მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდს შეუძლია კაპიტალის ბაზრის ზრდა დააჩქაროს - JPMorgan

სტეფან ვაილერი

საქართველოს კაპიტალის ბაზარი წლიდან წლამდე ვითარდება, მაგრამ ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანი ზრდა, უმეტესწილად, სავალო კაპიტალის ბაზრის მიმართულებით ფიქსირდება. გასულ წელს, სასესხო კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი გაორმაგდა და 2.1 მილიარდ ლარს მიაღწია, მაგრამ ოპტიმისტური პროგნოზი ექსპერტებს მომდევნო წლებთან დაკავშირებითაც აქვთ. როგორც მსოფლიოს უდიდესი ბანკის, JPMorgan-ის მმართველმა დირექტორმა, სტეფან ვაილერმა BMG-სთან საუბრისას განაცხადა, ქართული ფასიანი ქაღალდების კაპიტალიზაცია დროსთან ერთად გაიზრდება, ხოლო ამ ზრდის წახალისება საქართველოს საპენსიო სააგენტოს შეუძლია.

“ბოლო დროს, ადგილობრივი ემისიების კუთხით ზრდას ვხედავთ. ჩვენ, ანუ JPMorgan-ი, ამ პროცესში პირდაპირ ჩართულები არ ვართ - ჩვენი ღირებულება ადგილობრივი მსესხებლებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაკავშირებაში მდგომარეობს. ადგილობრივ ემიტენტებს ადგილობრივ ვალუტაში საერთაშორისო ობლიგაციების განთავსების შესახებ ვესაუბრებით. ეს იმ მსესხებლებს ეხებათ, რომელთა მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მიწოდებას აღემატება. ვიცი, რომ ადგილობრივი ბაზრის მიმზიდველობის გასაზრდელად და რეგიონში ფინანსური ჰაბის შესაქმნელად ბევრი რეფორმა ჩატარდა. ეს, როგორც ვხვდები, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიზანია.

ვფიქრობ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ერთ-ერთი პოტენციურ კატალიზატორად, შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარზე საპენსიო ფონდის ჩართულობა იქცეს. ვიცი, რომ ფონდი დიდი მოცულობის აქტივებს მართავს, საუბარია დაახლოებით 4.5 მილიარდზე, მაგრამ ბაზარში მისი ჩართულობა შეზღუდული იყო. რეგიონის სხვა ქვეყნებს, ბაზრებსა და იურისდიქციებს რომ ვუყურებთ, ვხედავთ, რომ საპენსიო ფონდის რეფორმა, ხშირად, კაპიტალის ბაზრის განვითარებას აჩქარებს. არის შესაძლებლობა, რომლის შესრულება საპენსიო ფონდს შეუძლია, მაგრამ, ცხადია, არსებობს სხვა გზები, რომელთა მიღებით, ბაზარი, შესაძლოა, უფრო მიმზიდველად იქცეს ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რადგან ლიკვიდური ბაზარი - საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობას მოიაზრებს”, - განაცხადა სტეფან ვაილერმა BMG-სთან საუბრისას.

მსოფლიოს უდიდესი ბანკის რეგიონულმა მმართველმა დირექტორმა კაპიტალის ბაზრის განვითარების სხვა კატალიზატორებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ინვესტორებს ადგილობრივ ბაზარზე წვდომა უნდა გაუმარტივდეთ.

“კიდევ ერთი კატალიზატორი ის იქნება, საერთაშორისო ინვესტორებს ადგილობრივ ბაზარზე წვდომა თუ გაუმარტივდებათ. როგორც ვხვდები, ადგილობრივ ბაზარში მონაწილეობისთვის, ამჟამად, ადგილობრივ ბანკში ანგარიშის ქონა არის აუცილებელი, რაც, გარკვეულწილად, დაბრკოლებაა, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელი არ არის. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ინვესტორები ამ ვითარებას მათი ინტერესის სფეროში შემავალ სხვა ბაზრებს ადარებენ. ხელისუფლებამ, შესაძლოა, ამ გზით საერთაშორისო ინვესტორებს ბაზარზე წვდომა გაუმარტივონ”, - განაცხადა JPMorgan-ის რეგიონულმა მმართველმა დირექტორმა BMG-სთან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები