მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ "მშვიდობისა და ნდობის" ფორუმზე, რომელსაც პუტინიც ესწრება?

ირაკლი კობახიძე

მშვიდობა ოკუპაციის პირობებში, საქართველოს როლი რეგიონულ სტაბილურობაში, საქართველოს ეკონომიკური მდგრადობა, „ნდობის შუა დერეფანი“ - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზედაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, თურქმენეთში საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ - სიტყვით გამოსვლისას გაამახვილა ყურადღება.

ყოველწლიური ფორუმი თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარეობს და მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფი, ასევე ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ქაზიმ-ჯომართ თოყაევი და სხვა ქვეყნების ლიდერები ესწრებიან.

ფორუმის პლენარულ სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ პირველ რიგში მშვიდობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს 2 ოკუპირებული რეგიონის პირობებში, ქვეყნის ხელისუფლება მშვიდობას პოლიტიკურ და ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს. „ოცნების“ პრემიერმა ასევე მშვიდობის მდგრადი მომავლის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის ნაწილში შუა დერეფნის სანდოობაზე გაამახვილა ყურადღება.

  • მშვიდობა ოკუპაციის პირობებში, როგორც პოლიტიკური და ეგზისტენციალური პრიორიტეტი

„ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს ეძღვნება. ის თურქმენეთის ინიციატივით დააწესა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქმენეთის მთავრობას დიალოგის, თანამშრომლობისა და კონსტრუქციული ჩართულობის ხელშეწყობისადმი ურყევი ერთგულებისთვის, როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.

ჩვენი სესიის თემაა „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“. ის ზედმიწევნით ეხმიანება საქართველოს ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული - შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებითა და ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს“.

  • საქართველოს როლი რეგიონულ სტაბილურობაში

“ვხელმძღვანელობთ მშვიდობიანი პოლიტიკის მკაფიო ორიენტირით და ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში. წამოვიწყეთ და ხელი შევუწყვეთ დისკუსიებს, რითაც ვადასტურებთ ერთგულებას მეტად სტაბილური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული რეგიონული გარემოს ხელშეწყობისადმი. საქართველო კვლავაც სრულად ერთგულია პარტნიორებთან თანამშრომლობის იდეისადმი, რათა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის იდეალები კონკრეტულ და ხანგრძლივ პროგრესად გარდაიქმნას. გვჯერა, მდგრადი მომავალი მოითხოვს როგორც დიალოგს, ისევე ქმედებას და რომ ჩვენი საერთო მიზნები ერთობლივ ძალისხმევას ეფუძნება. ერთად ჩვენ შეგვიძლია მეტად უსაფრთხო, სტაბილური და მდგრადი მომავლის შექმნა მომავალი თაობებისთვის“.

  • საქართველოს ეკონომიკური მდგრადობა

„ვხელმძღვანელობთ მდგრადი მშვიდობის მკაფიო ხედვით; ქვეყანა სტაბილურად აგრძელებს განვითარებას და ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, აღწევს შთამბეჭდავ ზრდას და ავლენს განსაკუთრებულ ეკონომიკურ მდგრადობას. ეს მიღწევები პირდაპირ ასახავს მთავრობის სახელმძღვანელო სტრატეგიას: მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, ხოლო პროგნოზირებადობა, თავის მხრივ ქმნის საფუძველს მდგრადი ეკონომიკისთვის.

საქართველომ ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდის სტაბილური ტენდენცია. 2021-2024 წლებში საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი - საშუალოდ 9.8% - დააფიქსირა მსოფლიოში. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) აშშ დოლარში გაორმაგდა და მეტადაც გაიზარდა 2020 წელთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რასაც მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შეფასებები ადასტურებს“.

  • ნდობის შუა დერეფანი

დადებითი ეკონომიკური იმპულსის გათვალისწინებით, საქართველო არის რეგიონული თანამშრომლობის აქტიური ხელშემწყობი, რომელიც რეგიონში ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს აშენებს. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ის შექმნილია არა მხოლოდ ვაჭრობის ხელშეწყობის, არამედ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების - ერებს შორის ნდობის ყველაზე მდგრადი საფუძვლის - გასაძლიერებლად. მართლაც, შუა დერეფანი მეტია, ვიდრე სატრანსპორტო მარშრუტი! ეს არის ნდობის დერეფანი, რომელიც ადამიანებს, ბიზნესებსა და კულტურებს აკავშირებს მთელი კონტინენტის მასშტაბით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები