რატომაა დაწესებული რიგითი ქართველებისთვის, ენგურის ხიდით, საწვავის გადატანაზე 20-ლიტრიანი ლიმიტი? - აფხაზეთში, კერძოდ, გალში მცხოვრები ქართველების მიერ დასმულ ან კითხვაზე პასუხების მოძიებას BMG სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისგან შეეცადა.
საქმე ის არის, რომ აფხაზეთში, ენგურის ხიდის გავლით, გაგზავნილი ასობით ტონა საწვავის ფონზე, ქართველი სამართალდამცველები, გალში მცხოვრებ ქართველებს, საწვავის გადატანაზე ლიმიტს უწესებენ.
“რატომ მზღუდავს ისევ ჩემი ქართველი, როცა აგერ ტონობით საწვავი შემოაქვთ. თუ ხმამაღლა აცხადებ, რომ მე მეხმარები, რატომ მიზღუდავ დავეხმარო საკუთარ თავს?!” - აცხადებენ გალში მცხოვრები ქართველები, რომლებიც ზუგდიდი - ენგურის ხიდის მიკროავტობუსით ხშირად გადაადგილდებიან.
საქართველოს მთავრობაში BMG-ის უთხრეს, რომ რაოდენობრივი შეზღუდვები ადრეც მოქმედებდა და ამაში სიახლე არაფერია.
სახელმწიფო უწყებებში ირწმუნებიან, რომ გარკვეული რაოდენობრივი შეზღუდვა დაწესებულია არა მხოლოდ საწვავზე, არამედ ყველა ტიპის, მათ შორის საკვებ პროდუქტზე და ეს ზღვრები დადგენილია იმის გათვალისწინებით, რა შეიძლება იყოს ერთი ადამიანის/ოჯახის საჭიროება.
“რაოდენობრივი შეზღუდვების მოქმედება ნიშნავს, რომ პროდუქტი განკუთვნილია ჰუმანიტარული საჭიროებისთვის და არა - ეკონომიკური საქმიანობისთვის” - აცხადებენ სამთავრობო უწყებებში და იქვე დასძენენ, რომ აკრძალვა გათვალისწინებულია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მე-6 მუხლით ანუ ოკუპაციის შესახებ კანონით.
აღნიშნული განმარტების მიუხედავად, გალში მცხოვრები ქართველებისთვის პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ რჩება:
"აქ მცხოვრებლებმა კანონი არ იციან, არც უხსნის ვინმე, კითხვასაც არ პასუხობენ პოლიციელები, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. ჩვენ გვესმის და ვხედავთ იმას, რასაც ტელევიზიიდან გვეუბნებიან და რასაც გვიკრძალავენ. კანონი ტონობით საწვავის შეტანას არ კრძალავდა? თუ ამ გამონაკლისს უშვებ, იმავეს რატომ არ აკეთებ რიგითი ადამიანებისთვის?!"
“აფხაზეთი ხომ საქართველოა და რატომ არ გვაქვს უფლება, ზუგდიდში ვიყიდოთ საწვავი და გალში შევიტანოთ როგორც ჩვენი მოხმარებისთვის ისე თუნდაც სავაჭრო მიზნით”?
აფხაზეთში მცხოვრები ქართველების კითხვების პასუხად, BMG-ს სამთავრობო უწყებებში უთხრეს, რომ ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭიროა სპეციალური საწარმოს სტატუსი.




























