ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უოროენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგმა Berkshire Hathaway-მ ენერგეტიკულ კომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიცია დამატებით 36 მილიონი დოლარით გაზარდა. საინვესტიციო ჰოლდინგი ამჟამად ენერგოგიგანტის 265 მილიონ აქციას, ანუ 29%-იან წილს ფლობს, რომლის საერთო შეფასება 13 მილიარდ დოლარს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ენერგეტიკული ბაზრისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიებისგან Berkshire-მა სპეციალური ნებართვა მიიღო, რომელიც საფინანსო ჰოლდინგს Occidental-ის 50%-იანი წილის შეძენის უფლებას აძლევს.
ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით, 50%-იანი წილის შეძენის შემდეგ, Berkshire-ი Occidental-ს სრულად გამოისყიდის და მის მრავალფეროვან საინვესტიციო პორტფელს კიდევ ერთი წარმატებული კომპანიით გაამდიდრებს.
Occidental-ში ინვესტიციის გაზრდის მიზეზს რაც შეეხება, სავარაუდოდ, ეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმებთან არის დაკავშირებული, რომელსაც ამერიკული ენერგეტიკული სექტორის გაძლიერება და ქვეყანაში ნავთობის მოპოვების გაზრდა სურს. უშუალოდ Occidental-ის მფლობელობაში თითქმის 3 მილიარდი ბარელის მოცულობის სანავთობო რეზერვია, რომლის ათვისება კომპანიას ნებისმიერ დროს შეუძლია.
ამასთან, ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებით ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ, რადგან OPEC-ის გადაწყვეტილების გამო, ნავთობის ფასი ისევ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, გაზის ფასი კი - იზრდება, თავად ეს მოცემულობა ენერგეტიკული კომპანიების შემოსავლებზე პოზიტიურად აისახება.
საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა - ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $1-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით, მე-11 ადგილს იკავებს.
"ომაჰელი ორაკული“ ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Bloomberg-ის მიერ ბაფეტის ქონება $148 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მე-9 ადგილს იკავებს.
Berkshire Hathaway-ის მიერ მიღწეული ეს ფინანსური შედეგი პირდაპირ უკავშირდება უორენ ბაფეტის ღირებულებაში ინვესტირების, ანუ Value Investing-ის ფილოსოფიას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მიდგომა ისეთ კომპანიებში ინვესტირებას გულისხმობს, რომლებიც ბაზრის მიერ დღეს მათ რეალურ ღირებულებაზე ნაკლებად არის შეფასებული, რადგან სწორედ ასეთ კომპანიებს შეუძლიათ, რომ გრძელვადიან პერიოდში, ინვესტორებს ყველაზე დიდი სარგებელი მოუტანონ. შედეგად, უორენ ბაფეტი არასდროს ჰყვება ტენდენციებს და არ ყიდულობს გადაფასებულ, ანუ ე.წ. “ჰაიპში” მყოფ კომპანიებს. პირიქით, Berkshire Hathaway-ის ფინანსური პორტფელის დიდი ნაწილი გლობალური ფინანსური კრიზისის დროს შეიკრა, როცა უორენ ბაფეტმა რამდენიმე ამერიკული ბანკი გაკოტრებას გადაარჩინა.
ღირებულებაში ინვესტირების ფილოსოფიის ერთ-ერთი პოსტულატი დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ქონას გულისხმობს, რათა კომპანიამ ინვესტიცია იმ დროს განახორციელოს, როცა შესასყიდი აქტივის ღირებულება სათანადო დიაპაზონში მოხვდება. კონკრეტულ კომპანიაში ინვესტირების დროს, უორენ ბაფეტი რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს აკვირდება, ესენია: გამართული ფუნდამენტური მაჩვენებლები, გრძელვადიანი ზრდის პოტენციალი და კონკურენტული უპირატესობა. ამასთან, უორენ ბაფეტი ხშირად ინვესტირებს ისეთ კომპანიებში, რომლებიც აქციონერებისთვის პერიოდულ დივიდენდს აგენერირებენ, რომელსაც Berkshire Hathaway-ი, მოგვიანებით, საკუთარ აქციონერებზე ანაწილებს.
ნაღდი ფულის მიმართ კონსერვატიული მიდგომა უორენ ბაფეტს ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ის განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს დიდი გაურკვევლობის დროს. მსოფლიოში მიმდინარე ორი ომი და პოტენციური ესკალაციის რამდენიმე კერა, ისევე, როგორც ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომი ის საფუძველია, რომელსაც შეგვიძლია არამყარი ვუწოდოთ. როგორც ჩანს, უორენ ბაფეტს არ ეგულება ისეთი აქტივი, რომელიც გრძელვადიანად იმაზე დიდ ამონაგებს მოუტანს, ვიდრე $325 მილიარდის ნაღდი ფულის ეკვივალენტად, ანუ სახაზინო ობლიგაციების სახით შენახვა.
თუმცა დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ფლობას კიდევ ერთი უპირატესობაც აქვს, რომლის საფუძველიც ისევ და ისევ უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფილოსოფიაში უნდა ვეძებოთ. ის კომპანია, რომელიც ბევრი საკმაოდ დიდი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობის თანხას ინახავს, ჭეშმარიტად ფინანსურად დამოუკიდებელია, ანუ სხვადასხვა გარიგებაში შესასვლელად არც საბანკო სესხი დასჭირდება არც პარტნიორების ჩართვა, რაც Berkshire Hathaway-ის შემთხვევაში მოლაპარაკების დროს უფრო დიდ ძალაუფლებას და, შესაბამისად, უკეთეს პირობებს ნიშნავს.