თბილისში ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯში" აცხადებენ, რომ მოსახლეობას იმის გადასახადი მიუვიდა, რაც დაწვეს.
საქმე ეხება, ბოლო დღეებში, საქართველოს მოქალაქეების სოციალურ ქსელებში ბუნებრივი აირის მაღალი კომუნალური გადასახადის შესახებ პრეტენზიებს და ინტერესს - რამ გამოიწვია იანვარში, რიგ შემთხვევაში გაზრდილი ან გაორმაგებული კომუნალური გადასახადის გაწერა.
„თბილისი ენერჯიში“ კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ვერსიებს მაღალ გადასახადთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ დარიცხული თანხები პირდაპირ კავშირშია გარეთ არსებულ ტემპერატურასთან. "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რაც უფრო დაბალია გარეთ ტემპერატურა უფრო მეტი ბუნებრივი აირის წვა ხდება. მისი თქმით, საზოგადოებაში გავრცელებული მითები იმის შესახებ, რომ გაზში ჰაერია შერეული, ის უხარისხოა ან დიდთოვლობის გამო დაზიანებული მილები პერიოდულად ჟონავდა სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, ხომ არ იყო შეცდომით მრიცხველის ჩვენება აღებული, გიორგი ლეფსვერიძე ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები არ ყოფილა.
“მინდა ჩვენს აბონენტებს ავუხსნა ის მითები, რაც მუდმივად გვხვდება, ეს იქნება სოციალური მედია, ტელევიზია, თუ ეს იქნება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეწუხებულია მაღალი გადასახადით.
მინდა გაიგონ ჩვენმა აბონენტებმა და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ ადამიანი რასაც წვავს და რასაც აღრიცხავს მრიცხველი, ის მისდის გადასახდელი, ეს იქნება იანვარი თუ ეს იქნება აგვისტო.
მითი პირველი - ალბათ ხშირად გაგიგიათ თქვენც, ხშირად გვხვდება სოციალურ მედიაში „ჰაერს ურევენ“. მინდა ავუხსნა თითოეულ ჩვენს მომხმარებელს, რომ ბუნებრივი აირის ქსელი არის ჰერმეტული და ბუნებრივი აირის ქსელში მოდის მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი აირი და მასში ჰაერის შერევა არ ხდება. როდესაც ნებისმიერი დიასახლისი, ნებისმიერი ადამიანი ანთებს გაზქურას და იქ მილში იქნება ჟანგბადი შერეული, მოხდება დაუყოვნებლივ აფეთქება, ამიტომ ეს შეუძლებელია.
მეორე მითი - ეს არის, რაც მე ამ დღეებში მოვისმინე კონკრეტული პიროვნებებისგან, რომლებიც იძახიან, რომ ეს შეიძლება იყოს გამოწვეული დიდთოვლიანობის შედეგად ჩამოცვენილი თოვლით, რომელიც მილს დაეცა და მოხდა გაჟონვა და შემდეგ მრიცხველის დაზიანება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს 600,000 აბონენტი და ჩვენზე მეტი აბონენტი ჰყავს „სოკარ ჯორჯია გაზს“. შესაბამისად, ბუნებრივი აირი არის უფერო, უსუნო აირი, რომელსაც სპეციალურად ერევა ოდორანტი, რომ მისცეს სუნი. შესაბამისად, თოვლის ცვენის გამო გაზის მილებიდან გაჟონვა რომ ყოფილიყო ჩვენთან იქნებოდა ყოველწამიერი რიგები რომ „მოდით, გაჟონვაა, ბუნებრივი აირის სუნს ვგრძნობ“ და ასე შემდეგ, რაც იანვარში არ ყოფილა, საავარიოდ ყოველდღიური გამოძახებები ჩვეულებრივად, სტაბილურად მიდიოდა .
მესამე მითი - „დაბალი ხარისხის გაზია“. ესეც ძალიან ხშირად მუსირებს ხოლმე, რომ გაზს არ აქვს შესაბამისი ხარისხი. მინდა გითხრათ, რომ გაზის ხარისხს განსაზღვრავს კალორიულობა და სტანდარტით ეს არის 7900 კილოკალორია, რომელიც ნებისმიერ თქვენს მაყურებელს შეუძლია ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში, შევიდეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საიტზე და იქ დევს მათი ISO სერტიფიცირებული ლაბორატორიის ანალიზი, სადაც წერია ყოველდღიურად რა ხარისხის გაზი მიეწოდება თითოეულ სოციალურ მომხმარებელს თუ კომერციულ მომხმარებელს მთელ საქართველოში.
ეს აზრები მუდმივად მუსირებს. აი, ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ მომავალ წელსაც, 2027 წელს, დეკემბერ-იანვარში და პირობას გაძლევთ, რომ გაგახსენებთ, რომ გითხარით, რომ მომავალი წლის დეკემბერ-იანვარშიც იგივე იქნება.
შარშანაც და შარშანწინაც ასე იყო. ყოველ წელს დეკემბერ-იანვარში მუდმივად იწყება ამ აზრის აზვირთება, რომ წელს მოგვივიდა ბევრი გადასახადი. მინდა, დავაწყნარო თითოეული ჩვენი მოქალაქე და ვუთხრა, რომ რაც დაწვეს, ის მიუვიდათ გადასახადი. კიდევ ერთი მითია, რომ შარშანაც 45 გრადუსზე მეყენა და მომივიდა ვთქვათ 100 ლარი და წელსაც 45 გრადუსზე მეყენა და მომივიდა 160 ლარი. მთავარი ფაქტორი არის გარეთ ტემპერატურა. ანუ, როდესაც გარეთ არის -4 ან -6 და გვიყენია 45 გრადუსზე, მეტი გაზი დაიწვება, რადგან გაგვითბოს 45 გრადუსამდე, აიყვანოს წყლის ტემპერატურა და გაათბოს ცენტრალური გათბობა, რაც მერე ცირკულირდება სახლში.
როდესაც არის +6 და +8 გარეთ და 45 გრადუსზე გვიყენია, რა თქმა უნდა, ნაკლები გაზი დაიწვება. მარტივი კითხვა მინდა დავსვა ჩვენს ოპონენტებთან - როგორ შეიძლება საქართველოში არის მილიონ სამასი ათასი გაზის მომხმარებელი და ერთბაშად ყველასთან იანვრის თვეში რაღაც მომხდარიყო, როდესაც გაზს ვაწვდით ჩვენც, „სოკარიც“, ანუ სხვადასხვა ლიცენზიატები ვართ. ტარიფიც არ შეცვლილა, ტარიფი დარჩა იგივე რაც იყო შარშან, რაც იყო შარშანწინ, უბრალოდ დამოკიდებული ვართ ტემპერატურაზე”, - ამბობს "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე.




























