ამერიკული დოლარის გაუფასურების პროცესი ისევ გრძელდება – დოლარის ინდექსი (DXY) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, 97.5-მდე დაეცა, რაც ერთ წელიწადში 10%-იანი გაუფასურებაა და ის პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის ირგვლივ შექმნილ სამართლებრივ და პოლიტიკურ ქაოსთან.
დოლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელმაც პრეზიდენტს „საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის“ საფუძველზე ტარიფების დაწესების უფლება ჩამოართვა და მოქმედი ტარიფები ანულირებულად გამოაცხადა.
ამ გადაწყვეტილებამ ინვესტორებში გაურკვევლობა გამოიწვია, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მყისიერად სცადა ახალი, 15%-იანი გლობალური ტარიფების ამოქმედება, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნები არსებობს.
ვალუტის დასუსტებას ასევე ხელს უწყობს მზარდი საბიუჯეტო დეფიციტის შიში, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ მთავრობას შესაძლოა ტარიფებიდან უკვე ამოღებული მილიარდობით დოლარის უკან დაბრუნება მოუწიოს იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც უკანონოდ გამოცხადებული ტარიფები გადაიხადეს. თავად ეს პროცესი იმდენად რთული, ჩახლართული და ბიუროკრატიული იქნება, რომ მის შესახებ სასამართლო შეშფოთებას წინასწარ გამოხატავს.
ამას ემატება ეკონომიკური ზრდის შენელება, რადგან 2025 წლის მეოთხე კვარტლში მშპ-ის ზრდამ 1.4% შეადგინა, ნაცვლად წინასწარ პროგნოზირებული 2.8 პროცენტისა.
ექსპერტების პროგნოზით, დოლარი შესაძლოა კიდევ უფრო გაუფასურდეს და DXY ინდექსი 95.5-იან ნიშნულს ქვევით ჩამოვიდეს, თუკი სავაჭრო პარტნიორები, მაგალითად, ევროკავშირი, კანადა და ინდოეთი, საპასუხო ზომებს გაამკაცრებენ და ინვესტორები კაპიტალის როტაციას ამერიკიდან სხვა ქვეყნებში დააჩქარებენ.




























