დღეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის ე.წ. “ფულის გათეთრების” საქმეზე მორიგი სხდომა ჩატარდა. ეს წესით საქმის დასკვნითი სხდომა უნდა ყოფილიყო, თუმცა ის 2022 წლის იანვრისთვის გადაიდო, საბოლოო სხდომაზე, რომელიც 11 იანვარს ჩატარდება “რეპლიკების მოსმენა” მოხდება.
საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენებს ბრალი 2019 წლის ივლისში წარუდგინა და მათ სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით ანუ “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას” ედავება, თუმცა როგორც დაცვის მხარის, ასევე საერთაშორისო ექსპერტების და საქართველოს სახალხო დამცველის აპარტის მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, ბრალი დაუსაბუთებელია და მას “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან” არავითარი კავშირი არ აქვს.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სხდომაზე ბრალდებულების უფლებადამცველმა ეკატერინე ეგუტიამ განაცხადა, რომ “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის” მუხლი, რაზეც პროკურატურა დავობს, არის სამართლებრივი აბსურდი, რადგანაც ბრალს არ ახლავს არანაირი პრედიკატული დანაშაულის დასაბუთება, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ბრალდებულებმა “უკანონო შემოსავალი” ან “უკანონო ფულადი სახსრები” ლეგალურ ბრუნვაში მოაქციეს და საქმე ფულის უკანონო წარმომავლობას საერთოდ არც ეხება, რაც თავად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალს დაუსაბუთებელს ხდის.
“საქმეში არსებული არცერთი გარემოებით არ დგინდება არც 194-ე და არც 180-ე მუხლების დანაშაულების ანუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზების და თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობა. თუკი ბრალდებას დავუჯერებთ, 2008 წელს განხორციელებული საკრედიტო ტრანზაქციები უნდა ჩავთვალოთ “ფულის გათეთრებად”. არც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს არ აკმაყოფილებს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ბრალი.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ანუ ფულის გათეთრება უნდა გავყოთ ორ ნაწილად, ერთია პრედიკატი და მეორეა გათეთრების სამი ეტაპი. ამ ორი ნაწილის ჩაშლის შედეგადაც ვერ ვპოულობთ ვერანაირ მტკიცებულებას ამ საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ პრედიკატი ანუ კითხვა თუ რა არის “შავი ფული”, რომ ქონება უკანონო გზით არის მოპოვებული, ამას უნდა ადასტურებდეს პრედიკატი დანაშაული, ხოლო საქმეში არ გვაქვს პრედიკატი დანაშაული, შესაბამისად, უმთავრესი შემადგენლობა 194-ე მუხლისა სახეზე არ გვაქვს.
იმისთვის, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან გვქონდეს საქმე, კანონდარღვევით მოპოვებულ თანხებს უნდა შეეხებოდეს საუბარი, მაგრამ პროკურატურას ეს არ წარმოუდგენია. ფულის გათეთრება არის პირდაპირი განზრახვის დანაშაული. ფულის გათეთრება არის კონვენციური დანაშაული და კონვენციაშიც მითითებულია, რომ პირდაპირი განზრახვა არის აუცილებელი. ეს დანაშაული ისე არ ხდება, რომ რაღაც ქმედებების ჯაჭვია და უცბად ჩემდა უნებურად გავათეთრე. ბრალდებას უნდა წარმოედგინა, რომ ბრალდებულებს ჰქონდათ სწორედ განზრახვა, რომ ფულის გათეთრების ყველა ეტაპი ჩაეტარებინათ.
პრედიკატ დანაშაულზე საერთოდ არ გვაქვს მსჯელობა არც ამ სასამართლოში. ჩვენც მოკლებული ვართ შესაძლებლობას თავი დავიცვათ თაღლითობასთან მიმართებაში. პროკურატურის ვერსიაა, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ ბრალდებულებმა ითაღლითეს. ანუ არც ვიდავოთ, არც თავი დავიცვათ. ანუ დემოკრატიულ სამყაროში ასე ხდება, რომ პროკურორი გადაწყვეტს, რომ შენ ჩაიდინე დანაშაული და უბრალოდ, ხანდაზმულია ეს დანაშაული და ვერც წაგიყენებ ბრალს და ამიტომ ამაზე არც ვიმსჯელებთ. ანუ სასამართლომაც უნდა ჩათვალოს ვარაუდის დონეზე, რომ "კი თაღლითობა ჩაიდინეს" და უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპებზე ანუ 194-ე მუხლზე, რაც არის ფულის გათეთრების მუხლი. უმთავრეს საკითხზე, ანუ “პრედიკატ დანაშაულზე” ჩვენ ვართ მოკლებული, რომ ვიდაოთ ამ სასამართლოში, რაც არის წარმოუდგენელი.
მოსამართლე: ვინ შეგზღუდათ ამაში?
ბრალი არ წაგვიყენეს ამაში. ჩვენ მაინც ვმსჯელობთ ამაზე, მაგრამ ბრალი არ წაგვიყენეს და როგორ დავიცვათ თავი? ხომ უნდა ემსჯელა სასამართლოს ამაზე. პრედიკატული დანაშაული სახეზე არ გვაქვს, პრედიკატი რაც არის 194-ე მუხლის. პროკურატურის ვერსიით, უნდა ჩავთვალოთ რომ ჩაიდინეს, მაგრამ აქ არ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე. ჩვენ ამას მაინც ვცემთ პასუხს, რადგანაც მნიშვნელოვანი ელემენტია თაღლითობის შემადგენლობა ამ მოცემული მუხლის, ხოლო შემდეგი ეტაპები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განთავსება, დიფერენცირება და ინტეგრაცია უკვე ხდება მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივად მოვიპოვე ქონება. თუკი ამ პირველ ეტაპს ვერ ვადასტურებთ ვერანაირად ამ სასამართლოში და პროკურატურამ ბრალი არ წაგვიყენა, ერთადერთი, რასაც ამბობს პროკურატურა, არის ბრალდებულებმა მოატყუეს ბანკი. ბრალდებულებმა თუ მოატყუეს ბანკი, იქვე პროკურატურა მსჯელობს, რომ ბანკმა ეს არ განახოციელა, ბანკმა ის არ განახორციელა, ბანკმა იპოთეკით გაანთავისუფლა, არ გაატარა სესხის მიმართ სააღსრულებლო ღონისძიება, დეფოლტის პირობებში კიდევ დააკრედიტა მსესხებელი, მაგრამ ამავდროულად ბანკი მოატყუესო თაღლითობის გზით. სად არის მოტყუებული ბანკი? თაღლითობას, მოგეხსენებათ, დაზარალებული სჭირდება, რომლისგანაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს ფული ბრალდებულებმა. დაზარალებული არ ჰყავს საქმეს. მომჩივანი არ ჰყავს საქმეს. ბანკი ამას არ ამბობს, რომ მოვტყუვდიო. სად არის მოტყუებული ბანკი?
ეს საკითხი, რომ საერთოდ ვერ მსჯელობთ თაღლითობაზე და დამნაშავეებად უნდა ცნოს სასამართლომ რაღაც კონკრეტულ დანაშაულში, რომ მივიჩნიოთ ეს პირები დამნაშავეებად ეს ცალსახაა, მაგრამ თავის მხრივ დასაწყისშივე გაუგებარია როგორ უნდა მიეცეს კანონიერი სახე ბანკის კრედიტს? დავფიქრდეთ ამაზე, “თიბისი” ბანკმა გასცა კრედიტი. დანაშაულის შემადგენლობა მეუბნება, რომ შენ ამას მიეცი კანონიერი სახეო. ანუ უკანონო იყოო ბანკის კრედიტი და შენ მიეცი კანონიერი სახეო. როგორ? გაუგებარია როგორ მოვცეთ საბანკო კრედიტს, “თიბისი ბანკის” მიერ დასაბუთებულად და კანონიერად გაცემულ სესხს კანონიერი სახე ანუ მივდივართ აბსურდამდე.
ზოგადად დამნაშავეების მოტივაციაა, რომ შავ და ჭუჭყიან ფულს მიეცენ თეთრი სახე. გვითხარით როგორ არის გამჭვირვალედ და დასაბუთებულად გაცემული საბანკო კრედიტი შავი? საქმეში არ გვაქვს არცერთი ნაღდი ფულის ტრანზაქცია. ფულის გათეთრების პირველადი ნაწილი როგორც წესი მთელ მსოფლიოში მოიცავს ნაღდი ფულის ტრანზაქციებს. დამნაშავეები განთავსების ეტაპზე, ნაღდ ფულს ანაწევრებენ და შეაქვთ საფინანსო სისტემაში. როგორი მეთოდით? ოფციონებით, გადამცვლელი ჯიხურებით, კაზინოთი. ანუ ხდება ფიზიკური მოძრაობა ნაღდი ფულის. აქ პირველივე ეტაპზეც არ გვაქვს განთავსების ეტაპი.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის ოპერაციები ხდება მრავალჯერადად, პატარ-პატარა მოცულობებით. ეს არის სტრუქტურრირების მიზანი, რომ კვალი წაიშალოს უკანონო წარმოშობის. ვალდებულებებს კი არ ისტუმრებენ კრედიტორის ამ შავი ფულით და ამით ამთავრებენ გათეთრებას, ეს არის ქმედებათა ჯაჭვი როდესაც ვლაპარაკობთ სტრუქტურირებაზე შავი ფულის და როგორც წესი ეს არის ნაღდი ფული, რომელიც მოპოვებულია იარაღის ვაჭრობით, ნარკოტიკების ვაჭრობით, ადამიანთა ტრეფიინგით და ასე შემდეგ. სტრუქტურირება არ გვაქვს სახეზე. პროკურატურა გვთავაზობს ვერსიას, რომ კრედიტორების გასტუმრება არის ფულის გათეთრების სტრუქტურირების ეტაპი. ეს კრედიტორები დაკითხული არიან, უცხოელ კრედიტორებზეა საუბარი. ესეც საბანკო გადარიცხვებით გამჭვირვალედ მოხდა და ამას ეძახის სტრუქტურირებას პროკურატურა.
გაუგებარია რომელი ეტაპით დასრულდა ფულის გათეთრება ამ საქმეში, ამას ვცდილობდი მომეძიებინა პროკურატურის ბრალდებაში და ვერ აღმოვაჩინე. სტრუქტურირება როდის დასრულდა, ჰოლანდიელს რომ სესხი გაუსტუმრა “გამთეთრებელმა” ამ დროს? თუ 2012 წლის სამმხრივი ხელშეკრულების დროს, როდესაც გადარიცხვა საერთოდ არ მომხდარა. რომელი ეტაპი რომელ მოვლენასთან შეიძლება მივუსადაგო ესეც კი ვერ დავაფიქსირეთ მოცემულ ბრალდებაში.
როგორც მოგეხსენებათ, 2008 წელს კრედიტის სახით აღებული თანხები აპრილსა და მაისში სასესხო ვალდებულებებზე მიმართეს, რომელიც 2007 წელს იყო აღებული. გადარიცხვების ყველა ეტაპი განხორციელდა საბანკო გადარიცხვებით, სასესხო ხელშეკრულებებით, რომელიც საფუძვლად დაედო თითოეულ გადარიცხვას. ანუ ეს ტრანზაქციები ჩვენ უნდა ჩავთვალოთ ფულის გათეთრებად ბრალდების ვერსიით. როდის მოხდა შენიღბვა, ფულის შავი წარმომავლობის, როდის მოხდა სტრუქტურირება და ბოლოს, როდის ინტეგრირდა ეს “შავი ფული” სისტემაში არის გაუგებარი.
მუხლის თეორიული შემადგენლობა და მისი არსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის მისადაგება რეალობასთან, საერთოდ აცდენილია მოცემულ საქმეში. წარმოუდგენელი იქნება საერთოდ ასეთი ხარისხის ბრალსა და მტკიცებულებების ერთობლიობის გათვალისწინებით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს ამ საქმეში.
ფულის გათეთრების საქმეზე არის 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, როდესაც უზენაესმა სასამართლომ სწორედ პრედიკატის დანაშაულის არარსებობაზე ისაუბრა. საქმე N3170. უზენაესმა განმარტა, რომ საქმეზე არ დასტურდებოდა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ასევე ის, რომ მან შემოსავალი დანაშაულებრივი გზით მიიღო და მხოლოდ შემდეგ მოახდინა მისი კანონიერ ბრუნვაში ჩართვა. ამრიგად პრედიკატი დანაშაული მნიშვნელოვანია. თუკი ის არ დგინდება, შეუძლებელია, რომ პირმა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინოს. მაშინ უზენაესმა თქვა, რომ ბრალდება აგებული იყო ეჭვებსა და ვარაუდებზე. დაუშვებელია ეჭვებსა და ვარაუდებზე აგებული ბრალდებისთვის დამნაშავედ ცნობა ასეთ ბრალზე,” - განმარტა ეკატერინე ეგუტიამ.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს “სასამართლოს მეგობრის” ფორმატით გაეგზავნა აღნიშნავს:
“ბრალდება არ შეესაბამება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დანაშაულის კონვენციურ შინაარსს, აგებულებასა და სპეციალურ მიზანს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სასამართლომ საქმის განხილვისას და გადაწყვეტილებისას იმსჯელოს იმაზე, თუ რამდენად იკვეთება წარდგენილი ბრალდებიდან რეგულარული, ორგანიზებული დანაშაულის ფარგლებში ჩადენილი პრედიკატული დანაშაულის არსებობა, რომლის ფარგლებშიც მოპოვებული შავი ფულის ლეგალიზაცია მოხდებოდა,” - ნათქვამია სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის სახით წარმოდგენილ მოსაზრებაში.