საქართველოში 10 ტურისტული ლოკაციის განვითარებისთვის ბიუჯეტში 200 მლნ ლარია გათვალისწინებული. კურორტების განვითარების ახალი პროგრამის განხორციელების შესახებ პრემიერ-მინისტრმა განცხადებების გაკეთება გასულ წელს დაიწყო, ცოტა ხანში კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სსიპ-ი კურორტების განვითარების სააგენტოც გაჩნდა. რომელ კურორტებზე გაკეთდება აქცენტი და კონკრეტულად რა სახის განახლებაზეა საუბარი - ამაზე მთავრობაში ჯერ არ საუბრობენ, თუმცა როგორც პრემიერმა დააანონსა კურორტების განვითარების პროგრამის საზოგადოებისთვის წარდგენას მიმდინარე წელს აპირებენ. მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანია, რის გამოც მომავალი წლიდან თანხის ნაწილი ახალი ლოკაციების, ნაწილი კი არსებულის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.
რომელი კურორტების განვითარებაა დაგეგმილი 2023 წელს და რაზე დაიხარჯება 200 მლნ ლარი - „რედაქტ2“-ის ამ კითხვებს ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უპასუხა.
მისი თქმით, თავდაპირველად ეს ცნობილი კურორტები იქნება, სადაც განვითარების კუთხით დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი. დავითაშვილს მაგალითად ბორჯომისა და ბაკურიანის კურორტები მოჰყავს, რომელთა განვითარება ერთიანი ხედვით იგეგმება.
„პირველი 10 ტურისტული ლოკაცია უკვე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილებია, რომლის იერსახის შეცვლა და გაუმჯობესება უნდა მოხდეს. ჩვენ სრულიად ახალი ლოკაციების გაჩენაზე არ ვსაუბრობთ. აქაც ხშირ შემთხვევაში აღქმები შესაბამისი არ არის; რადგან ტურიზმი ძალიან სპეციფიური სექტორია და თავისი ნიუანსები გააჩნია. იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა ლოკაცია ვავითაროთ უმჯობესია, რომ პოპულარულ ადგილებში სათანადო ინფრასტრუქტურა, მოწესრიგებული და მიმზიდველი გარემო შევქმნათ და ის შესაძლებლობები, რომელიც გააჩნია ავითვისოთ და გამოვიყენოთ. ამიტომ საუბარი გვაქვს ისეთ ტურისტული დანიშნულების ადგილებზე, როგორიც ბორჯომ-ბაკურიანია. გვქონდა ბაკურიანის გენგეგმა, მაგრამ ბორჯომ-ბაკურიანის და მთელი ხეობის ტურისტულად გააზრება და გაუმჯობესება, ასეთი რამ არ იყო. ასეთია ევროპული მიდგომაც, რომ მთლიანი ხეობების და არეალების ერთმანეთთან დაკავშირება მოხდეს და ამით ბორჯომისა და ბაკურიანისთვის დამატებითი სარგებელი გაჩნდეს“, - განმარტა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ბიუჯეტში გაწერილი 200 მლნ ლარი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და კურორტების მიმზიდველი იერსახის შექმნაზე იქნება მიმართული.
„200 მლნ ლარი დაიხარჯება არამხოლოდ საჯარო ინფრასტრუქტურისთვის, არამედ ფასადების და ვიზუალური მხარის გაუმჯობესებაზე. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ ძალიან ბევრ ადგილას უკეთეს იერსახეს ვისურვებდით. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ტურიზმიდან მეტი შემოსავალი უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა, ასეთ ტურისტებს უფრო მეტი პრეტენზია ექნებათ და ამიტომ უფრო კარგი გარემო და მიმზიდველი იერსახე უნდა შევქმნათ. 200 მლნ ლარის ნაწილი დაიხარჯება ამ იერსახის, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გზების მოწესრიგებაზე, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, საბაგირო კავშირებსა და სხვა საკითხებზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ უკვე არსებულ ტურისტულ ლოკაციებთან ერთად სახელმწიფო ახალი მიმართულებების განვითარებაზეც იმუშავებს.