კომპანია Walt Disney Company 10 მილიონი დოლარის ჯარიმას გადაიხდის, რაც ბავშვთა კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ კანონის დარღვევას უკავშირდება.
მხარეებს შორის შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და იუსტიციის დეპარტამენტმა კომპანიას ბრალი დასდეს 13 წლამდე ასაკის ბავშვების პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებაში.
გამოძიების თანახმად, Disney-ს რამდენიმე პოპულარული აპლიკაცია და ვებგვერდი მომხმარებელთა ინფორმაციას მშობლების თანხმობის გარეშე აგროვებდა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამერიკულ კანონმდებლობას.
გარდა ფულადი ჯარიმისა, სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიას ავალდებულებს, წაშალოს ყველა ის მონაცემი, რომელიც არალეგალურად იქნა მოპოვებული და დანერგოს კონტროლის უფრო მკაცრი მექანიზმები მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
თავად Disney-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის ბავშვების უსაფრთხოება პრიორიტეტულია და მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ეთანხმებიან ბრალდების ყველა პუნქტს, საქმეს მორიგებით დაასრულებენ.




























