ბოლო წლებში, საქართველოს კაპიტალის ბაზრის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა, რაშიც დიდი წვლილი იმ ქართულ კორპორაციებს მიუძღვით, რომელთაც კორპორაციული ობლიგაციები გამოუშვეს. ზრდის ტენდენცია, სავარაუდოდ, მომდევნო წლებშიც დაჩქარდება, მით უფრო რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, რამაც, წესით და რიგით, საქართველოს და შესაბამისად, ქართული კომპანიების საინვესტიციო რეიტინგი უნდა გააუმჯობესოს. ამ ვექტორის გარდაუვალობაზე სახელმწიფოს მიერ გაცხადებული პოლიტიკაც მიუთითებს, რომლის თანახმად, საქართველო რეგიონულ ფინანსურ ჰაბად უნდა იქცეს.
რამდენად რეალურია ეს მიზანი, რომელიც ჩვენ, როგორც ქვეყანამ ავირჩიეთ? ამ კითხვით მსოფლიოს უდიდესი ბანკის, JPMorgan-ის მმართველ დირექტორს (CEEMEA), სტეფან ვაილერს მივმართეთ. ბანკირის შეფასებით, გარკვეული პარამეტრებით, ქართული კომპანიები და ბანკები საერთაშორისო ბაზრებს უფრო მეტად იყენებენ, ვიდრე რეგიონში არსებული სხვა ქვეყნები, მაგრამ საქართველოში არსებული მცირე ბაზარი ზრდაზე არც თუ ისე სახარბიელოდ მოქმედებს.
“ვფიქრობ, თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა ორნაირად შეიძლება. პირველი საერთაშორისო სავალო ფასიან ქაღალდებს უკავშირდება და თუ მას რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და 1.85 მილიარდს შეადგენს. უფრო დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ მოლდოვასა და ტაჯიკეთში ფიქსირდება. თუმცა თუ სახელმწიფოს, ანუ სუვერენულ ფასიან ქაღალდებს გამოაკლებთ და საქართველოს ეკონომიკასთან შეფარდებით, დაასკვნით, რომ ქართული კომპანიები და ბანკები საერთაშორისო ბაზრებს უფრო მეტად იყენებენ, ვიდრე რეგიონში არსებული სხვა ქვეყნები.
ჩემი ეს პასუხი, ცხადია, შედარებითია, რადგან საერთაშორისო ბაზრისთვის, მასშტაბი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საქართველოსნაირ ბაზარს შეხედავთ, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ახლა დაახლოებით $30 მილიარდს შეადგენს, იმ ემიტენტების რაოდენობა, რომელთაც 300-500 მილიონი დოლარის ან ევროს მოცულობის ტრანზაქციების განხორციელება შეუძლიათ, ლიმიტირებულია. თუ, მაგალითად, რუსეთსა და უკრაინაში ომამდე მდგომარეობას დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკები გაცილებით უფრო დიდია, ანუ იქ უფრო მეტი მსესხებელია, ხოლო ბაზარი - მასშტაბურია. ფარდობითად თუ ვისაუბრებთ, ანუ ეკონომიკის ზომასთან შედარებით, საქართველოს შესანიშნავი შედეგი აქვს”, - განაცხადა სტეფან ვაილერმა BMG-სთან.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი $30 მილიარდის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს, საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების მასშტაბი - შეზღუდულია. შედეგად, ისმის კითხვა, თუ რა ნიშა უნდა აირჩიოს ჩვენმა ქვეყანამ განვითარებისთვის? როგორც სტეფან ვაილერი აღნიშნული კითხვის საპასუხოდ ამბობს, საქართველო გამჭვირვალე და ღია ბაზრადაა მიჩნეული და საკუთარი ნიშა, გარკვეულწილად, ჯერ კიდევ 2007 წელს იპოვა, როცა ხელისუფლებამ პირველი სუვერენული ბონდები გამოუშვა.
“ვფიქრობ, საქართველომ საკუთარი ნიშა უკვე იპოვა საერთაშორისო ინვესტორებს შორის და ეს პროცესი ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, როცა საქართველოს ხელისუფლებამ პირველი სუვერენული ბონდები გამოუშვა. არსებობენ ინვესტორები, რომელთაც საქართველოში არსებული ღია ბაზრის პოლიტიკა, გამჭვირვალობა, პროაქტიურობა, ინფორმაციის გაცვლა, კავშირების დამყარება, კონფერენციებში მონაწილეობა აინტერესებთ. საქართველო, გამჭვირვალე და ღია ბაზრადაა მიჩნეული, განსაკუთრებით რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ნდობის კუთხით, საქართველო ამაღლებული სტატუსით სარგებლობს ინვესტორებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ემისიების მოცულობის ზრდის დიდი შემაფერხებელი ფაქტორი - მასშტაბია. ამას კი, დრო სჭირდება და მნიშვნელოვანია, დრო გავიდეს და ახალი მსესხებლები ისე გაიზარდონ, რომ საერთაშორისო ემისიები განახორციელონ. მნიშვნელოვანია, საქართველოში იგივე პოლიტიკა გატარდეს, რაც მსგავს ქვეყნებში, ხოლო საქართველომ ურყევი კორპორაციული მმართველობის გზიდან არ გადაუხვიოს”, - განაცხადა JPMorgan-ის რეგიონულმა მმართველმა დირექტორმა BMG-სთან.
მსოფლიოს უდიდესი ბანკის წარმომადგენელს, ცხადია, იმ რისკებზეც ვესაუბრეთ, რომლებიც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას აფერხებს. ამ მხრივ, სტეფან ვაილერმა სამი მიმართულება დაასახელა, ესენია - მცირე ბაზარი, ფინანსური აქტივების არალიკვიდურობა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობა.
“ვფიქრობ, ინვესტორები მასშტაბს დააკვირდებიან - ეს მცირე ზომის ბაზარია და საერთაშორისო ემისიების ისტორიაში საქართველოდან მხოლოდ რვა მსესხებელი იყო. ეს მცირე ბაზარია და ინვესტორებს რესურსების გამოყოფა დასჭირდებათ, მის განვითარებას რომ მიჰყვნენ.
ეს ერთი მიმართულებაა, ხოლო მეორე, ჩემ მიერ მანამდე ნახსენებ დეტალს უკავშირდება, რომ ემისიების მოცულობა, შეზღუდული და შესაბამისად, არალიკვიდურია. ზოგიერთი ინვესტორისთვის, უფრო ზუსტად კი, ბევრი ინვესტორისთვის, ლიკვიდურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვის კუთხით, ეს დაბრკოლებაა.
მესამე ფაქტორი კი ისაა, რომ თქვენ გეოპოლიტიკურად ცხელ წერტილში ხართ. სხვა ქვეყნებშიც, ისევე, როგორც 2008 წელს საქართველოში შეიქმნა პრეცედენტები, როცა გეოპოლიტიკამ, უეცრად, ქვეყნის რისკის პროფილი შეცვალა. ეს არის დეტალი, რომელსაც ინვესტორები ყოველთვის აკვირდებიან და ამ მხრივ თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ”, - განაცხადა სტეფან ვაილერმა BMG-სთან საუბრისას.