მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებელთა სასარგებლოდ ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის სექტორებში ₾24 ათასი ჩამოიწერა - ვარდიაშვილი

64947e292c65c
BM.GE
22.06.23 21:50
630
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2022 წლის ანგარიში მოისმინეს. იგი დეპუტატებს ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა გააცნო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, 2022 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურს სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად სოციალური ქსელისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით 12 ათასამდე დაინტერესებულმა პირმა მიმართა. სამსახურში რეგისტრირებული კორესპონდენციის რიცხვი შეადგენს 3513, მათ შორის, ახალი განცხადებების რაოდენობაა - 1506. დამცველის ინიციატივით საქმის წარმოება დაიწყო 18 საოქმო ჩანაწერის საფუძველზე და ძირითადად მოიცავს შშმ პირებისა და გადაადგილების სირთულის მქონე ხანდაზმული ადამიანების პრეტენზიებს კომუნალური საწარმოების მიმართ.

ენერგოომბუდსმენის განცხადებით, სექტორის მიხედვით 2022 წელს საჩივრები შემდეგნაირად გადანაწილდა: წყალმომარაგება - 399, ელექტროენერგეტიკა - 948, ბუნებრივი გაზი - 159.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებელთა სასარგებლოდ ენერგოომბუდსმენის სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე ჩამოწერილი თანხა ელექტროენერგიის სექტორში 12 ათას ლარამდეა. დაახლოებით, ანალოგიური ოდენობის თანხაა ჩამოწერილი ბუნებრივი გაზის სექტორშიც, ხოლო წყალმომარაგების სექტორში ჩამოწერილი თანხის ოდენობა 76 ათას ლარს შეადგენს.

სალომე ვარდიაშვილის მოსაზრებით, მომსახურების ხარისხის საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია ბუნებრივი გაზის ტარიფების ოდენობების განსაზღვრა, რომელიც საბოლოოდ, ბუნებრივი გაზის ბირჟაზე გამართულ ვაჭრობაზე იქნება დამოკიდებული, რაზეც გავლენას მოახდენს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები