მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ირანში ექსპორტი 629%-ით გაიზარდა | მიზეზი ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებაა

ავტომობილები

საქართველო-ირანის სავაჭრო ბრუნვა, ექსპორტის გააქტიურების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლის პირველ ნახევარში ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 231 მილიონ 419 ათას დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც შარშან ამავე პერიოდში $139 მილიონს შეადგენდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ორი ქვეყნის ვაჭრობის სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტი ექსპორტს აღემატება, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს ირანში ექსპორტი 629%-ით 106.8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. შედარებისთვის შარშან 6 თვეში ექსპორტი მხოლოდ 14.6 მლნ დოლარი იყო. ირანში საქონლის გადაზიდვების ასეთი ზრდის გამო, აშშ-სთან ამ დროისთვის კონფლიქტში მყოფი ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა, საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში 2.8%-იანი წილით მე-9 ადგილზეა.

ირანთან ექსპორტს თვიურ ჭრილში თუ შევხედავთ, დავინახავთ, გადაზიდვები განსაკუთრებით აპრილის შემდეგ აქტიურდება და ყველაზე მოცულობითი ივნისშია:

  • იანვარი - $3.8 მლნ;
  • თებერვალი - $4.4 მლნ;
  • მარტი - $2.6 მლნ;
  • აპრილი - $11.7 მლნ;
  • მაისი - $34.6 მლნ;
  • ივნისი - $49.5 მლნ;

საქსტატის ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, ირანში ექსპორტის ამგვარი ზრდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებამ განპირობებული და ამ საქონლის გაყვანაზე მოდის ექსპორტის დიდი ნაწილი. ამ პერიოდში ირანში გაყვანილი ავტომობილის საშუალო ღირებულება 17 559 დოლარი იყო.

ირანში გატანილი TOP-5 საქონლის რეიტინგი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $89.3 მლნ, 5 086 ცალი;
  2. ფეროშენადნობები - $6.9 მლნ, 5 156 ტონა;
  3. ხე-ტყის მასალა - $2.8 მლნ, 6 467 ტონა;
  4. პოლიმერები პროპილენისა და სხვა ოლეფინებისა - $1.3 მლნ, 1 113 ტონა;
  5. სიგარები და სიგარილები - $1.1 მლნ, 71 ტონა;

ამ საქონლის გადრდა, წელს ირანში გავყიდეთ ყავის და ჩაის ექსტრაქტები, ქერი, ვეტერინარიაში გამოსაყენებული ხელსაწყოები, შოკოლადის და კაკაოს მზა პროდუქტები, სიმინდი და სხვა.

რაც შეეხება იმპორტს, რომელიც ექსპორტს აღემატება, წელს 6 თვეში ირანიდან შეძენილი საქონლის ღირებულება თითქმის არ შეცვლილა და $124. 5 მლნ შეადგინა.

იმპორტირებული TOP-5 პროდუქტის რეიტინგი ასეთია:

  1. მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - $13.4 მლნ, 65 934 ტონა;
  2. ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში - $8.7 მლნ, 19 022 ტონა;
  3. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $7.7 მლნ, 15 471 ტონა;
  4. წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად - $7.4 მლნ, 13 618 ტონა;
  5. ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $6.2 მლნ, 13 329 ტონა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები