"წარმოუდგენელია, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, მთავრობაში მყოფმა რომელიმე ადამიანმა თქვას: „არ ვიცი ან ვერ ვხედავ, რომ რუსული პოლიტიკის გამტარებელი ვარო“, - ეს განცხადება 2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ „წერტილთან“ ინტერვიუში გააკეთა. „სწორი გადაწყვეტილების დრო ჯერ კიდევ არის“ - ამბობს ვერა ქობალია. მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე რუსული პოლიტიკის გამტარებელი იყო და „რუსული კანონის“ მიღებით, ეს კიდევ უფრო ცხადი გახდა.
- „რუსული კანონი“ ძალაში შევიდა, მიუხედავად მოქალაქეების თითქმის ორთვიანი უწყვეტი პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებისა, რომ ამ კანონით ევროინტეგრაციის გზას ვშორდებით. როგორ გამოიყურება დღეს საქართველო?
- დღეს, საქართველო მძიმედ გამოიყურება... გუშინ ვესაუბრებოდი ევროკავშირში კანადის მისიის ელჩს, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა; მან მითხრა, ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას არასწორი კურსი აქვს აღებული და აინტერესებდა, როგორი ცვლილებები შეიძლება მივიღოთ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ძალიან მძიმე საყურებელია, რომ შეცვლილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირი და აშშ-ც სხვადასხვა გადაწყვეტილებას ბევრად სწრაფად, წუთებსა და დღეებში იღებენ, ჩვენ ასე ჩამოვრჩით და შეიძლება, სრულიად სხვა გარემოებაში აღმოვჩნდეთ მომავალში....
- მმართველი პარტიის მიერ „რუსული კანონის“ მეორედ მობრუნების და ამოქმედების ლოგიკა გესმით?
- ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე რუსული პოლიტიკის გამტარებელი იყო... არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც „გაზპრომის“ აქციების და კრემლის ირგვლივ ქონების მფლობელია, არ ექვემდებარებოდეს პუტინის პოლიტიკას... შეიძლება, ის {ბიძინა ივანიშვილი} წლების განმავლობაში ამას სხვანაირად უფუთავდა ზოგიერთ მინისტრს თუ საჯარო სექტორში დასაქმებულს, ზოგიერთი კი, პირადი ინტერესების გამო, თავად ხუჭავდა თვალს, მაგრამ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, დღეს იმდენად ნათელი გახდა ყველაფერი, რომ წარმოუდგენელია, მთავრობაში მყოფმა რომელიმე ადამიანმა თქვას: „არ ვიცი ან ვერ ვხედავ, რომ რუსული პოლიტიკის გამტარებელი ვარო“... რატომ იქცევიან ასე?! ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, შეიძლება ეს აიხსნას მისი პირადი და ოჯახის ინტერესების დაცვით; შეიძლება აშშ და ევროპა არ აინტერესებს და იცხოვრებს რუსეთში... რაც შეეხება მთავრობაში დასაქმებულებს, სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ ალბათ მათაც პირადი ინტერესები ამოძრავებთ, თუმცა არ მესმის, როგორ შეიძლება ღალატობდე შენს ქვეყანას?!
- რას ურჩევდით საჯარო სექტორში დასაქმებულებს? შეუძლებელია, უმრავლესობა ვერ იაზრებდეს „რუსული კანონის“ ნამდვილ მიზნებს....
- დარწმუნებული ვარ, მთავრობაში, სამინისტროებში დასაქმებულ ბევრ ადამიანს ძალიან კარგად ესმის, რაც ხდება, მაგრამ ფიქრობენ, რომ გვიანია მოქმედება, რადგან ამ გუნდის წევრები არიან და ინერციით მიჰყვებიან; მე ნამდვილად მჯერა, რომ არასდროს არ არის გვიან; ისტორიაში ბევრი მაგალითი გვაქვს, მათ შორის მე-20 საუკუნიდან, როცა დიდი პოლიტიკური ცვლილებების დროს ადამიანებმა დაუშვეს კონკრეტული შეცდომები, მაგრამ შემდეგ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს... იმავეს ვეტყოდი ელჩებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან - არც მათთვის არის გვიანი; მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება.