მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის და რა ფორმით გაიხსნება ენერგეტიკული ბირჟა? - რომეო მიქაუტაძის პასუხი

ენერგეტიკული ბირჟა

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის გახსნის ფარგლებში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მიმდინარე წლის ზაფხულში, მეექვსედ, ერთი წლით გადავადდა. ბირჟას უკვე აღარ ჰყავს დირექტორიც. ირინა მილორავამ თანამდებობა დატოვა. საკითხზე ჟურნალისტებთან დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ისაუბრა:

- ენერგეტიკულ ბირჟას რაც შეეხება, რა ხედვა გაქვთ საბოლოოდ, როდის გაიხსნება და რა ფორმით?

- გადაწყვეტილება მიღებულია, რომ 2024 წლის 1-ელ ივლისამდე გადაიწია ბაზრის გახსნამ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბაზრის გადაწევის საწყისი გახლდათ ის, რომ თუ შევხედავთ რა მდგომარეობაა ზოგადად მსოფლიოში, საკმაოდ დაძაბულია ვითარება. ასევე, ენერგომატარებლებზე, ენერგორესურსებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა გახლავთ და არ არის სტაბილური ფასები ჩვენს გარშემო, ჩვენს სამეზობლოში და ზოგადად მსოფლიოში. ამიტომ, იმისთვის, რომ ყოველგვარი რისკი იყოს აცილებული გადასახადების გადამხდელებისთვის და მოსახლეობისთვის, ამიტომ იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება და ეს გახლავთ პროცესი, რომელსაც ვაკვირდებით. თუ შევხედავთ, რომ იქნება კარგი, სწორი დრო და ნაკლები რისკი იმისთვის, რომ უმტკივნეულოდ მოხდეს მისი გახსნა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ფასების სტაბილურობა და სტაბილური გარემო პირობების არსებობა.

- განგვიმარტეთ, გაზის და ელექტროენერგიის ბირჟების გაერთიანების გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა…

- ტექნიკურად მზად ვართ, რომ ბირჟა გაიხსნას, თუმცა ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული და გაზის სექტორი შეიძლება, რომ კონცეპტუალურად იყოს ერთი ბირჟის ქვეშ. ამ კუთხით გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი, რომ ერთი ქოლგის ქვეშ იყოს ბირჟა, რაც შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს და სხვა თანმდევ დანახარჯებს. იმ პლატფორმის ფარგლებში, რომელიც უკვე შეძენილი აქვს სახელმწიფოს და რომლითაც ხდება აღნიშნული ელექტროენერგეტიკის ბირჟის მუშაობა, ამ სოფტს მიემატება გაზის პლატფორმაც, რომელიც ერთიანობაში იგივე ფუნქციას შეასრულებს, იგივე ბირჟა იქნება და არ იქნება განცალკევებული სუბიექტი, რომლის საშუალებასაც იძლევა ჩვენი ქვეყნის პატარა ბაზარი.

- რამდენადაც ვიცით, ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა, შესაძლოა, სავალდებულო არ იყოს და მთავრობა ამ ალტერნატივაზე მუშაობს. რატომ უშვებთ ბირჟაზე ვაჭრობის ნებაყოფლობით სცენარს - რა არის მთავარი არგუმენტი?

- რაც შეეხება ნებაყოფლობითობას, ჩვენ გვაქვს პროცესი, ვადა 2024 წლამდე, განიხილება ყველა ის შესაძლებლობა, რომლითაც აღნიშნული ბირჟის გახსნა უნდა იყოს უმტკივნეულო. მათ შორის შეიძლება რომ ეს იყოს ნებაყოფლობითი და სხვადასხვა სახის ბირჟის გახსნა. რა თქმა უნდა ეს იქნება გარკვეული ვადით ნებაყოფლობით, კონცეფცია იქნება შეკრული და ამასაც გაგიზიარებთ აუცილებლად.

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა, შესაძლოა, სავალდებულო არ იყოს - მთავრობა ალტერნატივაზე მუშაობს

ირინა მილორავამ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორის თანამდებობა დატოვა

ელექტროენერგიას და გაზის სექტორს საერთო ბირჟა ექნება - მთავრობის გეგმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები