"მთავარი ამოცანაა, რომ წინააღმდეგ არ წავიდნენ ქვეყნები და ამავდროულად გაიზარდოს რაოდენობა მხარდამჭერი ქვეყნებისა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაეროს რეზოლუციაზე განაცხადა.
4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ჯამში 68 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. 8 კი რეზოლუციის მოწინააღმდეგე იყო.
კითხვაზე, რატომ ვერ მოიპოვა რეზოლუციამ ჩინეთის და ირანის მხარდაჭერა, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ იყო წლები, როდესაც სომხეთი არ უჭერდა მხარს, დღეს კი რეზოლუციის მხარდამჭერია.
"ეს, რა თქმა უნდა, არის პროცესი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან სკრუპულოზურად მიჰყვება წლიდან წლამდე. ქვეყნები გადაწყვეტილებებს იღებენ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის საკუთარი შიდა პოლიტიკის გადმოსახედიდან და ესეც იყო, მაგალითად, ერთ-ერთი ფაქტორი, სომხეთი რატომ არ უჭერდა მხარს, შემდეგ დაუჭირა მხარი. ასე რომ, ჩვენ ამ პროცესს მივდევთ. მთავარი არის, რომ არის მზარდი რაოდენობა ქვეყნებისა, რომელიც მხარს უჭერენ და ასევე, ვმუშაობთ, რომ თუკი მხარდამჭერი არა, თავშეკავება დააფიქსირონ ქვეყნებმა და არა წინააღმდეგობა რეზოლუციასთან დაკავშირებით. მათ შორის, თქვენ ნახეთ, რომ ორმა ქვეყანამ, რომელიც თავს იკავებდა ტრადიციულად, ამ შემთხვევაში დააფიქსირეს თავშეკავება, თუმცა იქვე ნაწილობრივ დაეთანხმნენ რეზოლუციას საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს პროცესია, რომელიც მიდის და საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მართლაც დიდი შედეგები ამ მხრივ, რომ იყოს რაოდენობა ქვეყნებისა მაღალი.
ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ახლო სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს და შეიძლება მხარს არ უჭერენ ამ რეზოლუციას, მაგალითად შვეიცარია, ყველას თავისი მიზეზი აქვს, რომელიც ზოგი შიდა პოლიტიკაში არის, ზოგი სხვა საკითხებში არის, მაგრამ ამ მხრივ თავშეკავებაც მხარდაჭერაა ხოლმე რიგ შემთხვევებში, როდესაც ზოგიერთ ქვეყანას ეხება ეს საკითხი", - ამბობს პაპუაშვილი.




























