მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რატომ ვედრებით ამერიკას?! - ისეთი სახელმწიფო ვართ, რომ მთელ მსოფლიოზე გავლენას ახდენს?" - ეკა ეგუტია FARA-ზე

ეკა ეგუტია

“რატომ ვედრებით ამერიკას?! - ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც ისეთი პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, რომელიც გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე?” , - ასე აფასებს ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK Law Office-ის თანადამფუძნებელი, ეკა ეგუტია BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ქართულ FARA-ს კანონს.

მისი ინფორმაციით, ამერიკაში, FARA-ს კონტექსტი არის ამერიკიდან გამომდინარე. მაშინ, როდესაც აგენტი ქვეყანაში ჩადის და ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოებრივი აზრის შეცვლას ცდილობს. ეგუტია დასძენს, რომ ამ მიმართულებით ამერიკაში სტრუქტურები და სასამართლო მუშაობს. ხოლო საქართველოში, არცერთ სტრუქტურას არ გააჩნია კომპეტენცია, რომელიც დაჯდება და ამ კანონის სიღრმეებამდე იმსჯელებს.

„FARA-ს მიზნებისთვის, აგენტი არის განსაზღვრული, როგორც უცხო სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებს და მან გავლენა უნდა იქონიოს ამერიკის პოლიტიკაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი.

ქართულ რეალობაში ამ კანონის მიღებას რა მიზანი აქვს, ეს კიდევ სხვა საქმეა. ვინ დაჯდება და იმსჯელებს რომ ვიღაც არის აგენტი. ამერიკულ კანონმდებლობაში ამას თავისი პუნქტები აქვს, რასაც მთელი მსჯელობა და კანონები მოსდევს. ხოლო საქართველოში, ამ ყველაფერს რიგითი მოხელე განმარტავს, ჩაგთვლის აგენტად და გადაგცემს პროკურატურაში. იქ კიდევ „ძალიან ჭკვიანი“ პროკურორი დაჯდება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადაგცემს. მარტო ამის აღსრულების პროცესში, ასეთ განუკითხაობას შეიძლება წავაწყდეთ. საერთოდ არ გააჩნიათ კომპეტენციები არცერთ სტრუქტურაში, რომ ამ დონის სიღრმეებამდე იმსჯელონ. ადამიანის უფლებები შეიძლება ისე დაირღვეს, რომ პასუხისგებაში მიეცეს ადამიანი და დააპატიმრონ“, - ამბობს ეკა ეგუტია.

მისივე განმარტებით, საქართველო არ არის ამერიკისხელა სახელმწიფო, რომლის პოლიტიკური ცვლილებები მსოფლიოზე აისახება. ამასთან, როდესაც ახალი კანონის შემოღება ხდება, მნიშვნელოვანია, რომ იმსჯელონ ამის შესახებ.

„საინტერესოა საერთოდ მსჯელობა თუ მიმდინარეობს ამ კანონის შინაარსობრივ ნაწილზე. ასეთი ახალი კანონის შემოტანის პროცესში, დისკუსიები ფართოდ უნდა მიმდინარეობდეს.

რატომ ვედრებით ამერიკას?! - ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც გვაქვს ისეთი პოლიტიკური მიმართულებები, რომელიც გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე? გვაქვს საერთაშორისო დახმარების უდიდესი პროექტები სხვა ქვეყნებისთვის? რაღაც შეუსაბამობასთან ხომ არ გვაქვს საქმე? რას ვცოდვილობთ ჩვენ ამ კანონით, რომ საქართველოში უამრავი ევროკავშირის აგენტები მოდიან საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ? რატო გვაქვს პოზიცია, რომ ამერიკის შესადარი სახელმწიფო ვართ“, - აღნიშნა ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK Law Office-ის თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები