მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაც მეტად ითანამშრომლებს სახელმწიფო ტურისტულ ბიზნესთან, მით უფრო ეფექტიანი იქნება ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული ლარი - ექსპერტი

ვანო ვაშაყმაძე

ტურიზმი არის ბიზნესი, სახელმწიფოს ეს ბიზნესი სჭირდება, რაც მეტად ითანამშრომლებს მათთან სახელმწიფო, მით უფრო ეფექტიანი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული ლარი, - ამის შესახებ ტურიზმის ექსპერტმა, ვანო ვაშაყმაძემ BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად ეფექტიანია თანამშრომლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და სექტორს შორის, ექსპერტი ასე პასუხობს: „პირადად მე და ბევრ ჩემს მეგობარს მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს ადამიანური თვალსაზრისით. ინსტიტუციური თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ამას აკლია სიმტკიცე და წონა. თუ შენ გჭირდება თანამშრომლობა, აუცილებელია შექმნა თუნდაც მრჩეველთა საბჭო სხვადასხვა მიმართულებებით. გარკვეული შეხვედრები ხერხდება, თუმცა, საჭიროა ეს ყველაფერი განხორციელდეს ინსტიტუციურ დონეზე და [ბიზნესის] სიტყვას ჰქონდეს წონა, ანუ ნათქვამი მხოლოდ სიტყვად კი არ რჩებოდეს და თხოვნად კი არ ჟღერდეს, არამედ ადმინისტრაციას მიმღებლობა ჰქონდეს“.

რაც შეეხება მარკეტინგულ კამპანიებში დახარჯულ თანხებს და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, რასაც სახელმწიფო ქვეყნის პოზიციონირებისთვის აკეთებს, ტურიზმის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამას უკუგება აქვს.

„წილობრივად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომლის ძირითადი ბიუჯეტი და დანიშნულება ქვეყნის წარდგენაა, მარკეტინგი და პრომოუშენი თავის საქმეს აკეთებს. ბევრი ფული იხარჯება ამაში. სხვა ქვეყნების დანახარჯებთან შედარებით, მეტ ფულს ვხარჯავთ. ერთ შემოსულ ადამიანზე დახარჯული სარეკლამო ფული რამდენია? მე რომ მკითხოთ, ამ პარამეტრებით, დახარჯული ფულით საკმაოდ მსუყედ ვართ. თუმცა ეს ყველაფერი მოქმედებს. რომ ვთქვათ, რომ არ ვიღებთ შედეგს, არასწორი იქნება, გასული წლის შემოსავალი გვაქვს მაღალი, რაც კარგი მაჩვენებელია. რაც შეეხება კითხვას, როგორ დავხარჯოთ უკეთესად, ამისთვის ბევრი რამეა დასაფიქრებელი. შემიძლია ვთქვა, რომ ე.წ. ციფრული მარკეტინგის ელემენტები, ონლაინ-პუბლიკაციები, ინფლუენსერებისგან - ამ ტიპის ინოვაციური მიდგომები გაჩნდა და გარკვეულწილად ამ მიდგომით ვუსწრებთ მეზობელ ქვეყნებს, არათუ სამიზნეებს.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანების ინტერესია, თუ სად იმოგზაურონ, უნდა შევთავაზოთ თემატური ბაზრები. გამოფენები საპასპორტო ფუნქციას ასრულებს და უნდა ვიყოთ წარმოდგენილი. ეს მუდმივად ცვლადი გარემოა. რაც შეეხება საკითხს, ვაგვიანებთ თუ არა მარკეტინგულ კამპანიებს, დიახ, ხშირად ვაგვიანებთ, მაგრამ სახელმწიფო ფულია და გაცილებით მძიმედ განიკარგება. გარდა ამისა, შეიძლება ამას დაემთხვეს გარკვეული მოვლენები ქვეყანაში მიმდინარე, პოლიტიკაც ერევა და ა.შ. ანუ, თავისუფალი ფული არ არის, ამიტომ არ არის მეტად აქტიური. იმისთვის, რომ ეს ფული გათავისუფლდეს, მე ვისურვებდი, რომ გაცილებით ეფექტიანი იყოს თანამშრომლობა ადმინისტრაციასა და ტურიზმის ინდუსტრიას შორის. შესაძლებელია შეიქმნას მარკეტინგული საბჭო, მრჩეველთა საბჭო, ან უბრალოდ კომპანიების კოალიცია, რომლებმაც იციან საქმე და დაფინანსებას ეძებენ“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები