BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი და „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძის განცხადებით, არცერთი კანონი არ ღირს იმად, რომ 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყოს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში თქვა. თუმცა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების მიუხედავად, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებით საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაშორდა და ამ კანონის პირობებში, წლის ბოლოს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ვერ დაიწყება, ნინა კობახიძის თქმით, მას არ აქვს განცდა, რომ საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია. ის იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის ისეთ ფორმას შეარჩევს, რომლითაც ისინი დაიჯერებენ და დარწმუნდებიან, რომ საქართველოს ევროპული კურსიდან არ გადაუხვევია. "ამ {რუსულმა} კანონმა, რა თქმა უნდა, მოგვიტანა ვნებათაღელვა".... საშინლად არ მსიამოვნებს, მთავრობის და პარლამენტის წევრების სანქცირებაზე მუქარები", - თქვა მან „წერტილში“.
- საქართველოს მთავრობის მეთაური ამტკიცებდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დაამშვიდებდა ქვეყანას, მაგრამ ვხედავთ რაც ხდება... რა მოგვიტანა „რუსულმა კანონმა“?
- ჯერჯერობით, შეფასებებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ ვიცით, რამდენად სამართლებრივ ჭრილში ხორციელდება ის პროცესები, რომელიც ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწვევდა, ვგულისხმობ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ამ სტატუსის {უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი} ქვეშ რეგისტრაციას. არ ვიცით, ვინ რეგისტრირდება და ვინ - არა. ზოგადად კი, რა თქმა უნდა, ამ კანონმა მოგვიტანა ვნებათაღელვა. ბიზნესსექტორი არაერთხელ შეხვდა საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრებს... ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებულ ვნებათაღელვას იწვევდა აშშ-ის და ევროპის მაღალი თანამდებობის პირების შეფასებები, რომ პროცესები არ გადასულიყო უკონტროლო მდგომარეობაში. წარმოუდგენლად მიმაჩნია და საშინლად არ მსიამოვნებს ნებისმიერი პარლამენტარის ან მთავრობის წევრის დასანქცირებაზე მუქარები. არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემი ქვეყნის მთავრობა და პარლამენტი სანქციების ქვეშ იყოს.
- მუქარა - არა, უკვე ფაქტია სავიზო შეზღუდვები, უბრალოდ, ვინაობა არ ვიცით, რადგან როგორც მეთიუ მილერმა თქვა, მსგავსი შეზღუდვების გასაჯაროება აშშ-ის ფედერალური კანონით აკრძალულია....
- სამწუხარო ფაქტია... შეუძლებელია ბიზნესს მოსწონდეს ვინმეს სანქცირება, განსაკუთრებით აღმასრულებელ და საპარლამენტო ხელისუფლებაში. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია... ჩვენ - ქართული ბიზნესი საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ {მომავალს}, ეს ბევრმა წელმა მოიტანა და მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაცია დალაგდება და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის ისეთი ფორმა იქნება შერჩეული, რაც მათ დააჯერებთ და დაარწმუნებთ, რომ საქართველოს არ გადაუხვევია ევროპული გზიდან. მე პირადად, არ მაქვს განცდა, რომ ევროპულ გზას გადავუხვიეთ.
- თქვენი აზრით, მაშინ რატომ გვეუბნება ევროკავშირიც და აშშ-ც, რომ „რუსული კანონის“ მიღებით, საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაშორდა?! რამდენიმე დღის წინ, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა ერთობლივად მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდნენ ევროატლანტიკურ გზას...
- დაუბრუნდით ნიშნავს იმას, რომ უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად მალე გაიხსნება და ჩვენც მათთან ერთად უნდა ვყოფილიყავით. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც გვიან მივიღეთ და დაგვაგვიანდა. ამ {რუსული} კანონით კი, შეიძლება ამ გზას რაღაც თვეებით და წლებით ჩამოვშორდეთ, თუმცა გლობალურად არ მჯერა და არც მინდა დავუშვა ის სცენარი, რომ საქართველომ რაიმე სხვა გზა აირჩიოს, გარდა იმისა, რომ გააგრძელოს პროგრესი, გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება და მიმზიდველი გახდეს ჩვენი როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი და სხვა პარტნიორებისთვის. არ მინდა, პოლიტიკურ ველზე გადავიდე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი არ დალაგდება, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია არ გასწორდება და დაუსრულებელი მუქარები წამოვა, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია და შესაბამისად, ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა - არა. ნებისმიერი ვნებათაღელვა ყოველთვის უნდა დაფიქსირდეს საარჩევნო ყუთთან, სადაც ძალიან კარგად გამოჩნდება ქართველი ხალხის პოზიცია - გადავუხვიეთ თუ არა ევროპულ გზას. ამდენად, მე მომხრე ვარ, ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ იქ, სადაც საჭიროა, თუმცა იმ ვნებათაღელვას, რაც ახლა მიმდინარე პროცესებს ახლავს, ვარჩევდი მეტ კომუნიკაციას და მუშაობას ადამიანთა იმ ჯგუფთან, ვისაც ეხება ეს კანონი და გვეუბნებიან - „ჩვენ ვიღებთ უცხოურ გრანტებს, მაგრამ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს და ამიტომ რატომ უნდა მერქვას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“....
- ამიტომაც ეპარება ყველას ეჭვი, რომ ამ {რუსული} კანონის მიზანი მესამე სექტორის ფინანსების გამჭვირვალობაა...
- გულწრფელად გეტყვით - ვერცერთ კანონი ვერ შეცვლის საქართველოს იმ გზას, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ვიზალიბერალიზაციით და შემდეგ უკვე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებით ავირჩიეთ.
- თუმცა, ფაქტია, „რუსული კანონი“ გვაფერხებს და ძალიან ჩამოვრჩებით უკრაინა-მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე...
- ჩვენ შევფერხდით კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მომენტშიც, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ უკრაინის საშინელი ომის გამო დაჩქარდა სტატუსის მიღება, თორემ ამდენი წელია ვამტვრევთ ევროპის კარებს, ამ პროცესების მონაწილე ვარ...
- მით უმეტეს, რადგან ევროკავშირის გაფართოების შანსი ხომ ხშირად არ ჩნდება... ნინა, თქვენ ახსენეთ, რომ ბიზნესს აწუხებს ხელისუფლების წევრების სანქცირება, მაგრამ იმავეს ვერ ვატყობთ თავად მთავრობის წევრებს და დეპუტატებს. რატომ არის სანქცირება პრობლემა - ავუხსნათ...
- მაგალითად, გვახსოვს, ოთხი მოსამართლის სანქცირება შარშან, როცა დეტალები არ ვიცოდით...
- ხელისუფლება არც იმ ფაქტზე შეწუხებულა, პრობლემას ვერ ხედავდნენ...
- მოსამართლეები როცა დაასანქცირა აშშ-მა, მე არ ვსაუბრობ იმაზე, უსამართლოდ მოხდა თუ სამართლიანად, დამრჩა განცდა, რომ არ მქონდა სრული ინფორმაცია, რატომ დაასანქცირეს ისინი. მხოლოდ იმის თქმა, რომ ტაბუდადებული თემაა, ჩემთვის როგორც ბიზნესმენისთვის არაა დამამშვიდებელი, რადგან ჩემი კომპანიის ან ნებისმიერი ბიზნესსუბიექტის საქმე მიდის ამ მოსამართლეებთან... პატარა ქვეყანა ვართ და ყველამ კარგად ვიცით, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. რაც შეეხება პარლამენტარებს, მათი არჩევანია რა კომუნიკაციას აწარმოებენ ხალხთან, მაგრამ არ მსიამოვნებს, ჩემი ქვეყნის პარლამენტარს, რომელმაც კანონი უნდა მიიღოს, რომელიღაც ქვეყანა ასანქცირებს. დეპუტატები ამბობენ, რომ ისინი შანტაჟის ქვეშ არიან და რაღაც მომენტში ვიზიარებ მათ პოზიციას, რომ დიახ, ეს არ არის სწორი ფორმატი, უნდა მოხდეს კომუნიკაცია.
- მაგრამ ისიც ხომ გესმით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და არა რუსეთი, რომ დავესაჯეთ...
- აშშ-ს აქვს მთელი რიგი დიპლომატიური ბერკეტები და სწორი პოლიტიკა... ის, რომ სანქცირებულების მთლიან სიას ჯერ არ აქვეყნებს, ვინაობას არ ასაჯაროებს, კიდევ აძლევს ყველას შანსს, მათ შორის ქართველ ხალხს, რომ ჩვენი ურთიერთობები უნდა აღდგეს უფრო მყარად და უფრო საფუძვლიანად.
- ხელისუფლების ქცევიდან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარების იმედი უნდა გვქონდეს?
- გააჩნია კომუნიკაციის რა ველს აირჩევენ შემდეგ ეტაპზე... მე როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი, ვიცოდი, რა ფორმის კომუნიკაცია უნდა აგვერჩია.
- ამათ არ იციან თუ ასეთია „ოცნების“ პოლიტიკური არჩევანი დღეს?
- ვფიქრობ, ეს უფრო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საკმაოდ რთულ რაღაცას შეეჭიდნენ. საკმაოდ ბევრ ადამიანს დაუპირისპირდნენ ამ კანონის მიღების გამო და თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ კომუნიკაციით მიჰყავთ. სწორია ეს თუ არა, ამას გავიგებთ 26 ოქტომბერს... რამდენი ადამიანი მისცემს „ქართულ ოცნებას“ ხმას, იქ გაირკვევა.
- რამდენადაც ვიცი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს ხოლმე ბიზნესთან შეხვედრაზე, რომ „რუსული კანონის“ მიღების გამო, ხელისუფლების პასუხისმგებლობის შედეგი საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება...
- ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ერთ-ერთი პირველი შეხვდა ბატონ ლევან დავითაშვილს, ვიდრე ეს {რუსული} კანონი იქნებოდა მიღებული. მაშინ მინისტრს ვკითხეთ, ხომ არ შექმნის ეს კანონი ინვესტორებთან პრობლემას, რაზედაც მინისტრმა მკაფიოდ გვიპასუხა, რომ ეს კანონი აუცილებლად მისაღებია საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის...
- გჯერათ?
- მე რა მჯერა და რა - არა, ამას 26 ოქტომბერს გამოვკვეთ...
- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის და რისი იმედი გვქონდეს დღეს?
- უნდა გვჯეროდეს, რომ საუკეთესო მიმართულებით მივდივართ... თუ ნეგატიურად შევხედავთ ამ პროცესს და ერთი წუთით მაინც წარმოვიდგენთ, რომ საქართველო არაა იმ გზაზე, რისთვისაც ყველა ვიბრძვით, რთული იქნება ცხოვრება...
- მახსოვს, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ, ბიზნესის მოლოდინები ძალიან დადებითი იყო...
- ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ნამდვილად ძალიან სერიოზული მონაპოვარია...
- ნებისმიერი კანონი და პირველი რიგში, „რუსული კანონი“ ღირს იმად, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ გაიხსნას?
- არცერთი კანონი არ ღირს და არცერთი კანონი არაა იმ ძალის, რომ საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინოს.
- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?
- არაპროფესიონალიზმს ყველა სფეროში...
- თუმცა ახლა ხელისუფლების ბოსტანში ისროლეთ ახლა კენჭი?
- ვინ როგორ გაიგებს...