მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ზღუდავს კრემლი რუბლის ქვეყნიდან გატანას და როგორ პოულობენ რუსები "შავ ხვრელებს"?

რუბლი

რუსეთიდან ფულის გატანა იზღუდება - გადაწყვეტილება, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულებით დღეს, 29 სექტემბერს ამოქმედდა, საკმაოდ კონკრეტული და მიზნობრივია.

კერძოდ, რუსეთმა მეზობელ ქვეყნებში ნაღდი რუბლის გატანის ზღვარი მკვეთრად შეამცირა - თუ აქამდე ლიმიტი 100 ათასი დოლარის ეკვივალენტი იყო, ახლა ჭერი 1 მილიონ რუბლამდე, ანუ სულ რაღაც 12 ათას დოლარამდე ჩამოვიდა. ეს შეზღუდვა ევრაზიული კავშირის პარტნიორებთან - ბელარუსთან, ყაზახეთთან, სომხეთსა და ყირგიზეთთან ერთად, აზერბაიჯანზე, ტაჯიკეთსა და უზბეკეთზეც გავრცელდა.

წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკურ პირებს 1 მილიონზე მეტი თანხა ჩამოერთმევათ, აი, რაც შეეხებათ კომპანიებს, მათ ნაღდი ფულის გატანა საერთოდ აკრძალული აქვთ - შესაბამისად, რასაც აღმოუჩენენ, იქვე დაექვემდებარება კონფისკაციას. გამონაკლისი მხოლოდ საერთაშორისო აეროპორტებში დაიშვება, ისიც საბანკო ამონაწერის წარდგენისა შემთხვევაში ან დიპლომატებისთვის.

საინტერესო ფაქტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას უძღოდა წინ, იყოს ის, რომ რამდენიმე კვირით ადრე მეზობელი ქვეყნების ბანკები ნაღდი რუბლის შედინებამ ისე გადატვირთა, რომ ბელარუსსა და ყაზახეთში რუსული ვალუტის შეტანაზე 2-დან 5 პროცენტამდე საკომისიოებიც კი დააწესეს.

კითხვაზე, რატომ დასჭირდა მოსკოვს საკუთარი ვალუტის გატანის ასე დრამატულად შეზღუდვა, პასუხი ის არის, რომ კრემლი საბანკო სისტემიდან ლიკვიდობის, ანუ რეალური ფულის მასის გასვლას ებრძვის. თავის მხრივ, ამას განაპირობებს ის, რომ მხოლოდ 2026 წლის იანვარში რუსული კომერციული ბანკებიდან 13 მილიარდ დოლარზე მეტი ნაღდი ფული გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს აკრძალვა მხოლოდ ერთი დეტალია კაპიტალის კონტროლის იმ მკაცრ სისტემაში, რომელიც რუსეთში 2022 წლიდან იქმნება.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უცხოური ვალუტის ნაღდი სახით გატანაზე მორატორიუმი უკვე დიდი ხანია გამოაცხადა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის 2027 წლამდე გაახანგრძლივა - ძველი ანგარიშებიდან მაქსიმუმ 10 ათასი დოლარის გამოტანაა შესაძლებელი, 2022 წლის მარტის შემდეგ გახსნილი ანგარიშებიდან კი უცხოური ვალუტის ნაღდად მიღება საერთოდ აკრძალულია. ამას ემატება ექსპორტიორებისთვის სავალუტო შემოსავლების იძულებითი დაბრუნება - მსხვილ კომპანიებს შემოსავლის 40%-ის რეპატრიაცია და მისი 90%-ის შიდა ბაზარზე გაყიდვა ევალებათ. არარეზიდენტების კაპიტალი კი სპეციალურ „C“ ტიპის ანგარიშებზეა ჩაკეტილი.

ოფიციალურ დონეზე კრემლი მაქსიმალურად ცდილობს, კაპიტალი გააკონტროლოს, თუმცა მუშაობს თუ არა ეს ფინანსური "რკინის ფარდა", ეს მეორე საკითხია. როგორც ირკვევა, ფულის გადინებას ვერც ადმინისტრაციული ზომები აჩერებს - ისინი, ვინც ოდნავ დანაზოგს მაინც ფლობენ და თანამედროვე ტექნოლოგიაშიც ერკვევიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ არაფერი რუსეთში არ დარჩეს და, აი, როგორ: საბანკო გადარიცხვებისა და ნაღდი ფულის ჩაკეტვის საპასუხოდ შეძლებულმა მოქალაქეებმა კაპიტალის მთავარ არტერიად კრიპტოვალუტა, განსაკუთრებით კი სთეიბლქოინი Tether-ი აქციეს. მოსკოვის ფინანსურ ცენტრში, „ფედერაციისა“ და „იმპერიის“ ცათამბჯენებში, ნაღდი რუბლის კრიპტოაქტივებში გადაცვლა ყოველგვარი შემოწმების გარეშე, წუთებში ხდება. ჩრდილოვანი იმპორტიორები კი ანგარიშსწორებას A7A5-ის მსგავსი სქემებით იქამდე ახორციელებდნენ, სანამ ამ მექანიზმს სანქციები დაედებოდა. თუმცა კი, საერთაშორისო შეზღუდვების დაწესებამდე რუსეთიდან 93 მილიარდ დოლარზე მეტის გატანა მაინც მოხერხდა.

ცხადია, რუსეთის ხელისუფლება ამ მეთოდების არსებობის შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა ე.წ. შავი ხვრელების ამოვსებას კრემლის მიერვე დაწერილი ფედერალური კანონმდებლობა, კერძოდ N282 კანონი უშლის ხელს. ის ქვეყნის მასშტაბით კრიპტოვალუტით შიდა გადახდებს სრულად კრძალავს, თუმცა ციფრული აქტივებით საგარეო ვაჭრობას შეუზღუდავად უშვებს. შედეგი კი ის არის, რომ მხოლოდ 2026 წლის მეორე კვარტალში, რუსეთის საგადამხდელო ბალანსში აუხსნელმა გაჟონვამ რეკორდულ 12.2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მართალია, ერთი შეხედვით ეს საკანონმდებლო "შავი ხვრელი" კრემლის პოლიტიკის თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა თავად რუსეთის ხელისუფლებაში მიზეზს არ ხსნიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები