მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ყიდულობს ინდოეთი რეკორდული მოცულობის ოქროს?

ინდოეთი

საერთაშორისო ბირჟაზე რეკორდულად გაზრდილი ფასების მიუხედავად, ინდოეთმა ოქროს და ვერცხლის შესყიდვა მკვეთრად გაზარდა. უფრო კონკრეტულად, გასული თვის განმავლობაში, ქვეყანამ 5 მილიარდ 400 მილიონი დოლარის ღირებულების 64 ტონა ოქრო იყიდა, რაც გაორმაგებული მაჩვენებელია.

მკვეთრი ზრდის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი დუსეჰრას ფესტივალია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება და ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას წარმოადგენს. დუსეჰრას პერიოდში, ოჯახის წევრები ერთმანეთში ძვირფას საჩუქრებს ცვლიან და ქუჩებში საზეიმოდ, მდიდრულად გამოწყობილები გამოდიან. როგორც წესი, ასეთ პერიოდში ოქროზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, რადგან ის ფესტივალის განუყოფელი ნაწილია.

შესაძლოა, ოქროზე მოთხოვნის რეკორდული ზრდა სეზონურობით ავხსნათ, მაგრამ თუ შესყიდვის სტატისტიკას გასული წლების ანალოგიურ პერიოდებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ მატება არაბუნებრივად მაღალია და წელს სხვა ფაქტორებთანაც გვაქვს საქმე.

ექსპერტების შეფასებით, მართალია, ამჟამად განსაკუთრებული აქტივობით იუველირები გამოირჩევიან, რომლებიც სულ უფრო მეტ ოქროს ყიდულობენ. თუმცა შემსყიდველთა შორის ასევე ვხედავთ ქვეყნის ცენტრალურ ბანკს.

სანამ ცენტრალურ ბანკზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ საიუველირო აქტივობა მხოლოდ ფესტივალით არ არის განპირობებული და რეალურად, საქმე გვაქვს სპეკულაციურ ვაჭრობასთან. მარტივად რომ ვთქვათ, კერძო ინვესტორები და ოქროთი მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ უახლოეს მომავალში ბირჟაზე ოქროს ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ამიტომ ისინი ოქროს წინასწარ იმარაგებენ და მომავლისთვის ემზადებიან. ამ შემთხვევაში, გათვლა წინა საახალწლო პერიოდზე კეთდება, რა დროსაც სამკაულების ღირებულება ტრადიციულად იზრდება.

პროფესიონალ მოვაჭრეებთან ერთად, საკმაოდ მაღალი ინტერესი შეინიშნება მოქალაქეების მხრიდანაც, რომელთაც ასევე აქვთ მოლოდინი, რომ მომავალში ოქრო უფრო ძვირი იქნება, ამიტომ მის შესაძენად ხელსაყრელი დრო სწორედ ახლაა. მოვაჭრეებისგან განსხვავებით, მოქალაქეებს გათვლა შედარებით გრძელვადიან პერიოდზე აქვთ და ისინი ოქროს სტაბილურ საინვესტიციო აქტივად განიხილავენ, რაც ინდოეთში განსაკუთრებით რელევანტურია, რადგან ქვეყანაში საფონდო ბირჟა განვითარებული ფაქტობრივად არ არის, საერთაშორისო ბაზარზე ინვესტირების კულტურა ჯერაც ჩანასახოვან ეტაპზეა და სხვა ალტერნატიული აქტივები, მათ შორის: უძრავი ქონება და კერძო ბიზნესები დაბალი ლიკვიდურობით გამოირჩევიან, რაც ოქროს ინდოეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ საინვესტიციო აქტივად აქცევს.

მოქალაქეების აქტივობის პარალელურად, შეუძლებელია დავმალოთ ქვეყნის ცენტრალური ბანკის როლი, რომელიც ოქროს რეზერვს რეკორდული ტემპით ავსებს. ამჟამად ინდოეთის სარეზერვო ბანკი 880 ტონა ოქროს აკონტროლებს და ამ მოცულობას ის ყოველთვიურად ზრდის.

ცენტრალურ ბანკს ოქრო რამდენიმე მიზნით სჭირდება, მათ შორის მთავარია ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რადგან სავალუტო კრიზისის ან ეკონომიკური რეცესიის დროს, ოქრო სარეზერვო აქტივად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ამასთან, ინდოეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით მერყევია, ოქრო კი საერთაშორისო ინვესტორებისთვის სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზედაც ქვეყნის მთავრობა საჯაროდ არ საუბრობს, საერთაშორისო სანქციებს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ინდოეთი სანქცირებული რუსული ნავთობის და გაზის უმსხვილესი შემსყიდველია, რის გამოც არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მას მეორეული სანქციები დაუწესონ. ასეთ შემთხვევაში, უცხოეთში განთავსებული აქტივები შეიძლება გაყინული იქნეს და ქვეყანას ევროსა და დოლარზე შეეზღუდოს წვდომა, თუმცა ცენტრალური ბანკის საცავში განთავსებული ოქროს სანქცირება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, ამიტომ ის გეოპოლიტიკური რისკებისაგან თავის დაზღვევის შესანიშნავ მექანიზმს წარმოადგენს.

საერთო ჯამში, ოქრო ინდოეთისთვის რამდენიმე დანიშნულებას ასრულებს: ის კულტურულად მნიშვნელოვანი მეტალია; საინვესტიციოდ ხელმისაწვდომი აქტივია და პოლიტიკური თუ ეკონომიკური რისკებისაგან თავის დაზღვევის საშუალებაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინდოეთში ოქროზე მოთხოვნა მზარდია, მიუხედავად იმისა, რომ ის ისედაც რეკორდულად არის გაძვირებული და თავად მის გაძვირებაში ინდოეთის შესყიდვებს დიდი წვლილი მიუძღვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები