$2 ტრილიონად შეფასებულმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია გამართა, რომელიც I/O-ს სახელითაა ცნობილი.
წლევანდელი კონფერენციის ფოკუსში, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელოვნური ინტელექტი აღმოჩნდა - ტექნოლოგია, რომლის განვითარებაზე Google-ის ხელმძღვანელობა ყოველწლიურად მილიარდებს ხარჯავს.
კონფერენციის მთავარი სათქმელი მარტივად გასაგები იყო, Google-ს დაგეგმილი აქვს, რომ უახლოეს მომავალში მის ფლაგმანურ პროდუქტად არა საძიებო სისტემა, არამედ AI იქცეს, რომელიც Google-ის ყველა სერვისს აერთიანებს და მომხმარებელს 360-გრადუსიან მომსახურებას სთავაზობს.
პირველი სიახლე, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, Google-ის ხელოვნური ინტელექტის, Gemini-ს განახლებას უკავშირდება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი სუნდარ პიჩაი აცხადებს, Gemini 1.5 Pro-ს გაცილებით უფრო მეტი მონაცემის დამუშავება შეეძლება, ვიდრე ბაზარზე ამჟამად არსებულ სხვა AI-ს. კომპანიის დირექტორმა ერთი საინტერესო მაგალითიც მოიყვანა, როგორც ჩანს, Gemini-ს შეეძლება 1,500-გვერდიანი ნაწარმოებს ერთ წამში წაკითხვა და მასთან დაკავშირებით ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, შემაჯამებელი სტატიის დაწერა ან იმ კონკრეტული პარაგრაფის მოძებნა, რომელიც თქვენ გსურთ.
როგორც Google-ის პრეზენტაციაშია აღნიშნული, Gemini ძალიან მალე კაცობრიობის ისტორიაში დაწერილი ყველა წიგნს წაიკითხავს და ყველაფრის პასუხი ეცოდინება, რაც ნამდვილად ამბიციური, თუმცა ამაღელვებელი ამოცანაა.
წერა-კითხვასთან ერთად, Gemini ვიდეოს ყურებას, ფილმის გაანალიზებას, მუსიკის მოსმენას და უცხოურ ენებზე ლაპარაკის გარჩევასაც შეძლებს, რათა მან არა მარტო ბეჭდური კონტენტის, არამედ მთელი იმ ცოდნის ათვისება შეძლოს, რომელიც ადამიანის მოდგმას საუკუნეების განმავლობაში შეუქმნია.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ ყველა ახალი Android-სმარტფონი Google Assistant-ის ნაცვლად Gemini-ის ხელოვნური ინტელექტით აღიჭურვება, რაც Google-ის ოპერაციული სისტემისთვის დიდ უპირატესობას წარმოადგენს.
მორიგი სიახლე, რომელიც ასევე ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება, AI Teammate-ია, ანუ იგივე AI-თანამშრომელი, რომელიც ინფორმაციას არა ღია წყაროებში, არამედ უშუალოდ თქვენი კომპანიის Docs-ში, Drive-ში, Workspace-სა და Gmail-ში ეძებს. აი, მაგალითად, თუკი კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით რაღაც გაინტერესებთ, ამისათვის თანამშრომლების შეწუხება აღარ მოგიწევთ, Google-ის ასისტენტი ყველა ფაილს და მიმოწერას მომენტალურად გადაამოწმებს და თქვენს შეკითხვაზე პასუხს მოძებნის.
დეველოპერების წლევანდელ კონფერენციაზე ისიც გახდა ცნობილი, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ახალი თაობის AI-პროცესორს გამოუშვებს, რომლის სახელწოდება იქნება Trillium-ი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის არც CPU და არც GPU, ეს იქნება ე.წ. TPU, ანუ მიკროჩიპი, რომელიც AI-ოპერაციებზე და Cloud-სერვისებზეა გათვლილი.
როგორც სუნდარ პიჩაი აღნიშნავს, არავინ არ უნდა იფიქროს, რომ Trillium-ის გამოშვებით Google-ს Nvidia-სთან კონკურენციაში შესვლა აქვს დაგეგმილი. პირიქით, Google-ის TPU სწორედ იმ მომხმარებლებისთვის იქნება გათვლილი, რომელთაც Nvidia Blackwell-ის სერიის გრაფიკული ბარათები და AI-პროცესორები აქვთ.
პიჩაი იმასაც აღნიშნავს, რომ Nvidia უკვე ათწლეულებია, რაც Google-ის საუკეთესო პარტნიორია და ის კომპიუტერული სიმძლავრე, რომელიც Gemini-ს გამოსაკვებადაა საჭირო, სწორედ Nvidia-ს მიერაა შექმნილი.