მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ შედის "კობი" ნიგერიის ბაზარზე?

5e46b11b64594
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.20 19:20
4264
"კომპანია „აქვა გეო“ მინერალური წყალი „კობის" ექსპორტისას გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგა", - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გარდა ევროპისა კომპანია „კობის" ექსპორტზე გატანას ნიგერიაში ცდილობს, თუმცა ამ ეტაპისთვის ნიგერიულ ბაზარზე ანალოგიური სასაქონლო ნიშნით პროდუქტი უკვე დარეგისტრირებულია.

„ნიგერიაში გვაქვს პრობლემა, სადაც რეგისტრაციის პროცესი დასასრულისკენ მიდის და ერთადერთი შემაფერხებელი გარემოება შეგვექმნა ის, რომ „კობის" სახელწოდებით სასაქონლო ნიშანი უკვე დარეგისტრირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, რომ როგორც ნიგერიასთან, ისე საქართველოსთან იყოს შეთანხმებული ჩვენი პროდუქტის ახალი სახელწოდება, თუმცა, ეს კიდევ დამატებითი ბარიერია, რადგან ახალ ბაზარზე ბრენდი, რომელსაც არანაირი ისტორია არ აქვს საკუთარ ქვეყანაში, მომხმარებელში ბევრ კითხვის ნიშნებს იწვევს.

ანალოგიური პრობლემაა ჩინეთთანაც, რომელიც ძალიან უკონტროლო ბაზარია ამ კუთხით. თითქმის ყველა ახალ საინტერესო პროდუქტს, რომელიც იქმნება საქართველოში, პარალელურად ჩინეთში უკვე ვიღაც ჩვენგან დამოუკიდებლად არეგისტრირებს, რაც მისთვის არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებული შემოსავლის წყარო ხდება შემდგომში. ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა და ამაში სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს", - ამბობს გიორგი ჯირკვალიძე და აღნიშნავს, რომ პირები, რომლებიც სასაქონლო ნიშანს სხვადასხვა ქვეყანაში არეგისტრირებენ შემდეგ მეწარმეებისგან კონკრეტულ თანხას ითხოვენ სახელის დათმობის სანაცვლოდ. 

მიუხედავად ამისა, კომპანიამ შეძლო „კობის" ჩინეთის ბაზარზე ექსპორტირება და დღეისთვის „კობის" საექსპორტო ბაზრებს უკრაინა, ბელორუსი, ჩინეთი, აშშ, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და გაერთიანებული ემირატები წარმოადგენენ, მომდევნო კვირიდან კი მათ რიგებს უკვე ლიეტუვაც შეუერთდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები