მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ყიდულობს პარლამენტი 60 ახალ ავტომობილს? - აპარატის განმარტება

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი 6.7 მილიონ ლარად 60 ახალი ავტომობილის ყიდვას გეგმავს - შესაბამისი ტენდერი პარლამენტის აპარატმა დღეს გამოაცხადა. განაცხადის თანახმად, ერთი ავტომობილის შესყიდვისა და ხუთ წელზე ფლობის სავარაუდო ღირებულება 111,870 ლარი იქნება.

საქართველოს პარლამენტი შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც აღნიშნული განპირობებულია იმით რომ პარლამენტის ავტოპარკი მოძველებეულია, ხოლო საშუალო გარბენი 300,000 კილომეტრს შეადგენს. პარლამენტის განცხადებით, მოძველებული ავტოპარკი დაკავშირებულია საწვავის მაღალ ხარჯსა და ავტომობილების შეკეთების სერვისის დიდ ხარჯებთან, შესაბამისად მიზანშეწონილია მათი უფრო ახალი ავტომობილებით ჩანაცვლება.

"დღეის მდგომარეობით პარლამენტის აპარატის ბალანსზე ირიცხება 89 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება (მათ შორის საპროტოკოლო, სამორიგეო და სამგზავრო მიკროავტობუსები დელეგაციების მომსახურებისთვის), რომელთაგანაც უმეტესობა 2015 წელს თბილისში ჩატარებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური ღონისძიების შემდეგ, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადმოცემული, უკვე ექსპლუატაციაში ნამყოფი ავტომანქანები და ასევე 2007-2013 წლებში შეძენილი სხვადასხვა მარკის ავტომანქანაა.

აღსანიშნავია, რომ აპარატის ბალანსზე არსებული ავტომანქანების უმეტესობას გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და მათი საბალანსო ღირებულება განულებულია. წლების მატებასთან ერთად, გაზრდილია ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი (საშუალო წვის მაჩვენებელი 100 კმ-ზე შეადგენს 12-15 ლიტრს, ხოლო შეკეთების საშუალო წლიური ხარჯი ერთ ავტომანქანაზე შეადგენს 5000 ლარს), რაც თავის მხრივ გამოწვეულია ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ცვეთით (ავტომანქანების საშუალო გარბენი შეადგენს 300,000 კმ).

მიღებული გადაწყვეტილებით, ამორტიზებული ავტოპარკის ჩანაცვლების, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის და გარემოს მიმართ ნაკლები ზიანის მიყენების მიზნით, პარლამენტის აპარატი გეგმავს, 2025 წლისთვის, არსებული შიდა წვის ძრავიანი 60 ერთეული ამორტიზებული ავტომანქანის ჩანაცვლებას ჰიბრიდული ტიპის ავტომანქანებით.

აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე საშუალო წვის მაჩვენებელი 100 კმ-ზე შეადგენს 4-6 ლიტრს (ეკონომია - 8-9 ლიტრი), ხოლო ტექნიკური მომსახურების სავარაუდო წლიური ხარჯი ერთ ავტომანქანაზე - 700-1000 ლარს (ეკონომია ერთ ავტომანქანაზე მხოლოდ ტექნიკური მომსახურების ნაწილში შეადგენს დაახლოებით 4 000 ლარს).

გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 6 712 230 ლარი, საიდანაც თავად ავტომანქანების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 5 557 800 ლარს, ხოლო დარჩენილი თანხა 1 154 430 ლარი წარმოადგენს 5-წლიან საგარანტიო პერიოდზე გათვლილ მომსახურების (საწვავი და ტექნიკური მომსახურება) საპროგნოზო ჯამურ ხარჯს.

საქართველოს პარლამენტი შესყიდვის პროცედურას ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეშვეობით.

შესყიდვის პროცედურებისა და საქონლის მოწოდების გრაფიკის მიხედვით, შეძენილი ავტომანქანები ექსპლუატაციაში შევა 2025 წლიდან, მომდევნო, მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის.

შესყიდვის პროცედურის დასრულების შემდგომ, ამორტიზებული ავტომანქანები გადაეცემა ქონების მართვის სააგენტოს შემდგომი რეალიზაციის მიზნით", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები