მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ ფორმდება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება? - გიორგი ციკოლიას მოსაზრება

ციკოლია

“საქართველოს პრემიერის და აშშ ელჩის განცხადებების სულისკვეთება არის ერთი, რომ ორივე მხრიდან არსებობს მზაობა, ურთიერთობების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ”, - ასე აფასებს ბოლო დღეებში საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების თემაზე გაკეთებულ განცხადებებს აშშ-ში ყოფილი დესპანი და Lineate-ს ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია.

ყოფილ დიპლომატს და ამჟამად ამერიკული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს ჯერ პრემიერ კობახიძის, შემდეგ კი პარლამენტში მისული აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის განცხადებები უქმნის შთაბეჭდილებას, რომ საკმაოდ დიდი სივრცე არსებობს ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

“მგონია, ორივეს სულისკვეთება არის ერთიანი იმ კუთხით, რომ ძალიან დიდი სივრცე არსებობს ურთიერთობების გაღრმავებისთვის და ორივე მხრიდან არსებობს მზაობა, რომ ურთიერთობების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. ელჩმა პარლამენტში გამოსვლებისას რამდენიმე პრიორიტეტზე ისაუბრა, მათ შორის „შუა დერეფანზე“, რომლის მიმართ აშშ-ს გააჩნია გრძელვადიანი ინტერესი და ამ გრძელვადიან ინტერესში საქართველოს როლს ხედავენ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანს“, - აღნიშნა გიორგი ციკოლიამ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესუსტებას, გიორგი ციკოლია ბოლო პერიოდში მიმდინარე გეო თუ ლოკალურ პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებს.

„ბოლო წლებში ბევრი რამ მოხდა არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით (ომი უკრაინაში, პანდემია), რამაც გამოიწვია აშშ-iს შიდა პოლიტიკაში ცვლილებები. ყურადღება, ინტერესი, მათ შორის პროექტების კუთხით, ამ რეგიონის მიმართ შეიცვალა და შეცვალა მათ შორის ხედვა, თუ რა უნდა იყოს აშშ-iს პოლიტიკა ამ რეგიონთან მიმართებით. ნამდვილად, კოვიდ-პანდემიამდე არაერთი გადაწყვეტილება იყო მიღებული აშშ-ში კონგრესის, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რამაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მეტად გაღრმავების პროცესში გადაიყვანა, იყო ხელმოწერილი სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით და უმაღლეს დონეზეც იყო ვიზიტები. კოვიდმა ბევრი რამ შეცვალა, გარკვეული პროცესები შეაჩერა. შემდგომ ბევრი რამ მოხდა, რამაც წამოწყებულ პროცესებს გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა“, - მიიჩნევს გიორგი ციკოლია.

ყოფილი დესპანი თვლის, რომ პირველ რიგში, საქართველომ აშშ-სთან დიალოგის პლატფორმები უნდა გაააქტიუროს და ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები განაახლოს.

„ამ პლატფორმების ფარგლებში ბოლო წლებში შეხვედრები არ ჩატარებულა. მე მიმაჩნია, რომ პლატფორმების განახლება და მის ფარგლებში ახალი პროექტების წამოწევა/ დისკუსია იქნება ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისა და მისცემს ორივე ქვეყნის დიპლომატებს შესაძლებლობას გარკვეული მიმართულებებით გააღრმაონ პროცესები. მგონია, რომ ბევრი გადაწყვეტილება შეიძლება სწრაფად იქნეს მიღებული“, - აცხადებს ციკოლია და მაგალითად, ფოლადის ინდუსტრია მოჰყავს, რომელსაც აშშ-iს მიერ იმპორტის ტარიფი აქვს დაწესებული - „ამ ტარიფს ლოგიკური ეკონომიკური ახსნა არ გააჩნია. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ბევრ ქვეყანასთან არსებობდა. იყო დიალოგი ტარიფების გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც კარგი ჟესტი იქნება და საშუალებას მოგვცემს გავაღრმაოთ სავაჭრო ურთიერთობები. ვიცი, რომ მეორე მხრიდანაც არის ღიაობა ამ საკითხზე. არამხოლოდ ეს ინდუსტრიაა, იყო საუბარია მათ შორის ციფრული ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის კუთხით.... ჩვენ ამ მიმართულებით სექტორულად უნდა დავუახლოვდეთ“.

გიორგი ციკოლიამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით გასულ წლებში პროგრესი არსებობდა, არსებობდა „სავაჭრო შეთანხმების“ სამუშაო ვერსიაც, თუმცა შემდეგ პროცესი აღარ გაგრძელდა.

„ეს საკითხი იწყება და სრულდება იმ პოლიტიკური დღის წესრიგით, რაც არსებობს სავაჭრო პოლიტიკის კუთხით ვაშინგტონში. ბოლო წლებია სავაჭრო პოლიტიკა ძალიან აქტუალური პოლიტიკური საგანია და ეს ნათელი გახდა მსოფლიოსთვის 2016 წლიდან... ჩვენი აღქმა და მოლოდინი უნდა შეიცვალოს ამ მიმართულებით. წარმოუდგენლად მიმაჩნია დღეს, რომ უახლოეს პერიოდში, აშშ-მ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება წამოიწყოს. აქ არ არის საუბარი, რომ ცუდი დამოკიდებულებაა ან ინტერესი არ არის აშშ-ის მხრიდან. სავაჭრო პოლიტიკა იმდენად მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა ვაშინგტონისთვის, რომ მაგალითად, დიდ ბრიტანეთთან წლებია ეს პროცესში შეჩერებულია. რადგანაც ქვეყნის შიგნით არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა უნდა იყოს მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკა. ზუსტად ამიტომ ჯერ სექტორული დაახლოება უნდა მოხდეს“- მიიჩნევს გიორგი ციკოლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები