მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ვიყავი და პარტნიორებმა არაერთი კითხვა დამისვეს - ინტერვიუ Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტთან

გიორგი ციკოლია

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ციკოლიას განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო კომპანიებმა გეოპოლიტიკური რისკების შესწავლა და ბევრად უფრო ყურადღებით დაიწყეს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და ინვესტორების გეგმებზე „რუსული კანონის“ გავლენა იყო. „ერთი თვის წინ აშშ-ში ვიყავი და პარტნიორმა ამერიკულმა კომპანიებმა არაერთი კითხვა დამისვეს“, - თქვა გიორგი ციკოლიამ. ამერიკული კომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ჯერჯერობით, „რუსული კანონის“ გამო, პარტნიორებს საქართველოსთან დაკავშირებული გრძელვადიანი გეგმები არ შეუცვლიათ, მაგრამ რისკები არსებობს. ამასთან, საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე საუბრისას, აშშ-ში საქართველოს ყოფილმა დესპანმა დიპლომატიური ენა არჩია და თქვა, რომ ის არჩევანი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის საპარლამენტო გააკეთებს არჩევნებზე, იქნება პასუხი ყველა კითხვაზე.

- „დასავლურ ბაზრებთან საქართველოს დაახლოება, ინვესტორებში რწმენას ზრდის“ - ასე თქვით შარშან, #წერტილთან ინტერვიუში. რა გავლენას ახდენს და რა კითხვებს აჩენს ინვესტორებში „რუსული კანონის“ ამოქმედება?

- დიახ, შარშან კომპანია Lineate-ისთვის პირველი წელი იყო საქართველოში, ვეცნობოდით ადგილობრივ ბაზარს და კომპანია საკუთარ საქმიანობას ზრდიდა. ამავდროულად, საკუთარ ბიზნესს ვავითარებდით რეგიონის მასშტაბით. რა თქმა უნდა, რაც ვთქვი წინა ინტერვიუში ანუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს დაახლოება საერთაშორისო ბაზრებთან, ჩემი ეს მოსაზრება არა მარტო ძალაში რჩება, არამედ მგონია, რომ დასავლურ ბაზრებთან დაახლოება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, ძალიან მარტივი მიზეზიდან გამომდინარე - დასავლური ბაზრები არის ტექნოლოგიების, პროდუქტიულობის, კაპიტალის და ცოდნის ყველაზე კარგი და ნათელი მაგალითი და ეს ყველაფერი აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, საერთაშორისო კომპანიების შემოსვლით, დასავლური ცოდნა, ტექნოლოგია და კაპიტალი საქართველოში შემოდის და რაც უფრო მეტი ასეთი კომპანია შემოვა, უფრო მეტი საშუალება გვექნება, რომ ასეთი ტიპის ცოდნა და კაპიტალი მივიღოთ; კაპიტალი კი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

- რა კითხვები გააჩინა „რუსულ კანონმა“ თქვენ პარტნიორებში? ასევე, საინტერესოა, თქვენ რა კითხვები გაქვთ და რა პასუხებს სცემთ?

- ბოლო 10 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო კომპანიებმა, რიგ რეგიონებში, გეოპოლიტიკური რისკების დაზღვევა და შესწავლა ბევრად უფრო ყურადღებით დაიწყეს. შესაბამისად, დღეს, საერთაშორისო ინვესტორი ბევრად უფრო კარგად აცნობიერებს და აფასებს რისკებს, ვიდრე - წლების წინ. ეკონომიკა გლობალურია და ერთმანეთთან იმდენად დაკავშირებულია, განსაკუთრებით ტექნოლოგიებში, რომ გეოპოლიტიკური რისკების შეფასება ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი. ერთი თვის წინ აშშ-ში ვიყავი და საშუალება მქონდა, არაერთ პარტნიორ კომპანიასთან მესაუბრა. როგორც იცით, ჩვენი კლიენტები უმსხვილესი ამერიკული კომპანიები არიან. რა თქმა უნდა, არაერთი კითხვა დამისვეს, რადგან მედიის საშუალებით თუ სხვა არხებით კარგად ხედავენ რა ხდება ურთიერთობის თვალსაზრისით. ჩვენ საკმაოდ ვრცელი საუბარი გვქონდა, ეკონომიკური თვალსაზრისით როგორ შეიძლება იმოქმედოს ამ პროცესმა კომპანიებზე და შემდეგ უკვე რა რისკები შეიძლება მოჰყვეს ბიზნესში - როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში და რამდენად დგას ჩვენი გრძელვადიანი გეგმების გადახედვა დღის წესრიგში. გულწრფელად ვისაუბრეთ... ბევრ კითხვაზე, რაც დაგვისვეს, ჩვენი პასუხები მისაღები იყო; არგუმენტები მიიღეს და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში აქტიურ ინვესტირებას ვაგრძელებთ. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოში მდგომარეობა არ არის ცუდი, პირიქით, ეკონომიკა სწრაფად იზრდება. შესაბამისად, ბიზნესისთვის ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელია. ასევე, მოგეხსენებათ, Lineate-ის მეორე ოფისი სომხეთშია და იქაც ეკონომიკა დადებით ტენდენციებს აჩვენებს. შეიძლება, ისე სწრაფად არ იზრდება, როგორც საქართველოში, მაგრამ მაკროეკონომიკურად სომხეთი ცუდ მდგომარეობაში არაა. ამდენად, ცოტა უფრო ფართოდ რომ გადახედავენ {ინვესტორები} რეგიონს, დიახ, ბევრი რისკი არსებობს, თუმცა დღეს ეს რისკები არ არის იმ დონეზე, რომ თუნდაც ჩვენს ინდუსტრიაში, ინვესტორებმა დაიწყონ ფიქრი იმაზე, რომ ხვალინდელმა დღემ რა შეიძლება მოიტანოს.

- რა შემთხვევაში შეიძლება ინვესტორებმა, თქვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა გრძელვადიან გეგმებს გადახედონ საქართველოში და სად არის ის ზღვარი, როდესაც თქვენც, როგორც ინვესტორი მეტ სიფრთხილეს გამოიჩენთ ახალი ვალდებულებების აღებისას?

- საკუთარი მთავრობის განცხადებები და ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მიიღებს აშშ-ის მთავრობა, ამერიკული კომპანიებისთვის იქნება ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, თუ რა ტიპის პოლიტიკა არსებობს ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ეს გზავნილები იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. გზავნილების გარდა, ტექნოლოგიების ინდუსტრიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია უსაფრთხოების შეგრძნება. ჩვენ წვდომა გვაქვს ჩვენი კლიენტების შიდა სამზარეულოსთან, ვეხმარებით კომპანიებს ბიზნესის განვითარებაში, ვართ მათი ნაწილი და შესაბამისად, ვიცით რა არის მათი უპირატესობები - ეს არის დაკავშირებული მონაცემთა ბაზებთან და ბევრ სხვა ელემენტთან, რომლის უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ჩვენს საქმეში და როგორც კი ასეთი ტიპის საფრთხე, გარემო შეიძლება, შეიქმნას, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, როცა ინვესტორები დაიწყებენ ფიქრს იმაზე, რომ ქვეყანა მათ არ სთავაზობს უსაფრთხოების ადეკვატურ ზომებს; თუმცა ეს დღევანდელი რეალობა არ არის და ამაზე საუბარიც არ ყოფილა. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მშვიდად ვართ.

- რას იტყოდით აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე დღეს - რეალობა, რომელიც „რუსული კანონის“ ამოქმედებამ მოიტანა...

- რაც შეეხება ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობას, გზავნილებსაც ვხედავთ და არ მგონია, ეს გზავნილები ვინმესთვის პოზიტიური იყოს. ვხედავთ იმას, რა ტიპის განცხადებები კეთდება ორივე მხრიდან, თუმცა ამავდროულად მინდა, აღვნიშნო, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, მზაობა არის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს. რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ბიზნესმენთა 45-კაციანი დელეგაცია ჩაიყვანა ვაშინგტონში. ქალბატონ დანიგანთან დელეგაციის შესახებ მეც მქონდა საუბარი და კარგად ვიცი, რა ღონისძიებას დაესწრნენ ქართული კომპანიები და ვისაუბრეთ იმაზეც, როგორ შეიძლებოდა, ეს ვიზიტი კიდევ უფრო პროდუქტიული ყოფილიყო. მზაობა, რომ მსგავსი ვიზიტები გაგრძელდეს, არის. ყველაფერი არაა ისე ცუდად, როგორც ჩანს.

- თქვენი აზრით, რამე კანონი ღირს იმად, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა გადაიხედოს? მახსოვს, როცა თქვენ იყავით აშშ-ში დესპანი, ხშირად გისვამდით კითხვებს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების თუ უვიზო და პირდაპირი მიმოსვლის საკითხებზე... დღეს ეს შესაძლებლობები უფრო რეალურია - განიხილება „მეგობარი“ აქტის მიღება, თუ საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება. რას ისურვებდით?

- ეს პროცესი 2018 წელს დავიწყეთ. {მეგობარი} აქტი, რომელსაც თავის დროზე ერქვა საქართველოს მხარდამჭერი აქტი და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იყო ორიენტირებული, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებაზე, წარმომადგენელთა პალატაში ორჯერ გავიტანეთ, მაგრამ აშშ-ის საარჩევნო ციკლიდან გამომდინარე, მისი დამტკიცება ვერცერთხელ ვერ მოვასწარით, მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის ორჯერ გატანაც ისტორიული მოვლენა იყო.

- ახლა ისევ გვაქვს შანსი, თუ მმართველი ძალა „რუსულ კანონს“ გააუქმებს...

- ვისურვებდი, რომ ის კანონი კონგრესში გაიტანონ, რადგან მასში ბევრი რამაა დადებითი, რითაც შეიძლება, ჩვენმა ქვეყანამ ისარგებლოს. ზოგადად ხშირად მგონია, რომ კონცენცტრაციას ვახდენთ ერთ გარკვეულ მოვლენაზე და არ ვაფასებთ უფრო ფართო მასშტაბში რა ხდება ჩვენს ირგვლივ თუ გლობალურად. არ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად დიდი პოტენციალი გააჩნია ქვეყანას, რომლის ეკონომიკაც $30 მილიარდია, მოსახლეობა - 4 მლნ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეკონომიკის განვითარება იყოს მდგრადი და გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის სიძლიერე იყოს უზრუნველყოფილი. მუდმივად უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ შეიძლება ეკონომიკის გაზრდა და რა სიკეთეები მოაქვს დამატებითი ბაზრების ათვისებას.

- საგარეო პოლიტიკური კურსი, რასაც დაადგა საქართველოს ხელისუფლება "რუსული კანონის“ მიღებით, რამე კარგს გვიქადის?

- ყველაფერს საბოლოოდ წყვეტს მოქალაქე და მისი არჩევანი. 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. მჯერა, საქართველოში ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი არჩევანი გააკეთოს, გამომდინარე იქიდან, რომელი პოლიტიკური ძალა რას სთავაზობს და რა არის მასთან ახლოს.

- ხელისუფლებებმაც უნდა დაიჯერონ, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი...

- ვფიქრობ, 30 წლის განმავლობაში საქართველოში უკვე გავიარეთ არაერთი ეტაპი ქვეყნის განვითარების. საბედნიეროდ, გვაქვს ბევრი მაგალითი, როცა ერთი პოლიტიკური ძალა აგებს, მეორე იგებს. მგონია, რომ ეს ტრადიცია მკვიდრდება და ის არჩევანი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს არჩევნებზე, იქნება პაუსხი ყველა იმ კითხვაზე, რომელსაც თქვენ მისვამთ.

- ეკონომიკური ბლოკის მინისტრებიც ასე მპასუხობენ ხოლმე - „არჩევნებზე ვაგებთ პასუხსო“ - როცა ვეკითხები, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას „რუსული კანონის“ გამო...

- დემოკრატიული პროცესია. მგონია, რომ არსებობს ციკლი არჩევნებიდან არჩევნებამდე...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები