საქართველო რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენით ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნების სამეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას უძრავი ქონების სფეროში მოქმედი რუსული კონსალტინგ კომპანია NF GROUP აქვეყნებს. ინფორმაცია ქართულ მედიაში თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" დაწერა.
კომპანიის მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალის შედეგებით, ამ მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილს არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს, სადაც უძრავი ქონების შეძენით რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტად ინტერესდებიან.
მეორე პოზიციაზე ტაილანდია, ხოლო მესამეზე საქართველო, რომელიც 2026 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებდა, მესამე კვარტალში კი სამეულში დაწინაურდა.
ამ სიაში თურქეთმა მეოთხე ადგილი დაიკავა, მეხუთეზე კი მავრიკი და ომანი არიან. მყიდველებს კვლავ აინტერესებთ საკუთარ ქონებაში ცხოვრებისა და საიჯარო შემოსავლის მიღების შეთავსების შესაძლებლობა.

„რეიტინგში კვარტალური ცვლილებები დიდწილად ცალკეული გარიგებებით არის განპირობებული და მყიდველთა პრეფერენციების არსებით ცვლილებებზე არ მიუთითებს. ამიტომ წლის შედეგებით საქართველოს პოზიცია შესაძლოა კვლავ შეიცვალოს“, - განმარტავენ კომპანიაში.
NF GROUP-ის ინფორმაციით, რეიტინგის ქვეყნებში ინფლაციისა და სამშენებლო მასალების ღირებულების მატების გავლენით, ელიტარულ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები ზომიერად იზრდება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ბაზრებზე ფასების მკვეთრი ნახტომები ან შემცირება არ შეინიშნება. რუსი მყიდველების ინტერესი კვლავ კონცენტრირებულია ობიექტებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს შვებულების დროს საცხოვრებლად, ხოლო დანარჩენ დროს იჯარით გასაქირავებლად.
„წლის ბოლომდე მეგობრულ საზღვარგარეთულ მიმართულებებზე პირდაპირი ავიამიმოსვლითა და უვიზო მიმოსვლით მოთხოვნის შენარჩუნებას ველოდებით. ევროპის მრავალი ქვეყანა, მათ შორის საბერძნეთი, საფრანგეთი და ესპანეთი, რომლებიც მანამდე მოთხოვნის დონით ლიდერთა შორის შედიოდნენ, ახლა მეორე პლანზე გადავიდნენ. ამასთან, რუსი მყიდველები კვლავ ინტერესდებიან ამ ლოკაციებში ობიექტების შეძენით“, - აცხადებს NF GROUP-ის საზღვარგარეთისა და საკურორტო უძრავი ქონების დეპარტამენტის დირექტორი ანა ლარინა.
























