"დიოს" მმართველი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების მიზანთან და დემოკრატიულ განვითარებასთან შესაბამისობაში არ არის.
როგორც თამაზ დაუშვილმა BMG-ს კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შეფასებისას განუცხადა, მისი მიღება ქვეყნის ბიზნესკლიმატს დააზიანებს და ინვესტორებისთვის ნეგატიური გზავნილი იქნება.
„ყველაფერი ის, რაც პრობლემას შეუქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, მათ შორის ეს კანონიც, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ კანონის ხელახლა ინიცირება არ არის სწორი. დიდი იმედი მაქვს, ეს საქმე ბოლომდე არ მივა. არის გარკვეული რეაქციები, იგივე ევროკავშირიდან და ვიმედოვნებ, ამას ყურადღებას მიაქცევენ. ბუნებრივია, ყველაფერი, რაც დემოკრატიას ზიანს აყენებს, იმოქმედებს ბიზნესკლიმატზეც. ინვესტორი, რომელიც საქართველოს პერსპექტივით უყურებს შეიძლება დაფიქრდეს და გადაიფიქროს ინვესტირება. საქართველოს ეკონომიკას ძალიან სჭირდება დასავლური ინვესტიციები, ისეთი კომპანიების შემოსვლა, რომლებიც პატივს სცემს დემოკრატიულ ღირებულებებს და არა ისეთი ინვესტორები, რომლებისთვისაც სულ ერთია რა ტიპის კანონებია ქვეყანაში“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.
"ქართულმა ოცნებამ" უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა. დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური ძალის აგენტი" "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით" ჩანაცვლდა. სტატუსი ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას მიენიჭება, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ატვირთვა მოუწევთ. ასეთი სტატუსის მქონე პირთა შემოწმება იუსტიციის სამინისტროს შეეძლება.