ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-მ ტეხასის ფედერალურ სასამართლოში Apple-ისა და OpenAI-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
xAI აღნიშნულ კომპანიებს შეთქმულების მოწყობაში ადანაშაულებს და თვლის, რომ Apple-ის მიერ ChatGPT-ს აპლიკაციებში აქტიური ინტეგრაცია კონკურენტ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. მასკის კომპანიაში მიიჩნევენ, რომ OpenAI-ს მოდელთან შედარებით Grok-ის ხილვადობა App Store-ზე შეზღუდულია.
ტეხასის სასამართლო შეტანილ სარჩელში xAI წამყვან ტექ-კომპანიებს მონოპოლისტური სქემის შემუშავებაში სდებს ბრალს და მიღებული ზარალის სანაცვლოდ მილიარდობით დოლარს ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ xAI-ს მიერ სარჩელის შეტანას წინ OpenAI-სა და Apple-ის წინააღმდეგ მასკის მიერ გაკეთებული არაერთი კრიტიკული განცხადება უძღოდა.




























