საინვესტიციო ბანკ "თიბისი კაპიტალის" ორგანიზებით, თბილისში კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ქართული ფინანსური ეკოსისტემის ყველა მონაწილე დაესწრო, მათ შორის ქვეყნის ხელისუფლების, ეროვნული ბანკისა და მსხვილი ქართული კომპანიების წარმომადგენლები. თუმცა ქართულ მხარესთან ერთად, კონფერენციაზე დიდი დელეგაციებით იყვნენ წარმოდგენილი მსხვილი უცხოური ფინანსური ინსტიტუტები.
"თიბისი კაპიტალის" მიერ ორგანიზებული კონფერენციისთვის თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოს უდიდესი ბანკის, JPMorgan-ის მმართველი დირექტორიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში, სტეფან ვაილერი, რომელთანაც BMG-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო სტეფან, გამარჯობა! დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორც ვიცი, საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ, მაგრამ მსოფლიოს უდიდესი ბანკის, JPMorgan-ის წარმომადგენელთან საუბრის საშუალება ხშირად არ გვაქვს, ასე რომ მადლობა, ჩვენს შემოთავაზებას რომ დათანხმდით.
დიდი მადლობა, თბილისში ყოფნა და თქვენთან საუბარი ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.
ბატონო სტეფან, ახლა კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციას ვესწრებით, რომელიც “თიბისი კაპიტალის” მიერაა ორგანიზებული. პირველ რიგში, ამ ღონისძიებაზე გკითხავთ - ფიქრობთ თუ არა, რომ ასეთი ღონისძიებები ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე დადებითად მოქმედებს და თუ კი - როგორ?
კეთილი. ვფიქრობ, რომ ასეთ ღონისძიებებს მიზნის მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვით, ხოლო მიზანი - ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაა. თიბისიმ ყველა რელევანტური პარტნიორი გააერთიანა, მათ შორის პოტენციური და არსებული ემიტენტები, მთავრობის წარმომადგენლები, ჩვენნაირი ბანკები, ადგილობრივი ბაზრის მონაწილეები. ეს შესანიშნავი ფორუმია შეხედულებებისა და იდეების გასაზიარებლად და უკეთესი პლატფორმის შექმნისკენ ნაბიჯის გადასადგმელად, რომელიც ადგილობრივ ბაზარს განვითარების საშუალებას მისცემს. უფრო ღრმა ადგილობრივი ბაზრის არსებობა ადგილობრივი მონაწილეების ინტერესებში შედის, რადგან ეს, როგორც წესი, უფრო დიდ ეკონომიკურ ზრდას, კაპიტალის გაუმჯობესებულ ხელმისაწვდომობას და ნაკლებ რისკს ნიშნავს. ეს ძალიან დროული ინიციატივაა და იმედი მაქვს, ის ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
მოდი, ადგილობრივი ბაზარი მიმოვიხილოთ, რომელმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა ობლიგაციებისა და ბონდების მიმართულებით. თავად ეს ფაქტი, ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა. მინდა გთხოვოთ შეაფასოთ ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების დინამიკა და ის რეგიონის ჭრილში მიმოიხილოთ.
კი, ცხადია. ბოლო დროს, ადგილობრივი ემისიების კუთხით ზრდას ვხედავთ. ჩვენ, ანუ JPMorgan-ი, ამ პროცესში პირდაპირ ჩართულები არ ვართ - ჩვენი ღირებულება ადგილობრივი მსესხებლებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაკავშირებაში მდგომარეობს. ადგილობრივ ემიტენტებს ადგილობრივ ვალუტაში საერთაშორისო ობლიგაციების განთავსების შესახებ ვესაუბრებით. ეს იმ მსესხებლებს ეხებათ, რომელთა მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მიწოდებას აღემატება. ვიცი, რომ ადგილობრივი ბაზრის მიმზიდველობის გასაზრდელად და რეგიონში ფინანსური ჰაბის შესაქმნელად ბევრი რეფორმა ჩატარდა. ეს, როგორც ვხვდები, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიზანია.
ვფიქრობ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ერთ-ერთი პოტენციურ კატალიზატორად, შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარზე საპენსიო ფონდის ჩართულობა იქცეს. ვიცი, რომ ფონდი დიდი მოცულობის აქტივებს მართავს, საუბარია დაახლოებით 4.5 მილიარდზე, მაგრამ ბაზარში მისი ჩართულობა შეზღუდული იყო. რეგიონის სხვა ქვეყნებს, ბაზრებსა და იურისდიქციებს რომ ვუყურებთ, ვხედავთ, რომ საპენსიო ფონდის რეფორმა, ხშირად, კაპიტალის ბაზრის განვითარებას აჩქარებს. არის შესაძლებლობა, რომლის შესრულება საპენსიო ფონდს შეუძლია, მაგრამ, ცხადია, არსებობს სხვა გზები, რომელთა მიღებით, ბაზარი, შესაძლოა, უფრო მიმზიდველად იქცეს ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რადგან ლიკვიდური ბაზარი - საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობას მოიაზრებს.
რა ტენდენციებს ხედავთ საქართველოში, რომლებიც, თქვენი დიდი საერთაშორისო გამოცდილებით, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების კატალიზატორად შეგვიძლია მივიჩნიოთ? ცხადია, გარდა საპენსიო ფონდისა.
კიდევ ერთი კატალიზატორი ის იქნება, საერთაშორისო ინვესტორებს ადგილობრივ ბაზარზე წვდომა თუ გაუმარტივდებათ. როგორც ვხვდები, ადგილობრივ ბაზარში მონაწილეობისთვის, ამჟამად, ადგილობრივ ბანკში ანგარიშის ქონა არის აუცილებელი, რაც, გარკვეულწილად, დაბრკოლებაა, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელი არ არის. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ინვესტორები ამ ვითარებას მათი ინტერესის სფეროში შემავალ სხვა ბაზრებს ადარებენ. ხელისუფლებამ, შესაძლოა, ამ გზით საერთაშორისო ინვესტორებს ბაზარზე წვდომა გაუმარტივონ.
მინდა დავუბრუნდე თქვენს გამონათქვამს, რომ საქართველო, შესაძლოა, რეგიონულ ფინანსურ ჰაბად იქცეს. პირველ რიგში, მეზობელი და რეგიონის სხვა ქვეყნების ჭრილში გკითხავთ - უსწრებს თუ არა მათ საქართველო სავალო კაპიტალის ბაზრის მიმართულებით და თუ კი, შეუძლია თუ არა საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბება?
ამ კითხვას საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების გადმოსახედიდან ვუპასუხებ, რადგან ამ მხრივ უფრო მეტი ცოდნა გვაქვს. ვფიქრობ, თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა ორნაირად შეიძლება. პირველი საერთაშორისო სავალო ფასიან ქაღალდებს უკავშირდება და თუ მას რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და 1.85 მილიარდს შეადგენს. უფრო დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ მოლდოვასა და ტაჯიკეთში ფიქსირდება.
თუმცა თუ სახელმწიფოს, ანუ სუვერენულ ფასიან ქაღალდებს გამოაკლებთ და საქართველოს ეკონომიკასთან შეაფარდებთ, დაასკვნით, რომ ქართული კომპანიები და ბანკები საერთაშორისო ბაზრებს უფრო მეტად იყენებენ, ვიდრე რეგიონში არსებული სხვა ქვეყნები.
ჩემი ეს პასუხი, ცხადია, შედარებითია, რადგან საერთაშორისო ბაზრისთვის, მასშტაბი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საქართველოსნაირ ბაზარს შეხედავთ, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ახლა დაახლოებით $30 მილიარდს შეადგენს, იმ ემიტენტების რაოდენობა, რომელთაც 300-500 მილიონი დოლარის ან ევროს მოცულობის ტრანზაქციების განხორციელება შეუძლიათ, ლიმიტირებულია. თუ, მაგალითად, რუსეთსა და უკრაინაში ომამდე მდგომარეობას დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკები გაცილებით უფრო დიდია, ანუ იქ უფრო მეტი მსესხებელია, ხოლო ბაზარი - მასშტაბურია.
თუმცა ფარდობითად თუ ვისაუბრებთ, ანუ ეკონომიკის ზომასთან შედარებით, საქართველოს შესანიშნავი შედეგი აქვს.
რა რისკებს ხედავთ საქართველოში ფინანსური ინფრასტრუქტურისა და კაპიტალის ბაზრების კუთხით?
ვფიქრობ, ინვესტორები მასშტაბს დააკვირდებიან - ეს მცირე ზომის ბაზარია და საერთაშორისო ემისიების ისტორიაში საქართველოდან მხოლოდ რვა მსესხებელი იყო. ეს მცირე ბაზარია და ინვესტორებს რესურსების გამოყოფა დასჭირდებათ, მის განვითარებას რომ მიჰყვნენ.
ეს ერთი მიმართულებაა, ხოლო მეორე, ჩემ მიერ მანამდე ნახსენებ დეტალს უკავშირდება, რომ ემისიების მოცულობა, შეზღუდული და შესაბამისად, არალიკვიდურია. ზოგიერთი ინვესტორისთვის, უფრო ზუსტად კი, ბევრი ინვესტორისთვის, ლიკვიდურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვის კუთხით, ეს დაბრკოლებაა.
მესამე ფაქტორი კი ისაა, რომ თქვენ გეოპოლიტიკურად ცხელ წერტილში ხართ. სხვა ქვეყნებშიც, ისევე, როგორც 2008 წელს საქართველოში შეიქმნა პრეცედენტები, როცა გეოპოლიტიკამ, უეცრად, ქვეყნის რისკის პროფილი შეცვალა. ეს არის დეტალი, რომელსაც ინვესტორები ყოველთვის აკვირდებიან და ამ მხრივ თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ.
იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზედაც ახლა ისაუბრეთ, ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ: საქართველო, ცხადია, მცირე ეკონომიკის მქონე პატარა ქვეყანაა, ანუ კაპიტალის ბაზრის განვითარების მასშტაბიც შეზღუდულია. ამ ყველაფრის ფონზე, როგორ შეუძლია საქართველოს საკუთარი ნიშის პოვნა? სხვა ქვეყნების მსგავს მაშტაბზე რომ ვერ გავალთ, გასაგებია, მაგრამ რა არის მიმართულება, რომელიც საქართველომ უნდა აირჩიოს, რათა ქვეყანაში არსებულმა კაპიტალის ბაზარმა ეკონომიკის ზრდას შეუწყოს ხელი?
ვფიქრობ, საქართველომ საკუთარი ნიშა უკვე იპოვა საერთაშორისო ინვესტორებს შორის და ეს პროცესი ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, როცა საქართველოს ხელისუფლებამ პირველი სუვერენული ბონდები გამოუშვა. არსებობენ ინვესტორები, რომელთაც საქართველოში არსებული ღია ბაზრის პოლიტიკა, გამჭვირვალობა, პროაქტიურობა, ინფორმაციის გაცვლა, კავშირების დამყარება, კონფერენციებში მონაწილეობა აინტერესებთ. საქართველო, გამჭვირვალე და ღია ბაზრადაა მიჩნეული, განსაკუთრებით რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ნდობის კუთხით, საქართველო ამაღლებული სტატუსით სარგებლობს ინვესტორებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ემისიების მოცულობის ზრდის დიდი შემაფერხებელი ფაქტორი - მასშტაბია. ამას კი, დრო სჭირდება და მნიშვნელოვანია, დრო გავიდეს და ახალი მსესხებლები ისე გაიზარდონ, რომ საერთაშორისო ემისიები განახორციელონ. მნიშვნელოვანია, საქართველოში იგივე პოლიტიკა გატარდეს, რაც მსგავს ქვეყნებში, ხოლო საქართველომ ურყევი კორპორაციული მმართველობის გზიდან არ გადაუხვიოს.
ბოლოს, ევროინტეგრაციაზე მინდა გკითხოთ. საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციას უახლოვდება. ეს, ცხადია, უახლოეს მომავალში ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ ეს მიმართულება აირჩია. თქვენი შეფასებით, რა გავლენას მოახდენს ეს ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, განსაკუთრებით ევროპული რეგულაციების დანერგვის კუთხით, რაც ახლაც ხდება, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო დაჩქარდება. და საერთოდ, რა გავლენას ახდენს ის ტრაექტორია, რომელიც საქართველომ აირჩია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისა და ეკონომიკის განვითარებაზე?
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა - ბაზრისთვის დადებითი სიგნალია. თუ ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე სვლას გააგრძელებს და შესაბამის რეფორმებს განახორციელებს, რასაც გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 90% უჭერს მხარს - ეს სავსებით მოსალოდნელია.
თუ ცენტრალური ევროპის იმ ქვეყნებს დააკვირდებით, რომელთაც ანალოგიური გზა გაიარეს, პროცესის დასრულებას და რეფორმების ჩატარებას, როგორც წესი, საშუალოდ, ექვსი-შვიდი წელი სჭირდება. ხორვატიის შემთხვევაში რვა წელი გავიდა, მაგრამ საშუალოდ, ექვსი წელი.
ალბათობა იმისა, რომ საქართველო ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანდეს - ლოგიკური იქნება. თუ ეს მოხდა და რეფორმების შედეგად ევროპულ ინსტიტუტებთან კონსოლიდირება შედგა, წესით ქვეყნის რეიტინგი უნდა გაიზარდოს და ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ნაკლებსავარაუდო არ არის, რომ საქართველომ საინვესტიციო ქულისკენ ნაბიჯი გადადგას და, სავარაუდოდ, მიიღოს კიდეც. არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, ინვესტორების რაოდენობა გაიზრდება, რამაც დაფინანსების ღირებულება უნდა შეამციროს, რაც, იმედი მაქვს, თავის წილ, ზრდას შეუწყობს ხელს, რაც მასშტაბს და მსესხებელთა რაოდენობას გაზრდის.
ბატონო სტეფან, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი მომდევნო საუბრისას, ემისიის მოცულობა გაზრდილი იქნება, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციისკენ დამატებითი ნაბიჯები ექნება გადადგმული. დიდი მადლობა!
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!