საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მონაწილეობისას ისაუბრებს საქართველოზე, რომელიც ევროპისთვის აღმოსავლეთის მიმართულებით ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ რჩება და მზაობაზე ამ თემაზე ევროპელ პარტნიორებს ესაუბროს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოს როლი არის ამ კუთხით საკვანძო, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, გადაიკეტა აღმოსავლეთის მიმართულებით გზები მას შემდეგ, რაც რუსეთი არის იზოლირებული ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპის დანარჩენი სივრციდან და მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და, ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში, გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიიღებს მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
„ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში. გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში და ამ ფორმატს ვიყენებთ ხოლმე ასევე ორმხრივი შეხვედრებისთვის, ლიდერებთან გასაუბრებისთვის. ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც“, - განაცხადა პრემიერმა.
























