მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაც მეტად იზრდება საქართველოს ეკონომიკა, მით მეტმა კომპანიამ უნდა მიიღოს გლობალური კაპიტალის ბაზრიდან დაფინანსება" - J.P. Morgan

სტეფან ვაილერი

გლობალური ბანკის J.P. Morgan-ის დირექტორმა CEEMEA რეგიონში, სტეფან ვაილერმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან ერთად იმ კომპანიების რაოდენობაც უნდა იზრდებოდეს, რომლებიც დაფინანსებას საერთაშორისო კაპიტალის ბაზრიდან მოიზიდავენ. ამის შესახებ ვაილერმა TBC Capital-ის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ვფიქრობ, ეს კონფერენცია, რომელიც თიბისი კაპიტალის მიერ არის ორგანიზებული, კომპანიებს, რომლებსაც ზრდისთვის დაფინანსების მოპოვება სურთ ძალიან დაეხმარება. ქართულ კომპანიებს აქვთ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა და უკვე არსებობს 7 კომპანია, რომლებმაც დაფინანსება საერთაშორისო ბაზრებიდან მიიღეს. აქ არის მასშტაბის საკითხი, რაც უფრო მეტად იზრდება საქართველოს ეკონომიკა, უფრო მეტი კომპანია უნდა იყოს, რომლებმაც საერთაშორისო კაპიტალის ბაზრიდან დაფინანსება შეიძლება მოიზიდონ. ვფიქრობ, ამ შეხვედრის მსგავსი შეხვედრები პოტენციური მსესხებლებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობას წარმოადგენს და ვფიქრობ, რომ თიბისი კაპიტალის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ამ მხრივ სასარგებლო იქნება", - განაცხადა სტეფან ვაილერმა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის მოთამაშეების J.P. Morgan-ის, Citi-ს, Fidelity Investments-ის წარმომადგენლებმა, ასევე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და ეკონომიკის მინისტრმა. ასევე გლობალური საფინანსო ინსტიტუტების - ADB-ის, EBRD-ის, IFC-ისა და იურიდიული კომპანიების Baker McKenzie-ს, Dentons-ის, BLC Law-ის და სხვა კომპანიების წარმომადენლებმა.

"ჩვენი მიზანია, ადგილობრივ მოთამაშეებს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები და გამოცდილება გავუზიაროთ; ვუპასუხოთ ემიტენტებისთვის და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთების დინამიკასთან, ბაზრის მოლოდინებთან, ემისიის პროცესთან და ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით“, - ამბობს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, საუბარი შემდეგ საკითხებს შეეხო:

  • გლობალურ კონტექსტში, რეგიონული სავალო კაპიტალის ბაზარი და ამ კონტექსტის საქართველოზე გავლენა.
  • ევრობონდების რეგიონული ბაზრის პერსპექტივები და 2024 წლის მოლოდინები - რამდენადაა ხელსაყრელი დრო ახლა როგორც ობლიგაციების გამოშვებისთვის, ასევე ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში ინვესტირებისთვის.
  • თიბისი კაპიტალის კვლევა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის განვითარების ეტაპების, სხვა ქვეყნებთან შედარებისა და 2024 წლის მოლოდინების, ასევე, საქართველოში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ხელმისაწვდომობის შესახებ.
  • ინსტიტუციური მხარდაჭერა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის - რა პროგრამები არსებობს და როგორ ხდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ინვესტიციების მოზიდვა.
  • მდგრადი დაფინანსების გლობალური ტენდენციები - გაზრდილი მოთხოვნა მდგრად პროექტებზე და როგორ უნდა ჩაერთონ ქართული კომპანიები გლობალურ ტენდენციაში.
  • არსებული ემიტენტების წარმატებული გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
  • აქტივების მართვის პერსპექტივები საქართველოში - რა არის აქტივების მართვა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის.
  • კერძო კაპიტალის ინვესტირება საქართველოში - რა ტიპის ინვესტიციები ხორციელდება და რა უნდა გაკეთდეს ინვესტიციების გასააქტიურებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები