მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რაც უფრო მეტი გაქვს დასაკარგი, მით მეტად გეშინია" - რატომ დუმს ბიზნესი|ფსიქოლოგის მოსაზრება

ელენე ჯაფარიძე

"რაც უფრო მეტი გაქვს დასაკარგი, მით მეტად გეშინია" - ასე უპასუხა ფსიქოლოგმა ელენე ჯაფარიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ჟურნალისტის კითხვას - რატომ ირჩევს ბიზნესი „ნეიტრალიტეტს“ პოლიტიკური კრიზისის დროს, როცა სასწორზე საქართველოს ევროინტეგრაცია დევს.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ზოგადად, დუმილი შიშთან არის დაკავშირებული და ხშირად, ეს შიში პასუხისმგებლობის ტვირთით არის ნაკარნახევი.

მისივე თქმით, შიშის არსებობა ბუნებრივია, თუმცა მთავარი საკითხია, შიში ადამიანს აიძულებს გაჩუმდეს თუ მის მიუხედავად, ის ცდილობს დაიცვას მისთვის მთავარი ღირებულება.

ამასთან, ელენე ჯაფარიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბიზნესის წარმომადგენლები, განსაკუთრებით დიდი კომპანიების მმართველები, მარტო საკუთარ თავს არ ეკუთვნიან - მათზე დიდი პასუხისმგებლობაა და შესაძლოა, ბიზნესმენებს ჰქონდეთ არ მხოლოდ პირადი სასჯელის შიში, არამედ შიში იმისა, რომ შენ გამო, შენზე დამოკიდებული უამრავი ადამიანი დაისჯება.

„ვფიქრობ, ზოგადად, დუმილის მიღმა ყოველთვის შიში დგას და რაც უფრო მეტი გაქვს კონკრეტულად დასაკარგი, მით უფრო მეტად გეშინია. დასაკარგში არ ვგულისხმობ ღირებულებათა სისტემას; როცა შენ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ, რომელიც შენს პირად ღირებულებათა სისტემაზე ხარ ორიენტირებული და მხოლოდ და მხოლოდ შენს ღირებულებათა სისტემას ვერ დათმობ და სხვა დანარჩენი შეგიძლია დათმო, იმიტომ რომ აი, ეს გქმნის შენ შენად, ხო?! მანდ შიშთან გამკლავება და შიშთან ბრძოლა მიდის. შიში ყველას აქვს - იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ვიღაცას შიში აქვს, ვიღაცას - არა, აქ ვსაუბრობთ იმაზე, შიში რას მიშვრება მე - მადუმებს, თუ პირიქით, შიშის მიუხედავად, ვცდილობ, ჩემთვის მთავარი ღირებულება დავიცვა...

მგონია, რომ ადამიანები, რომლებიც მით უმეტეს წლების განმავლობაში აშენებენ ბიზნესს, მარტო თავის თავს არ ეკუთვნიან... დიდი კომპანიის მმართველი რომ ვიყო, რომელიც 1000-2000 ადამიანს ასაქმებს და ჩემმა ერთმა განცხადებამ, როგორი სწორიც არ უნდა მიმაჩნდეს და როგორი ღირსების მომენტიც არ უნდა მქონდეს, [შეიძლება], 2000 ადამიანს დააკარგვინოს ყოველდღიური ლუკმა-პური - ეს ძალიან დიდი შანტაჟია და არაა მარტივი“, - ამბობს ფსიქოლოგი.

რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? - "ერთმანეთის მიუღებლობა, ერთმანეთის ზიზღი და ერთმანეთის გამწარება უნდა დავასრულოთ“ - აცხადებს ელენე ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები