ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით აფციაური ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთი უვიზო რეჟიმს მალე შემოიღებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე დავით აფციაური ჯერ კიდევ 2018 წელს საუბრობდა, როცა თავად იყო ჩინეთში საქართველოს ელჩი.
- ჩინეთი ამ საკითხებს თანმიმდევრულად ეკიდება. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო რისკების დონე, თუნდაც ტურიზმის თვალსაზრისით, შესაბამის ქვეყნებში, არამედ როგორია მთლიანად უსაფრთხოების სიტუაცია ქვეყანაში, რეგიონში; რა დონეზეა პოლიტიკური ურთირთობები და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, მაშინ უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის საკმარისი წინაპირობები არ იყო... ახლა კი, ეს დრო მოვიდა, როდესაც შეიძლება, ჩინეთმა მიიღოს გადაწყვეტილება და უვიზო რეჟიმი შემოიღოს.
- ახლა, როცა საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა, რატომ აღმოჩნდა ეს ცალმხრივი - რა ინფორმაციას ფლობთ?
- მე არ გამაჩნია კონკრეტული ინფორმაცია...
- მოლაპარაკების პროცესში ჩვენს სისუსტეზე ხომ არ მიანიშნებს ცალმხრივად უვიზო რეჟიმი?
- ასე არ მგონია. საქართველო არ წარმოადგენს ისეთ ბარიერს, რის გამოც შეიძლება, შეიქმნას გარკვეული წინაპირობები, რომ არ მივიღოთ უვიზო რეჟიმი; ვფიქრობ, მიზეზი, სავარაუდოდ, არის გარკვეული პროცედურების ხანგრძლივობა და ბიუროკრატია, რომელიც ჩინეთში; თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკურ ტემპს შევხედავთ, ვფიქრობ, ამ საკითხის მოგვარება დაჩქარდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ჩინეთის მოქალაქეს საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა შეუძლია ყოველ ჯერზე 30 დღის განმავლობაში; თუკი ის 30 დღის ამოწურვის შემდეგ გავა ქვეყნიდან და ისევ შემოვა, 30 დღის ათვლა თავიდან დაიწყება.