"ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთის ქალაქ ავაზაში, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების მხარდამჭერ გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. 6-წუთიან განცხადებაში კობახიძემ ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის ბიზნესკლიმატსა და იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რასაც საქართველო ყველა მხრიდან ხმელეთით შემოსაზღვრულ ქვეყნებს სთავაზობს.
მისი თქმით, საქართველო დღეს უკვე თანამშრომლობს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას, რომლებსაც, სხვადასხვა სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, 2.2 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე უხსნის წვდომას.
"ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო, ისტორიულად წარმოადგენდა ბუნებრივ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად გვაქცევს, რომელიც კონტინენტებს აერთიანებს და ბაზრებს აკავშირებს.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ამჟამად 2.2 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე გვაქვს", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მიზანია, იქცეს მრავალფუნქციურ ჰაბად, რაც ქვეყანას დამატებით ღირებულებას შესძენს და სწორედ ამ მიზნის მხარდასაჭერად სრულდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.
საქართველოს ხედვა არის ნათელი: არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ — ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი — კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი. ჰაბი, რომელიც დამატებით ღირებულებას წარმოადგენს მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე. ეს გულისხმობს შესაძლებლობების განვითარებას სასაწყობო მეურნეობებში, გადამმუშავებელ საწარმოებში, ამწყობ საამქრეობსა და რეალიზაციის ქსელში, რაც საქართველოს უბრალო სატრანზიტო ქვეყნიდან აქცევს რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის განუყოფელ ნაწილად.ეს მიდგომა ქმნის სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოფს ხელშესახებ სარგებელს ზღვაზე გასასვლელის არმქონე პარტნიორებისთვის — ეს არის ურთიერთმოგებიანი მოდელი, სადაც ეფექტიანობის ზრდა სარგებელს აძლევს რეგიონული ვაჭრობის ეკოსისტემის ყველა მონაწილეს.
მრავალფუნქციურ და მრავალ მიმართულებიან ჰაბად ქცევის ჩვენეული ხედვა მხარდაჭერილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც განაპირობებენ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის ზრდას. მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მშრალი პორტები — ყველა ეს პროექტი აძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ როლს აზიასა და ევროპას შორის მდებარე შუა დერეფანში", - განაცხადა "ოცნების" პრემიერმა.
კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ძალისხმევა, ტრანზიტულ ჰაბად იქცეს, უკვე მსოფლიო დონეზეა აღიარებული, რასაც ადასტურებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის სრული მზაობის მქონე“ ქვეყნების შეფასება, რომელშიც, მისი თქმით, საქართველო სამ წამყვან ქვეყანას შორის მოიაზრება. კობახიძის თქმით, აღიარებულია ქვეყნის ბიზნესგარემო თავისი საგადასახადო შეღავათებითა და სამართლის უზენაესობით.




























