ან არაკომპეტენტურობის გამო სასამართლოში უჩივლებს და ამ გზით გადააყენებს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი ჯერომ პაუელს FED-ის სათავო ოფისის რემონტზე გამოყოფილი ბიუჯეტის გადაჭარბებაში ადანაშაულებს. თუმცა ინსპექტორის შეფასებით, ხარჯების მკვეთრი ზრდა ინფლაციამ, შეზღუდულმა ტენდერებმა და დიზაინის ცვლილებებმა გამოიწვია და ამ ყველაფერში ბრალი პაუელს არ მიუძღვის. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული გადაცდომა არ დაფიქსირებულა და პაუელის ჩართულობა რემონტის ტენდერებში მხოლოდ ფორმალური იყო.

სიცხადისთვის, სარემონტო სამუშაოების დამტკიცებული ბიუჯეტი $2.5 მილიარდს შეადგენს, ხოლო თავად პროექტი 2027 წელს უნდა დასრულდეს. რემონტის პროექტის ბიუჯეტი არაერთხელ შეიცვალა და ტრამპი ხარჯების ზრდაში სწორედ პაუელს ადანაშაულებდა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ჯერომ პაუელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე უარის თქმის გამო აქტიურად აკრიტიკებდა. სწორედ პრეზიდენტის მოთხოვნით იუსტიციის დეპარტამენტმა FED-ის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, თუმცა ფედერალურმა მოსამართლემ მტკიცებულებების არარსებობის გამო პროცესი შეაჩერა. ამის შემდეგ კი საქმის მოკვლევა ფედერალური რეზერვის გენერალურ ინსპექტორს დაევალა, რომელმაც ასევე ვერ შეძლო პაუელის ბრალეულობის დადგენა.

უდანაშაულობის მიუხედავად, ტრამპი მაინც მოითხოვს პაუელის დაუყოვნებლივ გადადგომას, რაც, დემოკრატი სენატორების შეფასებით, პირადი უთანხმოებით არის გამოწვეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები