მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ უნდა ვადევნოთ თვალი რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებას?

რეფინანსირების განაკვეთი
სტატიაში საუბარია:

ალბათ, ხშირად გაგიათ „რეფინანსირების განაკვეთი“ ან „მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი“, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს ფინანსურ ინსტიტუტებს და არა ჩვენ - ჩვეულებრივ მოქალაქეებს გვეხება, თუმცა ასე სულაც არ არის.

თავდაპირველად განვმარტოთ, რა არის რეფინანსირების განაკვეთი და ვინ ადგენს მას.

რეფინანსირების განაკვეთი შეიძლება განვმარტოთ, როგორც ფულის ფასი ქვეყანაში ანუ პროცენტული მაჩვენებელი, რომელშიც კომერციული ბანკები ფულს ეროვნული ბანკისგან იღებენ. ეროვნული, იგივე ცენტრალური ბანკი კი საჯარო ინსტიტუტია, რომლის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობა, საზოგადოებაში სწორი მოლოდინების შექმნითა და ეროვნული ვალუტის სიძლიერეზე ზრუნვით. კომერციული ბანკი ეროვნულისგან იღებს ფულს, კომერციულში კი ჩვენ ადამიანები და კომპანიები ვათავსებთ ანაბარს ან ვიღებთ კრედიტს. თუ ეროვნული ბანკი ფულის ფასს, ანუ რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ანაბარი მეტ მოგებას მოგცემთ, კრედიტი კი უფრო ძვირი დაგიჯდებათ, თუ შეამცირა - მაშინ კრედიტი უფრო იაფი იქნება, სამაგიეროდ ანაბარზე ნაკლები მოგება დარეგიცხებათ.

რაც შეეხება რეფინანსირების ცვლილების მიზეზებს, ეროვნული ბანკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვების შედეგად იღებს.

როგორ განსაზღვრავს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს?

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ორიენტირი საპროგნოზო ინფლაციაა. თუ პროგნოზირებული ინფლაცია მიზნობრივ დონეს აღემატება, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს და რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის. ეს კი საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს გადაეცემა. შედეგად, როდესაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, იკლებს კრედიტის ან ანაბრის გამოტანიც მოტივაცია, ხოლო დაბალი საპროცენტო განაკვეთების შემთხვევაში პირიქით, იმატებს როგორც კრედიტის აღების, ასევე ანაბრის დარღვევის და ფულის დახარჯვის მოტივაცია.

რამდენ ხანში ერთხელ იცვლება რეფინანსირების განაკვეთი?

როგორც უკვე ვთქვით, რეფინანსირების განაკვეთს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს გარკვეული პერიოდულობით. საქართველოში ეს ხდება კვარტალში ორჯერ. მაგალითად, უახლოესი განახლება 6 მაისსაა ჩანიშნული. ამ ეტაპზე განაკვეთი 8%-ზეა გაჩერებული 2024 წლის მაისის შემდეგ. ბოლო 15 წელს თუ ავიღებთ, ყველაზე მაღალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (11%) 2022 წლის მარტიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იყო. მეორე მხრივ, ბოლო 15 წლის მანძილზე, ყველაზე დაბალი რეფინანსირების განაკვეთი 2013 წელს დაფიქსირდა 3.75%-ის ფარგლებში. კერძოდ, 2013 წლის აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე ეროვნულ ბანკში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 0.25 საბაზისო პუნქტით 4%-დან 3.75%-მდე შეემცირებინათ რეფინანსირების განაკვეთი. იმ პერიოდში (2013 წლის ივლისში) ინფლაცია -1.3% იყო. მაშინდელი პროგნოზებით ელოდებოდნენ, რომ ინფლაცია წლის განმავლობაში დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდებოდა. ასეც მოხდა.

შედარებისთვის, ალბათ საინტერესო იქნება სხვა ქვეყნების რეფინანსირების განაკვეთის მაჩვენებლებსაც შევხედოთ, ანუ სად უფრო ძვირი/იაფი ჯდება სესხი. მაგალითად, მეზობელი ქვეყნები: სომხეთში ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-ია, აზერბაიჯანშიც - 6.5%, თურქეთში - 37%, რუსეთში კი - 15%. ყველაზე დაბალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთით ცნობილია შვეიცარია (0%), იაპონია (0.75%), სინგაპური (1.13%). ყველაზე მაღალით კი ვენესუელა (58.59%) და თურქეთი (37%).

რეფინანსირების განაკვეთის სიმცირე/სიდიდეს მეტწილად განაპირობებს ის, თუ რამდენად სტაბილური ეკონომიკა აქვს ქვეყანას. მაგალითად, შვეიცარია, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 110 000 დოლარია, რეფინანსირების განაკვეთი 0-ს უტოლდება. ხოლო, ვენესუელაში, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 3000 დოლარია, რეფინანსირება ყველაზე მაღალია. თუმცა, ეკონომიკის სიდიდე და სტაბილურობა არაა 100%-ით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის განმაპირობებელი და ამაზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს.

ფინანსური განათლების რუბრიკის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები