როგორც ჩანს, Apple-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი რამდენიმეწლიანი ზამთრის ძილიდან გამოვიდა. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას უახლესი შეთანხმება გვაძლევს, რომლითაც გაირკვა, რომ ამერიკულმა გიგანტმა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე მომუშავე კანადური სტარტაპი, DarwinAI შეიძინა.
უშუალოდ სტარტაპის შესყიდვის ფაქტი ვაკუუმში დიდად არაფერს ნიშნავს, რადგან Apple-ის მსგავსი ტექნოლოგიური გიგანტები ათობით და ასობით სტარტაპს ყოველწლიურად ყიდულობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, არ უნდა დავივიწყოთ კონტექსტი. კონტექსტი კი ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტი 2020-იანების უმთავრეს ტექნოლოგიად იქცა და ბევრ კომპანიას ძალიან დიდ კაპიტალზე გაუხსნა წვდომა, მაგრამ Apple-მა, რომელიც საბაზრო კაპიტალიზაციით რიგით მეორე კომპანიაა მსოფლიოში, ამ ტენდენციით ჯერ ვერ ისარგებლა.
მაშ, რატომ ვერ იყენებს Apple-ი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას ისე, როგორც, მაგალითად, მისი პირდაპირი კონკურენტი Samsung-ი? ამ კითხვაზე პასუხს კომპანიის მიერ წინა წლებში არჩეულ სტრატეგიაში უნდა ვეძებოთ, რომელიც, გაუგებარი მიზეზებით, ფაქტობრივად არ ითვალისწინებდა Apple-ის ხმოვანი ასისტენტის, Siri-ის განვითარებას, მაშინაც კი, როცა მსგავსი ფუნქციონალი ლამის ყველა ტექნოლოგიურმა კომპანიამ განავითარა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩინეთში, ასევე რუსეთში. თავად ეს ფაქტი კი, როგორც ჩანს, Apple-ის მიერ ახალ რეალობასთან დროებით ვერშეგუებას უკავშირდება, რადგან იმ დროს, როცა მსოფლიომ OpenAI-ის ChatGPT იხილა, ამ ტექნოლოგიის მდგრადობასთან და რეალურ სარგებელთან დაკავშირებით კითხვები მაინც არსებობდა. დღეს, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებში ეჭვი აღარავის ეპარება.
მაშ, რას საქმიანობს DarwinAI, რომელიც Apple-მა მიმდინარე წლის დასაწყისში შეიძინა? კანადური კომპანიის ნოუჰაუ უკავშირდება არა ხელოვნური ინტელექტის გენერაციულ უნარებს, არამედ წარმოების პროცესის გაუმჯობესებას, რის გამოც, DarwinAI-ის კორპორაციულ კლიენტებს შორის სხვადასხვა პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს ვხვდებით, მათ შორის Lockheed Martin-სა და Intel-ს. თუმცა ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგია, რომელსაც DarwinAI იყენებს - შემეცნებაა. კანადური სტარტაპის მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ნეირონული ქსელების აგებულება ძირფესვიანად შეისწავლოს და მისი ფუნქციური ასლი შექმნას, რომელიც იგივე ფუნქციებს შეისწავლის, მაგრამ ზომით გაცილებით მცირე იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, DarwinAI ისეთ ხელოვნურ ინტელექტს ქმნის, რომელსაც სხვა ხელოვნური ინტელექტის სისტემების ეფექტიანობის გაზრდა შეუძლია.
ისმის კითხვა - რად უნდა Apple-ს ასეთი კომპანია? პასუხი, რომელსაც ეს კითხვა ბადებს რამდენიმე ნაწილისგან შედგება, მაგრამ ორივე მათგანი iPhone-ს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ Apple-ი ისეთ ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს, რომელიც უშუალოდ მოწყობილობაში გაეშვება და არა ქლაუდზე, როგორც ეს სხვა კომპანიების შემთხვევაში ხდება. თუმცა მთავარი, უფრო ფუნდამენტური მიზეზი Apple-ის მთავარი კონკურენტის, Samsung-ის მიერ გამოშვებულ ფლაგმანურ სმარტფონს, Samsung S24 Ultra-ს უკავშირდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითაა გამოტენილი. შეიძლება ითქვას, რომ ამ სმარტფონის გამოშვებით, წმინდა ფუნქციურად, Samsung-მა Apple-ი ჩამოიშორა, თანაც ისეთი სხვაობით, რომელიც დეკადებია, რაც არ გვინახავს.
თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის, რადგან დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორც წესი, სინქრონულად ვითარდებიან, ანუ ძალიან იშვიათია, კომპანია ისეთ ტექნოლოგიას ავითარებდეს, რომლის მსგავსი სხვა ტექნოლოგიურ გიგანტს არ აქვს - ასეთი რამ თითქმის არასდროს ხდება. შესაბამისად, მიმდინარე ზაფხულში (ან ყველაზე გვიან - შემოდგომაზე) Apple-ისგან არაერთ ძალიან დიდ, შეიძლება ითქვას რევოლუციურ სიახლეს უნდა ველოდოთ, რომელთა უმეტესობა, სწორედ ხელოვნურ ინტელექტთან იქნება დაკავშირებული.
კანადური DarwinAI-ის შესყიდვა ერთ-ერთი ნაწილია იმ დიდი ფაზლისა, რომელსაც Apple-ის გენერალური დირექტორი, ტიმ კუკი კალიფორნიის ქალაქ კუპერტინოში აწყობს.