“თიბისი კაპიტალის” უფროსი ვიცე პრეზიდენტის ირინა კვახაძის თქმით, საქართველოსთვის ინფრასტრუქტურული პრობლემები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ლოგისტიკის სექტორის განვითარებას და ტვირთების გამტარუნარიანობას უკავშირდება. როგორც გადაცემა “ანალიტიკაში” კვახაძემ “თიბისი კაპიტალის” მიერ მომზადებული ტრანსპორტის სექტორის მიმოხილვაზე საუბრისას განაცხადა, ამაზე მიუთითებენ თავად ბაზრის მონაწილეებიც. მისივე თქმით, ამას მოწმობს მსოფლიო ბანკის ანგარიშიც, რომლის ლოგისტიკის ინდექსითაც საქართველო 79-ე ადგილზეა.
“როცა სხვადასხვა პარამეტრით ვფასდებით, ჩვენი ყველაზე სუსტი პარამეტრი ინფრასტრუქტურაა. მაგალითად, სარკინიგზო გამტარუნარიანობა არის გასაუმჯობესებელი. დაგეგმილია პროექტი, რომელიც გამტარუნარიანობას 12 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაზრდის, თუმცა არის ორგვარი გამტარუნარიანობა: ერთია სალიანდაგე და მეორე სავაგონე. ჩვენ გამოწვევა გვაქვს სავაგონე გამტარუნარიანობაშიც, სადაც საინტერესოა, რა არის დაგეგმილი… ჯერჯერობით ამაზე არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან რაც არ უნდა გავზარდოთ სალიანდაგე გამტარუნარიანობა, თუ სავაგონეც არ მივაყოლეთ, პოტენციალი ვერ რეალიზდება”, - განაცხადა მან.
ირინა კვახაძემ პორტების გამტარუნარიანობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გაუმჯობესება ამ კუთხით მომსახურების ნაწილშიც საჭიროა.
“არამხოლოდ ტექნიკურ, არამედ მომსახურების ნაწილშიც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებებია შესატანი. გარდა ამისა, საქართველოს პორტები ძვირად ღირებულია მსოფლიოს პორტებთან შედარებით, რაც კონკურენტუნარიანობას ჩვენს ლოგისტიკის სექტორს აკლებს. ეს ყველაფერი ერთად უნდა გადაიჭრას იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს.
რაც შეეხება ღრმაწყლოვან პორტს, ის აუცილებელია იმისათვის, რომ დიდი გემები შემოვიდეს. ეს კი თავის მხრივ აუცილებელია ხარჯების შესამცირებლად, რათა დიდი გემი, რომელიც თურქეთში შედის, არ დაიშალოს და ფიდერებით არ გამოიგზავნოს ტვირთი საქართველოში, ვინაიდან ეს გადამზიდავი კომპანიისთვის დამატებითი ხარჯია”, - აღნიშნა “თიბისი კაპიტალის” უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა.




























