მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა გადავადდეს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება? - ლევან ვეფხვაძის არგუმენტები

61e008603654d
დავით ჯალაღონია
13.01.22 21:25
539
ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 14 მილიარდ 312 მილიონ კილოვატსაათს გადააჭარბებს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, საიდანაც დეკემბრის მონაცემები ჯერ დასაზუსტებელია, დაახლოებით 5%-ით მეტია.

2022 წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაფარვას სახელმწიფო შემდეგი ობიექტების დახმარებით გეგმავს: ჰიდროსადგურების საპროგნოზო გამომუშავება 10.2 მილიარდი კილოვატი საათია, თბოსადგურების გენერაცია სამ მილიარდ კილოვატსაათს გადააჭარბებს, ქარის სადგური კი დაახლოებით 86 მილიონ კილოვატსაათს მოგვაწვდის. რაც შეეხება იმპორტს, საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, საქართველოში ერთი მილიარდ 885 მილიონი კილოვატისაათი ელექტროენერგიის იმპორტი იგეგმება.

ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ წელსაც იგივე გამოწვევები აქვს ქართულ ენერგეტიკას, რაც გასულ წლებში დაგროვდა. რა არის პირველი რიგის ღონისძიებები საიმისოდ, რომ ენერგეტიკაში ინვესტიციები ჩაიდოს და ახალი სადგურები დროულად აშენდეს, ამის შესახებ BMG-ს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ესაუბრა.

"პირველი პრობლემა არის ადგილობრივ მოსახლეობასთან, რადგან ეს როგორც ჩანს გადამდებია - თუკი ერთგან ხდება წინააღმდეგობა და შედეგად ჰესის მშენებლობა გაჩერდა, ეს უკვე იქ, სადაც არავინ ხმას არ იღებდა, გადამდები იქნება და პრაქტიკულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით, როცა ჩვენს ენერგოსიმძლავრეებს ვეღარ ვაჩვენებთ.

მეორე საკითხი ბაზრის გახსნას უკავშირდება, რადგან როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის გარკვეული, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ახლა ვუყურებთ, დეველოპერებისთვის შეთავაზებულია მოდელი - ელექტროენერგიის ბაზრის ფასს პლუს ფასის პრემიუმი, თუმცა იმის გამო, რომ ბაზრის ფასი არ ვიცით და ისტორიული მონაცემებიც არ გვაქვს, შეიძლება პრობლემები შეექმნათ დეველოპერებს ფინანსების მოზიდვისას კომერციული ბანკებიდან, ან სხვა წყაროებიდან, რადგან ფინანსურ მოდელში კარგად თუ არ აჩვენებ, რა ბრუნვა გექნება, ისინი ფულს არ მოგცემენ. ამიტომ ამაზეც გვქონდა საუბარი (მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე). მთავარი საფრთხე არის ის, რომ თუკი პირველ წელს ბაზარი ჩავარდება და არაადეკვატური ფასები დაჯდება, ამან შეიძლება ამ სექტორში ინვესტიციები გააჩეროს", - განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა კიდევ უნდა გადავადდეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კი სავაჭრო პროცესი 1 მარტიდან უნდა დაიწყოს.

"მე ვფიქრობ, რომ იმ რისკების გათვალისწინებით, როდესაც ამ ბაზარზე ჯერ კიდევ ბევრი ისეთი რამ გაურკვეველია, როგორიცაა საბალანსო ბაზრის თემები, ზაფხულში რა ფასები შეიძლება არსებობდეს ბაზარზე და ა.შ, ჯობია სიმულაციურ რეჟიმში დარჩეს ბაზარი, ვნახოთ როგორი სიტუაცია იქნება და ამის შემდეგ გადავიდეთ ვაჭრობაზე", - აღნიშნა მან.

ამ საკითხებზე კერძო სექტორი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძესთან შეხვედრას გეგმავს.

"ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილების შემდეგ, 30 დეკემბერს ჩვენ გვქონდა ახალ მოადგილესთან შეხვედრა და იქ დეველოპერებმა საკუთარი მოსაზრებები გააჟღერეს იმ პრობლემებზე, რომელიც კომპანიებს აქვთ, მათ შორის არის პრობლემები ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული პრობლემები და ბუნდოვანება, რაც ამ მოდელს უკავშირდება და ა.შ. იქ ამ საკითხზე გარკვეული დაპირება მივიღეთ, რომ იანვრის ბოლომდე იქნება კონკრეტული შემოთავაზება და მოსაზრებები, რას ფიქრობს ეკონომიკის სამინისტრო ამ ყველაფრის გასაუმჯობესებლად. ეს სურვილი არსებობს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს, რაც უკვე კარგია და ის, რომ ბიზნესს უსმენენ, ნამდვილად მისასალმებელია. შესაბამისად, ამ დისკუსიის შედეგად ველოდებით, რომ ეს მოსაზრებები იქნება წარმოდგენილი. რა და როგორ იქნება, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია", - განმარტა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები