მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაც ივანიშვილმა აქტივები ფონდ ქართუს გადასცა, პანამიდან ინვესტიციები შემცირდა - IDFI

ქართული ოცნება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] ინფორმაციით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები [FDI] მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება.

2024 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით, FDI-ის 88% მხოლოდ სამ ქვეყანაზე - ნიდერლანდებზე, ბრიტანეთსა და მალტაზე მოდის.

პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 60.2 მლნ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.4%-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა მალტა - 58.3 მლნ დოლარით (29.5%), ხოლო მესამეზე გაერთიანებული სამეფო - 55 მლნ დოლარით (27.8%).

ჯამურად წლის 9 თვეში კი ამ სამ ქვეყანაზე მთლიანი FDI-ის 46.4% მოდის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ნიდერლანდებიდან შემოსული ინვესტიციები (115 მლნ აშშ დოლარი) 3.3-ჯერ ჩამოუვარდება გასული წლის მაჩვენებელს. ნიდერლანდურ ინვესტორ კომპანიებს შორის გვხვდება კომპანია „ბორჯომი“, რომელიც განხორციელებული ინვესტიციით უმსხვილესი კომპანიების სიაშია, თუმცა კომპანიის საბოლოო მფლობელი ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზეა რეგისტრირებული, რომელიც ქართული კანონმდებლობით, ოფშორულ ზონად მიიჩნევა.

IDFI-ის ცნობით, საქართველოში წლებია FDI-ს მოცულობით მოწინავე ინვესტორ ქვეყნებს შორის არის გაერთიანებული სამეფო, რისი მიზეზიც საფინანსო და სადაზღვევო სექტორში განხორციელებული ინვესტიციებია. აღნიშნული კი ერთის მხრივ იმ ფაქტს უკავშირდება რომ ოფიციალურ სტატისტიკაში ხვდება მსხვილი ქართული ჰოლდინგები, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეც ივაჭრებს, - ასე მაგალითად Georgian Capital - ყოფილი ბიჯეო ჯგუფი, რომლის მთავარი ინვესტორი “საქართველოს ბანკის ჯგუფია”.

"წლების განმავლობაში FDI-ში მაღალია ოფშორული ქვეყნების წილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული უცხოური ინვესტიცია, შესაძლოა ისევ ქართულ კაპიტალს წარმოადგენდეს. ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნებში, დაშვებულია და წინააღმდეგობაში არ მოდის კანონმდებლობასთან.

ამ გზით ბიზნესები გადასახადების შემცირებას ახდენენ. თუმცა, შესაძლოა, ხშირად FDI-ის უკან ისევ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებმაც ინვესტიცია ქვეყნიდან ჯერ გაიტანეს, შემდეგ კი უკან შემოიტანეს. ამის მაგალითია მიმდინარე წლის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების სიაც, - 10-დან, 4 კომპანიის საბოლოო მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში წელს მალტას 11% უკავია, წლის პირველ 9 თვეში მალტიდან თითქმის 108 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა. მხოლოდ მესამე კვარტალში კი მალტა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა - 29.5%-იანი წილით (58.3 მლნ დოლარი). მალტიდან ტოპ ინვესტორ კომპანიებში კი ტრადიციულად ხვდება „ალმა“, - კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის მალტაში რეგისტრირებულ Meridian Malta-ს, ხოლო მისი საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეები ბიზნესმენები ლევან და სოსო ფხაკაძეები არიან", - ნათქვამია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე მონაცემებით, მიმდინარე წლის I-III კვარტალში, იმ კომპანიების სიაში, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა გვხვდება „თბილისი ენერჯი“ - ინვესტორ ქვეყნად კი მარშალის კუნძულები, სადაც „თბილისი ენერჯის“ 100%-ის მფლობელი კომპანია შპს „ვოლთბეი“ არის რეგისტრირებული. რეალურად კი "ვოლთბეის" აქციების 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მაქაცარიაა, მეორე 50%-ის კი აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიბ ჰასანოვი. კერძოდ, კომპანიის აქციების მეორე 50%-იანი წილის მფლობელი კომპანიაა Weco investment and Finance S.A., რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. თავის მხრივ Weco Investment and Finance S.A.-ის 100%-ის მფლობელია შპს HARRIMAN HOLDINGS, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ამ კომპანიის ბენეფიციარი მფლობელი კი ნასიბ ჰასანოვია.

ოფშორულ ქვეყნებშია რეგისტრირებული “ქართული ცემენტი” და “ბორჯომიც”, რომლებიც ასევე გვხვდება წლის იმ უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. “ქართული ცემენტის”, ყოფილი “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” მენეჯმენტი ოფიციალურად მიმდინარე წელს შეიცვალა. კომპანია გერმანულმა Heidelberg Materials-მა დატოვა, რაც გერმანიის ელჩმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო კურსს დაუკავშირა. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი იყო ნიდერლანდებში მდებარე კომპანია „CaucasusCement Holding B.V.“ . მის აქციებს კი ფლობენ: ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „HeidelbergCement Central Europe East Holding B.V.“ (45%), ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია „Cement Invest B.V.“ (45%), სვეტლანა ლამპრიანოვა-ბეჟუაშვილი, საქართველოს მოქალაქე (10%). 2023 წელს კი “ცემენტ ინვესტმა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს თანაინვეტირების ფონდის, ირაკლი რუხაძის “ჰანიველ პარტნერზისა” და დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს, სრულად გამოისყიდა „ჰაიდელბერგ მატერიალზ“-ის წილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში. Cement Invest B.V-ის ერთობლივად აკონტროლებს კაიმანის კუნძულებზე დაფუძნებული GCF L.P და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე დაფუძნებული Park Street Capital L.P.

რაც შეეხება კომპანია “ბორჯომს”, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი სანქცირებული ოლიგარქების - მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის "ალფა ჯგუფი" იყო. სანქციების გამო კი კომპანიის ოპერირება ფერხდებოდა, ბრენდის გადარჩენის მიზნით კი საქართველოს მთავრობამ ჯგუფის აქციათა 7.73%-იანი წილი შეისყიდა.

ოფშორულ ინვესტიციებად მიიჩნევა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიც, რომელიც უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის მეათე ადგილს იკავებს.

IDFI-ის ცნობით, წლების განმავლობაში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის გვხვდებოდა პანამა - ამის მიზეზი კი ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ბიზნესების ნაწილის პანამაში რეგისტრაცია წარმოადგენდა. მას შემდეგ რაც ივანიშვილმა აქტივები "ფონდ ქართუს" გადასცა, პანამიდან ინვესტიციები შემცირდა და თუკი მაგალითად 2019 წელს თითქმის 80 მლნ დოლარს აღწევდა, 2022 წელს 5.3 მლნ დოლარამდე შემცირდა, მიმდინარე წლის 9 თვეში კი პანამიდან მხოლოდ 77,300 დოლარი შემოვიდა.

კომპანიები, რომლებშიც 2024 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო

(კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით;ინფორმაცია ინვესტორი კომპანიისა და ქვეყნის შესახებ მოწოდებულია საქსტატის მიერ; საბოლოო მფლობელის შესახებ კომპანიების ფინანსური ანგარიშგებიდან)

ბორჯომი

ინვესტორი ქვეყანა: ნიდერლანდები

ინვესტორი კომპანია: აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი

საბოლოო მფლობელი: LLC IDS BORJOMI BEVERAGES CO.N.V - ნიდერლანდების ანტილის კუნძულები.

თბილისი ენერჯი

ინვესტორი ქვეყანა: მარშალის კუნძულები

ინვესტორი კომპანია: “ვოლთბეი”

საბოლოო მფლობელი: კომპანიის 100%-ის მფლობელი არის შპს „ვოლთბეი“ რომლის აქციების 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მაქაცარიაა. აქციების მეორე 50%-იანი წილის მფლობელი კომპანია Weco investment and Finance S.A.-ია, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. „Weco Investment and Finance S.A.“-ის 100%-ის მფლობელია შპს „HARRIMAN HOLDINGS“, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ამ კომპანიის ბენეფიციარი მფლობელია ნასიბ ჰასანოვი, აზერბაიჯანის მოქალაქე.

სს ენერგო პრო ჯორჯია

ინვესტორი ქვეყანა: ჩეხეთი

ინვესტორი კომპანია: “ენერგო-პრო ეი.ეს”

საბოლოო მფლობელი: კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს „DK Holding Investments s.r.o.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ თესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი პირია.

შპს ქართული ცემენტი (ყოფილი შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია)

ინვესტორი ქვეყანა: ნიდერლანდები

ინვესტორი კომპანია: kaukasuscement holding BV

საბოლოო მფლობელი: CaucasusCement Holding B.V - კომპანიის უმსხვილესი მეწილე “ცემენტი ინვესტია”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდის” ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსის" და ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის ოჯახის იტერესს წარმოადგენს.

ტოიოტა კავკასია

ინვესტორი ქვეყანა: იაპონია

ინვესტორი კომპანია: “ტოიოტა ცუშო კორპორეიშენი”

საბოლოო მფლობელი: Toyota Tsusho Corporation (100%)

შპს აჭარა ტექსტილე

ინვესტორი ქვეყანა: თურქეთი

ინვესტორი კომპანია: “ს.ს აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ”

საბოლოო მფლობელი: კომპანიის 100%-ის მფლობელია ს.ს “აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ”, რომლის აქციონერები არიან: ჯემალ ბილგინ გულლუოღლუ – 50%; ქემალ ბილგინ გულლუოღლუ – 50%.

სს ბიჯეო ჯგუფი

ინვესტორი ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო

ინვესტორი კომპანია: Bank of Georgi Group PLC

საბოლოო მფლობელი: „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ (Bank of Georgia Group plc).

სს ეპ ჯორჯია გენერაცია

ინვესტორი ქვეყანა: ჩეხეთი

ინვესტორი კომპანია: “ენერგო-პრო ეი.ეს”

საბოლოო მფლობელი: კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს „DK Holding Investments s.r.o.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ თესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი პირია.

შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი

ინვესტორი ქვეყანა: აზერბაიჯანი

ინვესტორი კომპანია: “სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს”

საბოლოო მფლობელი: შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს, აზერბაიჯანი.

მაგთი

ინვესტორი ქვეყანა: აშშ

ინვესტორი კომპანია: “ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ/ტელსელ უაიერლეს კომპანი”

საბოლოო მფლობელი: შპს „მაგთიკომი“-ს მფლობელები არიან ,,International Telcell Cellular, LLC“, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ფლობს კომპანიის 51%-ს და „Telcell Wireless, LLC“, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც კომპანიაში 49%-იანი წილის მფლობელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები