ელექტროტექნიკის წარმოების ლიდერმა გერმანულმა კომპანია Bosch-მა დააანონსა, რომ 2027 წლამდე სამსახურიდან 13,000 თანამშრომელს დაითხოვს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შემცირება განსაკუთრებით შეეხება იმ პერსონალს, რომელიც შიდა წვის ძრავიანი მანქანებისთვის ავტონაწილებს ამზადებს.
როგორც ცნობილია, Bosch-მა ბოლო წლებში სტრატეგია შეცვალა და ყურადღება ელექტრო და ციფრული სისტემების განვითარებაზე გადაიტანა. შესაბამისად, შეამცირა თანამშრომლობა იმ ტრადიციულ დამკვეთებთან, რომლებსაც შიდა წვის ძრავიანი მანქანების ავტონაწილები ესაჭიროებოდათ.
შემცირება ყველაზე მეტად გერმანიაში დასაქმებულ თანამშრომლებს შეეხება. Bosch-ში აცხადებენ, რომ მსგავსი მტკივნეული გადაწყვეტილებების გარეშე კომპანია კონკურენტუნარიანობას დაკარგავს და ჩამორჩება იმ ტემპს, რომელსაც სხვა გიგანტები ავითარებენ.
აღსანიშნავია, რომ Bosch-ის გადაწყვეტილება, მეტწილად, გარე ფაქტორებთან, კერძოდ, შიდა წვის ძრავიან მანქანებზე მოთხოვნის შემცირებასთან არის დაკავშირებული. ამ მიმართულების ავტო-სექტორი უკვე დიდი ხანია განიცდის ზეწოლას ევროკავშირისგან, რომელიც კლიმატის ცვლილების გამო კანონმდებლობას ამკაცრებს. დამატებითი გამოწვევაა გლობალურად გაზრდილი კონკურენციაც, რისი გამკლავებაც ევროპულ ბრენდებს, ანუ Bosch-ის ძირითად დამკვეთებს უჭირთ.
თავად Bosch-მა კი ბოლო წლებში ინვესტიციების განხორციელება ბატარიებისა და წყალბადის ძრავების წარმოებაში ჩადო, ამასთან, ყურადღება გაამახვილა პროგრამულ გადაწყვეტებზე. თუმცა ის ხარჯები, რაც ძველ დამკვეთებთან თანამშრომლობის გაგრძელებას ახლავს თან, მათ შორის 13,000 დასაქმებულის ანაზღაურება კომპანიის გეგმებს მძიმე ტვირთად აწვება.




























