მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ იბარებენ წისქვილები ხორბალს 70 თეთრად? - ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადება

64aeb63582a78
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.23 18:38
2738
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წისქვილკომბინატების მიერ ივნისში ქართული ხორბლის ჩაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ წელს ბაზარზე განვითარებული პროცესები არაერთგვაროვანია და წისქვილებს ახალ მოსავალთან ერთად, ძველი დაბალი ხარისხის ხორბლის ჩაბარებაც უწევთ.

გარდა ამისა, ასოციაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე მეხორბლე ფერმერები მოსავლის რეალიზებას ახლავე ცდილობენ და მარცვლეულს არ ასაწყობებენ, როგორც ეს ტრადიციულად წინა წლებში ხდებოდა ხოლმე, რაც წარმოებაზე გარკვეულ წნეხს ქმნის.

„როგორც ცნობილია 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებაში მოქმედებს დროებითი მოსაკრებელი 5 თვით, რომლის მიზანია ხორბლისა და ფქვილის აქამდე არსებული არათანაბარი საიმპორტო პირობების გათანაბრება.

დროებითი მოსაკრებლის შემოღებიდან და ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე პირობების გათანაბრებიდან გავიდა 1 თვე, აქედან გამომდინარე ასოციაცია ვალდებულად თვლის საზოგადოებას გააცნოს პროცესის მიმდინარეობა და არსებული გამოწვევები.

წლევანდელ წელს ბაზარზე განვითარებული პროცესები არ არის ერთგვაროვანი, რადგან წელს ქართველ ფერმერებს დარჩენილი ჰქონდათ სარეალიზაციოდ შარშანდელი ხორბლის მოსავალი. საქართველოში ახლაც მიმდინარეობს ხორბლის მოსავლის აღების პროცესი.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ივნისის დასაწყისიდან საქართველოს წისქვილკომბინატების მიერ მიღებულია 20 000 ტონა როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის ქართული ხორბალი, რაც ისტორიულად წლების განმავლობაში ივნისის თვეში მიღებული ხორბლის რაოდენობის მრავალწლიან ნორმაზე მეტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსავლის საკმაოდ დიდი პროცენტი მათ შორის მარცვლეულის მწარმოებელთა წინასწარი ინფორმაციით, სხვადასხვა არსებული არასახარბიელო პირობებიდან გამომდინარე, არის საფურაჟე (ანუ არასასურსათო), შესაბამისად, წისქვილკომბინატები სამწუხაროდ ამ ხორბალს ვერ ჩაიბარებენ.

გამოწვევაა ისიც რომ წელს, ხორბლის რეალიზაციის წლობით ჩამოყალიბებული ტენდენცია შეიცვალა, კერძოდ თუ წლების განმავლობაში მოსავლის აღების დასაწყისში ფერმერები მხოლოდ აუცილებელი ხარჯების დასაფარად პირველ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობის ხორბალს ყიდდნენ, მოსავლის დაახლოებით 10 -15%-ს , ხოლო დანარჩენი ნაწილი საწყობდებოდა ზამთრის თვეებში უფრო მაღალი ფასით რეალიზაციის მიზნით, წელს ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე ფერმერების უმეტესობა მაქსიმალურად ცდილობს უახლოეს პერიოდში ჩააბარონ ხორბალი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული მაქსიმალურ წნეხს ქმნის წისქვილებზე დიდი რაოდენობის ხორბლის დროის მოკლე მონაკვეთში მიღების მხრივ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია ერთი თვე, წისქვილკომბინატები სრული სიმძლავრეებით ვერ მუშაობენ, რადგან ჯერ კიდევ დიდია წინა თვეებში აგრესიულად შემოსული დიდი რაოდენობის იმპორტირებული ფქვილის გავლენა, როგორც ფქვილის რეალიზაციის პროცესზე, ასევე ფასზე“, - განმარტავენ ასოციაციაში.

დარგობრივი გაერთიანების განცხადებაში აღნიშნულია ისიც, თუ რატომ ვერ ხერხდება ფერმერებისგან ქართული ხორბლის 70 თეთრად ჩაბარება და რა ფაქტორები მოქმედებს შექმნილ ვითარებაზე.

„გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, ის პარამეტრები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით სამი ინდუსტრიის - პურის მწარმოებლების, წისქვილკომბინატების და მარცვლეულის მწარმოებლების კონსულტაციების შედეგად პურის ფასის შენარჩუნების, ასევე ქართული ხორბლის ჩაბარების მიზნით დადგინდა: 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის საორიენტაციო ფასი 52 ლარის ფარგლებში, რაზეც მიება წისქვილების მიერ ქართული ხორბლის შესყიდვის ფასი 70 თეთრი 1 კილოგრამზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე პირველ ეტაპზე წისქვილკომბინატების მიერ 70 თეთრად შესყიდული იქნა ძველი მოსავლის ქართული ხორბალი, თუმცა დღევანდელ ეტაპზე ამას ჯერ კიდევ ვერ მიყვა კონსულტაციების შედეგად განსაზღვრული ფქვილის სარეალიზაციო ფასი 52 ლარი (1 ტომარა ფქვილი) . დღეს პურის ქარხნების მიერ ბაზარზე ფქვილის ფასი 47 ლარის ნიშნულზეა დაფიქსირებული, რამაც ავტომატურად გამოიწვია წისქვილკომბინატების მიერ შესასყიდი ხორბლის ფასის კორექტირება 65 თეთრის ფარგლებში (საბაზისო მე 3 კლასის ხორბალი), გამომდინარე იქედან, რომ წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის შესასყიდ ფასს პირდაპირ განსაზღვრავს პურის მწარმოებლების მიერ პირველი ხარისხის ფქვილის შესასყიდი ფასი.

დღეს ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, როგორც წისქვილკომბინატების და ფერმერების, ასევე პურის მწარმოებლების მიერ დათქმული პარამეტრების შესრულება.

საქართველოს წისქვილკომბინატები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენზე აღებული ვალდებულებების უპირობო შესრულებას, აგრეთვე ბაზარზე გამოწვევების შესაბამისად, მზაობას ვაცხადებთ მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ დაინტერესებულ მხარესთან ნებისმიერი საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით“, - აცხადებენ ასოციაციაში.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წისქვილკომბინატებში ხორბლის ჩაბარების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მეხორბლე ფერმერებისგან ხორბალს 20-მდე წისქვილკომბინატი იბარებს.

უწყების განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კი მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ 14 ივლისს დედოფლისწყაროში საპროტესტო აქცია დააანონსა. ფერმერები აცხადებენ, რომ მთავრობის დადგენილება ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებისა და წისქვილებზე გაწერილი ვალდებულებების შესახებ არ მოქმედებს და ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ: შესრულდეს დადგენილება, საფურაჟე ხორბალზე დაწესდეს იმპორტის გადასახადი და ხელისუფლება კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩენილ ფერმერებს საბანკო ვალდებულებების გადანაწილების მხრივ დაეხმაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები