მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ვერ უშველა NVIDIA-ს რეკორდულმა შედეგებმა საფონდო ბირჟას?

ჩიპები

გასულ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში პლანეტის უმსხვილესი კომპანია – NVIDIA იყო, რომელმაც ფინანსური შედეგები წარმოადგინა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ კვარტალში NVIDIA-მ 57 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 62%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ანალიტიკოსების პროგნოზს $2 მილიარდით აღემატება.

ასევე შთამბეჭდავია მოგების მაჩვენებელი, რომელი $32 მილიარდს აღწევს და წლიურად 65%-იან ზრდას წარმოადგენს. NVIDIA-ს წმინდა მოგების მარჟა 56%-ის ფარგლებშია, რაც უპრეცედენტო შედეგია და თითქმის $5-ტრილიონიანი კომპანიისათვის უკიდურესად მაღალ შედეგს წარმოადგენს.

მიუხედავად რეკორდული შედეგებისა, NVIDIA-ს აქციების შეფასება 5%-ით დაეცა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის კორექციამ 3.5% შეადგინა, რაც ანომალიად შეიძლება ჩაითვალოს.

ჰუანგის თქმით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში NVIDIA-ს ოდნავ მაინც ცუდი შედეგები რომ დაეფიქსირებინა, მსოფლიო დაიქცეოდა და გლობალური საფონდო ბირჟა ჩამოიშლებოდა.

როგორც ჰუანგი ამბობს, AI-ბუშტის არსებობის გარშემო ახლა ისეთი პანიკაა, რომ NVIDIA-ს ფინანსურ შედეგებში ოდნავი მაინც ჩამორჩენა რომ ჰქონოდა, ეს გლობალური ბაზრიდან რამდენიმე ტრილიონის აორთქლებას გამოიწვევდა – ამიტომ კომპანიას შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა.

მართალია, NVIDIA-ს შეცდომა არ დაუშვია და კომპანიას რეკორდული შედეგებიც ჰქონდა, თუმცა ეს მაინც ვერ აღმოჩნდა საკმარისი საფონდო ბირჟის გადასარჩენად, რადგან ახლა უოლ-სტრიტზე პანიკური შიში სუფევს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რაციონალურ განსჯასთან და ობიექტურ რეალობასთან. ამას ისიც ცხადყოფს, რომ Fear & Greed ინდექსი ამჟამად ექსტრემალური შიშის ზონაშია და ის 2025 წლის მინიმუმზე იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები